საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად ახალი პროგრამა იწყება. პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. მთავარი მიზანია ელექტრონული ნარჩენების მართვის ხელშეწყობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემაში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტი დაეხმარება საქართველოს ელექტრონული ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლებაში, ელექტრონული ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს, კერძო სექტორსაც, მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში.
„UNDP-ის მონაცემებით, საქართველოში, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა – 2016 წელს ბაზრის მოცულობამ 14.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2027 წლისათვის, სავარაუდოდ, 52ათას ტონამდე გაიზრდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო 4-ჯერ ნაკლებ ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარს – ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოში, 4.6 კგ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა მოდის. ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 18.7 კგ-ია. მიუხედავად ამისა, საქართველო უკვე დადგა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის თანამედროვე კონცეფციის დანერგვის აუცილებლობის წინაშე“.