წელს პირველად, ევრაზიის პოკერის ტურს (EAPT), საქართველო უმასპინძლებს. ღონისძიება 7 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. ეს ტურნირი 2013 წელს დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას 1000-ამდე მოთამაშე იღებს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. საპრიზო ფონდი კი 350 000$-ს შეადგენს. მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალები, ისე პოკერის მოყვარულები.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტული პოკერის ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს პოკერის, როგორც სპორტის და ინტელექტუალური თამაშის განვითარებას. ასოციაცია სისტემატურად უწევს ორგანიზებას ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირებს, ასევე, აქტიურად მუშაობს პოკერის კულტურის განვითარებაზე რეგიონში.
საერთაშორისო ტურნირს ბათუმში ეკლიფს პოკერ კლუბი მასპინძლობს, რომელიც საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი კაზინო ეკლიფსის ბაზაზე შეიქმნა.
საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 350 000$-ს შეადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული პოკერის მოთამაშეები იღებენ.
ტურნირის შესახებ დეტალურად კი eclips enterteinment group-ის გენერალური დირექტორი, ლევან ქორქაშვილი საუბრობს:
ლევან, ზოგადად რომ გვითხრათ ტურნირის შესახებ, რა მასშტაბის ღონისძიებაა ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე და რატომ შეირჩა ბათუმი?
EAPT (Euro-Asian Poker Tour) წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მრავალი წელია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს პირველად, მოცემული ტურნირის ერთ-ერთი ეტაპი ტარდება ბათუმში 7-15 სექტემბერს, Eclipse Poker Club-ის ინიციატივით და საერთაშორისო სპორტული პოკერის და თამაშების ასოციაციის მხარდაჭერით. ღონისძიება მიზნად ისახავს, რეგიონსა და ქვეყანაში მოვიზიდოთ მრავალი მაღალშემოსავლიანი ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან და მოვახდინოთ პოკერის, როგორც ინტელექტუალურ-სპორტული თამაშის პოპულარიზაცია საქართველოში. EAPT უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დაბალ სეზონზე უზრუნველვყოთ ადგილობრივი ეკონომიკის აქტიურობა და მოვახდინოთ ქვეყნის ეფექტური პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.
ბათუმის ლოკაცია შეირჩა ორგანიზატორების ინიციატივით. ამგვარი ტურნირები უდიდეს პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნებისა და ტურისტული რეგიონების ეკონომიკაზე, რადგან დაბალ სეზონზე იზიდავს ათასობით მაღალშემოსავლიან სტუმარს. სამწუხაროდ, ამგვარი ტურნირების ჩატარება საქართველოში სისტემატურად ვერ ხერხდება მაღალი საგადასახადო წნეხის გამო. ასევე, ბათუმის შემთხვევაში, პრობლემურია ლოგისტიკის ნაწილი, რადგან არ არის საკმარისი რაოდენობის ფრენები.
EAPT Batumi 2024 ტურნირის ორგანიზების მიზანი არის ზუსტ და კონკრეტულ რიცხვებში დავთვალოთ, თუ რა ფისკალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებები რეგიონზე. ტურნირის ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ხსენებულ შედეგებს.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი ტურნირების ჩატარებამ ბათუმში?
აჭარის რეგიონი გამოირჩევა მოკლე სეზონით, რაც იწვევს კურორტების სრულ გადატვირთვას და პარალიზებას ზაფხულის კონკრეტულ თვეებში. საერთაშორისო გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ასეთი კურორტების განვითარება ხდება ორი მიმართულებით – დაბალ სეზონზე ვიზიტორების მოზიდვა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარება. სწორედ ამ ორი პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზა არის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
ტურნირის პერიოდში ბათუმი უმასპინძლებს რამოდენიმე ათას ვიზიტორს (მოთამაშე, მაყურებელი, გულშემატკივარი, სხვა), რომლებიც მინიმუმ 10 დღით დარჩებიან აჭარაში. ეს არის მაღალშემოსავლიანი ტურისტი, რომელიც აქტიურად ხარჯავს სახსრებს სასტუმროებში, რესტორნებში, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებებში. ამით საკმაოდ დიდი ეკონომიკური სარგებელი აქვს რეგიონულ ბიზნესებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დადებით ფისკალურ ეფექტს სახელმწიფოსთვის – ბიზნესაქტივობიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლის სახით.
აღსანიშნავია, ასევე, გავლენა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამგვარი ღონისძიებების ჩატარება საგრძნობლად ზრდის მათ ბრუნვებს და აგვარებს მათ უმთავრეს პრობლემას – მოკლე სეზონს.
