ბათუმი მასპინძლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პოკერის ტურნირს – EAPT Batumi 2025, რომელსაც 1 მილიონი დოლარის საპრიზო ფონდი აქვს გამარჯვებულისთვის. სხვადასხვა ქვეყანაში ტურნირი 2,000-ზე მეტ მონაწილესა და დაახლოებით 5,000 ვიზიტორს იზიდავს. ეს კი, ორგანიზატორების თქმით, ქმნის შესაძლებლობას აჭარის რეგიონისთვის, დაიმკვიდროს თავი არა მხოლოდ როგორც ზაფხულის სეზონურმა კურორტმა, არამედ წლის განმავლობაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ცენტრად იქცეს. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასეზონზე, როდესაც რეგიონში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად მცირდება. EAPT Batumi 2025-ის ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საერთაშორისო პოპულარიზაციაში და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაში. რა შესაძლებლობებს ქმნის ტურნირის რეგიონისთვის? დეტალებზე ECLIPSE-ის დირექტორი, ლევან ქორქაშვილი საუბრობს.
M: რა კრიტერიუმებით შეირჩა ბათუმი EAPT 2025-ის მასპინძელ ქალაქად და რა მოლოდინები გაქვთ ღონისძიებისგან?
ბათუმი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზატორების, ECLIPSE POKER CLUB-ის ინიციატივით შეირჩა. ამგვარი ტურნირები უდიდეს პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნებისა და ტურისტული რეგიონების ეკონომიკაზე, რადგან დაბალ სეზონზე ათასობით მაღალშემოსავლიან სტუმარს იზიდავს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ აპრილში ჩატარებულმა EAPT 2025-მა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ჩამოსული იყო 1000-ზე მეტი სტუმარი 27 ქვეყნიდან. ბევრმა მათგანმა პირველად გაიცნო საქართველო. იმედი მაქვს, კმაყოფილნი დარჩნენ და კიდევ არაერთხელ გვესტუმრებიან.
M: რა გამოწვევებს წააწყდით ტურნირის ორგანიზების პროცესში და როგორ გადაჭერით ისინი?
მთავარი გამოწვევაა ის, რომ ტურნირში (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) მიღებული მოგება, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით – 20%-თ. შესაბამისად, ნებისმიერი საპრიზო თანხა, რომელიც გაიცემა ტურნირის საპრიზო ფონდის სახით, ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. სამწუხაროდ, ასეთი მაღალი გადასახადების გამო, ამგვარი ტურნირების ჩატარება საქართველოში არ ხდებოდა და სისტემატურად ვერ მოხერხდება.
ასევე, ბათუმის შემთხვევაში, პრობლემურია ლოგისტიკის ნაწილი, რადგან არ არის საკმარისი რაოდენობის ფრენები.
პრობლემების გადასაჭრელად გვიწევს მონაწილეთა გადასახადების ნაწილობრივი დაფინანსება და ფრენების სუბსიდირება. რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
M: რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პოკერის პოპულარიზაცია რეგიონში?
აჭარის რეგიონი გამოირჩევა მოკლე სეზონით, რაც იწვევს კურორტების სრულ გადატვირთვას და პარალიზებას ზაფხულის კონკრეტულ თვეებში. საერთაშორისო გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ასეთი კურორტების განვითარება ხდება ორი მიმართულებით – დაბალ სეზონზე ვიზიტორების მოზიდვა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარება. სწორედ ამ ორი პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზა არის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ საშუალო და გრძელვადიან შედეგებს. მაგალითისთვის, მოცემული ტურნირი შუქდება საერთაშორისო პლატფორმებზე, რომლებიც ფარავს ათობით მილიონ აქტიურ მაყურებელს. ტურნირების მეშვეობით, პოპულარიზაცია მიმდინარეობს ქვეყნის ისეთ სეგმენტში, რომელიც პოტენციური ვიზიტორი და ხშირ შემთხვევაში, ინვესტორია.
რაც შეეხება საგადასახადო ხარჯებს, არის ქვეყნები, სადაც მსგავსი ტურნირების საგადასახადო ბეგარა არის დაბალი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის.
M: როგორ ხედავთ ამ ტურნირის გავლენას საქართველოს პოკერის პოპულარიზაციაზე?
უპირველესად აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის სამყაროში პოკერის საერთაშორისო ტურნირი უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და აზარტული თამაშების ყველა მოყვარულს აინტერესებს. შესაბამისად, ის ადგილები სადაც პოკერის საერთაშორისო ტურნირები ტარდება განსაკუთრებით პოპულარულია თამაშობის მოყვარულებში.
მსოფლიოში პოკერის ტურნირების გამართვით გამორჩეულია სხვადასხვა აზარტული თამაშობებით ცნობილი ქალაქი თუ ქვეყანა, სადაც წლის განმავლობაში ათეულობით ტურნირი ტარდება და მათში მონაწილეობის მისაღებად და ტურნირის საყურებლად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ხოლო სხვა ქვეყნებში, სადაც ტურნირების დაბეგვრის რეჟიმები მოქმედებს, ტურნირები საერთოდ არ ტარდება, მათი კომერციული არაეფექტურობის გამო.
უმეტეს ქვეყნებში, სადაც აზარტული თამაშები ლეგალიზებულია ამგვარი ტურნირების საპრიზო ფონდი საერთოდ ნულოვანი განაკვეთით იბეგრება. არის ქვეყნები, სადაც განაკვეთი 5%-ს შეადგენს. ასეთი საგადასახადო შეღავათები დაწესდა ზუსტად იმისათვის, რომ ორგანიზატორებმა ეფექტურად და მომგებიანად შეძლონ საერთაშორისო ტურნირების სტაბილურად ჩატარება, რაც გაცილებით მეტი ფისკალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია ქვეყნების ბიუჯეტისთვის.
M: როგორია ადგილობრივი კომპანიების ჩართულობა და რით არის ეს მათთვის საინტერესო?
აღსანიშნავია გავლენა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამგვარი ღონისძიებების ჩატარება საგრძნობლად ზრდის მათ ბრუნვებს ამ პერიოდში.
ტურნირის პერიოდში ბათუმი უმასპინძლებს რამდენიმე ათას ვიზიტორს (მოთამაშე, მაყურებელი, გულშემატკივარი, სხვა), რომლებიც მინიმუმ 10 დღით დარჩებიან აჭარაში. ეს არის მაღალშემოსავლიანი ტურისტი, რომელიც აქტიურად ხარჯავს სახსრებს სასტუმროებში, რესტორნებში, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებებში. ამით საკმაოდ დიდი ეკონომიკური სარგებელი აქვს რეგიონულ ბიზნესებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დადებით ფისკალურ ეფექტს სახელმწიფოსთვის – ბიზნესაქტივობიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლის სახით.
M: სამომავლოდ, თუ იგეგმება ამ ტიპის ღონისძიებების რეგულარული ჩატარება საქართველოში?
როგორც აღვნიშნე, დაბეგვრის რეჟიმის საგადასახადო წნეხი მნიშვნელოვნად ზრდის ტურნირის ორგანიზატორის ფინანსურ ხარჯებს, რის გამოც ტურნირის გამართვა არსებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში ძალიან არაპრაქტიკული და წამგებიანია. შესაბამისად, დღეისათვის არსებული მაღალი ინტერესისა და სურვილის მიუხედავად, საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები, კერძოდ კი პოკერში პრაქტიკულად არ ტარდება.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას ამ მიმართულებით, საქართველოს გააჩნია სრული პოტენციალი, ამგვარი მასშტაბის ღონისძიებების რეგულარული ჩატარებისთვის.
[R]