მენტალურ ჯანმრთელობაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თერაპიებზეც და რჩევებზეც, მაგრამ ახლა თქვენთვის სულ სხვა ამბავი გვაქვს — რევოლუციური მნიშვნელობის სიახლეზე უნდა მოგიყვეთ. მკვლევრებმა შუბლის უსადენო ელექტრო ტატუ შექმნეს, რომელიც ტვინის აქტივობას აკვირდება და მენტალური გამოფიტვის მაჩვენებელს განსაზღვრავს.
ამგვარად, შესაძლოა, ერთ დღესაც ულტრათხელი, კანისთვის შესაფერისი მოწყობილობა დაგვეხმაროს გადაღლის თავიდან არიდებაში. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა პროფესიაც მაღალი რისკების შემცველია, იქნება ეს სატვირთო მანქანის მართვა თუ საჰაერო მოძრაობის კონტროლი, ანუ სფეროები, რომლებშიც გონებრივმა გამოფიტვამ სერიოზული შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს.
კვლევა ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინრებს ეკუთვნით, მათი მიზანი კი მენტალური დატვირთვის მონიტორინგისთვის არსებული სუბიექტური და შრომატევადი მეთოდების ჩანაცვლებაა მარტივი, ტარებადი ხელსაწყოთი, რომელიც ტვინის ტალღებს რეალურ დროში კითხულობს.
„ტექნოლოგიები ადამიანის ევოლუციას უსწრებს. ჩვენი ტვინი კი ვერ ეწევა ამ ტემპს და, შესაძლოა, მარტივად გადაიტვირთოს. ოპტიმალური შედეგებისთვის ოპტიმალური გონებრივი დატვირთვა არსებობს, ეს მაჩვენებელი კი ადამიანიდან ადამიანამდე განსხვავებულია“, — ამბობს ნანშუ ლუ, მკვლევარი.
ახალი ტარებადი ტატუ იმისთვისაა შექმნილი, რომ ტვინიდან მიღებული ელექტრო სიგნალები და თვალის მოძრაობები გაზომოს. ამ უკანასკნელს კი ელექტროენცეფალოგრაფიისა (EEG) და ელექტროოკულოგრაფიის (EOG) გამოყენებით გააკეთებს. განსხვავებით EEG ყურსასმენებისგან, რომლებიც მოცულობითი და გელით დაფარულია, ელექტრონული ტატუ შუბლზე კომფორტულად, სტიკერის მსგავსად, ეკვრის.
მოქნილი, ტალღოვანი სქემით კი სახის ინდივიდუალურ კონტურებს ერგება, რაც სიგნალის კარგ ხარისხს უზრუნველყოფს. ეს იდეალური ვარიანტია: მანამდე არსებული მოწყობილობები კი ტვინის ყველა რეგიონისთვის განკუთვნილი სენსორებით გამოირჩევა, მაგრამ კარგ სიგნალებს მაინც ვერ აწვდის, რადგან ადამიანების თავის ფორმა ინდივიდუალურია… აქ კი „მონაწილეთა სახის ნაკვთები იზომება, რათა შექმნან პერსონალიზებული ელექტრო ტატუ სენსორების სწორი განლაგებისა და სენსორების ზუსტად მიღებისთვის“.
ტესტირების დროს 6 მონაწილეს გონებრივი სავარჯიშოები მისცეს, რომლებიც უფრო და უფრო რთულდებოდა. რაც უფრო იზრდებოდა კოგნიტიური მოთხოვნა, მკვლევრები მით უფრო კარგად იკვლევდნენ ტვინის აქტივობის პროგნოზირებად ცვლილებებს — მზარდი ძალისხმევის ნიშნად, თეტა და დელტა ტალღები გაიზარდა, ხოლო ალფა და ბეტა ტალღები შემცირდა, რაც მენტალური გამოფიტვის ზრდაზე მიანიშნებს.
კიდევ უფრო საოცარი ამ ამბავში ის იყო, რომ ელექტრო ტატუ მხოლოდ კი არ ადგენდა დაძაბულობის წყაროს, არამედ წინასწარ პროგნოზს გვთავაზობდა. აი, ეს უკანასკნელი კი ტვინის ტალღების მონაცემების მანქანური სწავლების მოდელში შეყვანით გახდა შესაძლებელი. ამგვარად, რეალურ დროში გამაფრთხილებელი შეტყობინების მიღებაც მოხერხდა მაშინ, როცა ადამიანის ტვინი კოგნიტიურ ზღვარს უახლოვდებოდა.
ფასიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ — თუ ტრადიციული EGG სისტემების ღირებულება 15 000 დოლარამდე ადის, ელექტრო ტატუ 200 დოლარი დაგიჯდებათ, რასაც ერთჯერადი სენსორის 20 დოლარი ემატება. ხელმისაწვდომობის გამო კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მალე მას სახლებსა და სამუშაო სივრცეებში ვიხილავთ.