აქვე ხაზი უნდა გაუსვათ საშუალო და გრძელვადიან შედეგებს. მაგალითისთვის, მოცემული ტურნირი შუქდება საერთაშორისო პლატფორმებზე, რომლებიც ფარავს ათობით მილიონ აქტიურ მაყურებელს. ტურნირების მეშვეობით ხდება ქვეყნის ისეთ სეგმენტზე პოპულარიზაცია, რომელიც პოტენციური ვიზიტორი და ხშირ შემთხვევაში, ინვესტორია.
რომ ვისაუბროთ საგადასახადო ხარჯებზე, არის ქვეყნები, სადაც მსგავსი ტურნირების საგადასახადო ბეგარა არის დაბალი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის.
ბოლო წლებში საქართველოში ძალიან გამკაცრდა სათამაშო ინდუსტრიის რეგულაციები და საგადასახადო სისტემა. 2022 წლიდან შემოვიდა ახალი რეგულაციები, რაც სათამაშო ბიზნესს საკმაოდ არამიმზიდველს ხდის. ეს იწვევს ამ ინდუსტრიის კლების ტენდენციას, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს აჭარის რეგიონისა და ქვეყნის ბიუჯეტს.
უმეტეს ქვეყნებში, სადაც აზარტული თამაშები ლეგალიზებულია (საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, სხვა) ამგვარი ტურნირების საპრიზო ფონდი საერთოდ ნულოვანი განაკვეთით იბეგრება. არის ქვეყნები (მალტა), სადაც განაკვეთი 5% შეადგენს. ასეთი საგადასახადო შეღავათები დაწესდა ზუსტად იმისათვის, რომ ორგანიზატორებმა ეფექტურად და მომგებიანად შეძლონ საერთაშორისო ტურნირების სტაბილურად ჩატარება, რაც გაცილებით მეტი ფისკალური და ეკონომიკური ეფექტის მომტანია ქვეყნების ბიუჯეტისთვის.
იგეგმება თუ არა ამ კანონის ცვლილება და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას მსგავსი ცვლილება ტურიზმის განვითარების კუთხით?
როგორც მანამდე აღვნიშნე, ტურნირის ჩატარების ძირითადი მიზანი არის, ზუსტი და კონკრეტული რიცხვითი მაჩვენებლებით განვსაზღვროთ, თუ რა ეფექტი მოაქვს ამგვარ ღონისძიებებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ შევძლებთ, ეფექტურად ვიმუშაოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად და დავნერგოთ შესაბამისი საგადასახადო მოდელი ქვეყანაში.
საგადასახადო ოპტიმიზაციის შემთხვევაში, ანალოგიური ტურნირები შეიძლება ჩატარდეს მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიზიდოს დამატებით ათი ათასობით მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორი არატურისტულ სეზონებზე. შესაბამისად, სწორი მართვისა და ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, (საგადასახადო, ლოგისტიკური, სხვა) საქართველოს ეკონომიკა მიიღებს რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ყოველწლიურად.
აქვე, უნდა ვისაუბრო ორ მნიშვნელოვან მომენტზე – ტურნირების პოტენციური ვიზიტორების უმრავლესობა წარმოადგენს საშუალო და დიდ ინვესტორს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ დაინახონ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი. შესაბამისად, საშუალოვადიან პერსპექტივაში ამგვარ ტურნირებს შეუძლია, გაზარდოს ქვეყნის საინვესტიციო აქტივობა. გარდა ამისა, როგორც ავღნიშნე, ტურნირი გადაიცემა ისეთ არხებზე როგორიც არის EAPT Poker TV და Poker Stars TV, რომლებსაც ათობით მილიონი მაყურებელი ჰყავს. ტურნირის ჩატარებით შეგვიძლია მათ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მომავალში ვუმასპინძლოთ მათ.
ზოგადად, რამდენად შეიძლება იყოს ბათუმი სათამაშო ინდუსტრიის დედაქალაქი?
სამწუხაროდ, მოცემულ საგადასახადო სისტემაში, ბათუმი სათამაშო ინდუსტრიის დედაქალაქად ვერ ჩამოყალიბდება. პირიქით, მოსალოდნელია ტენდენცია, რომ მაღალი ფინანსური წნეხის გამო, არსებული აზარტული მოთამაშეების ნაკადიც შემცირდეს, რაც გამოიწვევს სათამაშო ბიზნესის საერთოდ გაუქმებას რეგიონში და ქვეყანაში.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას ამ მიმართულებით, ბათუმს გააჩნია სრული პოტენციალი, გახდეს რეგიონის მაღალბიუჯეტიანი სტუმრების გართობის დედაქალაქი – საუკეთესო კრიტერიუმებით.
[R]