in ,

პირველად საქართველოში! „ისთ ფოინთი“ პატარა მეწარმეებს იხმობს – პროექტი „ბავშვების მარკეტი“

„ისთ ფოინთი“ რომ ბავშვების მხარდამჭერია, ამის კიდევ ერთ დასტურად ბრენდის ახალი ინიციატივა შეგვიძლია, მივიჩნიოთ – ბავშვების მარკეტი –  ერთგვარი სტარტაპ მარკეტია, რომლის ფარგლებშიც, სკოლის ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი გენიალური იდეები და მათ მიერვე შექმნილი ორიგინალური ნივთები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. 

25-26 სექტემბერს, პირველად საქართველოში, „ისთ ფოინთის“ მთავარ მოედანზე, ბავშვები იქნებიან წარმოდგენილები მეწარმეების ან პოტენციური მეწარმეების სტატუსით.

პროექტში მონაწილეობა მარტივია: 22 სექტემბრამდე, ბავშვები და არა – მშობლები, რეგისტრაციის ონლაინ ფორმას შეავსებენ. პირველ 50 აპლიკანტს, 25-26 სექტემბერს, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი წამოწყება წარადგინოს, მათგან 2 ყველაზე ორიგინალური, გამორჩეული და პერსპექტიული იდეის ავტორი კი 3000 ლარით დაჯილდოვდეს.

ბავშვების მარკეტს წარმოგიდგენთ „სოლო“.

თეიკო ლომინაძე, „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი: „ისთ ფოინთში“ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყოველთვის ბავშვებთან მეგობრობასა და მათ მხარდაჭერას ემსახურებოდა. პანდემიის პერიოდში დავინახეთ, რომ მოზარდები გაჯეტებს ძალიან მიეჯაჭვნენ. მოაკლდნენ სკოლას, გართობას, რეალურ ურთიერთობებს… თუმცა ამასთან, ჩვენი დაკვირვებით, ძალიან ბევრმა მშობელმა იმაზეც იზრუნა, რომ შვილს რაიმე ხელსაქმე ესწავლა. სწორედ ამ მომენტის დაჭერა და მისი შესაძლებლობად ქცევა გვინდოდა ბავშვების მარკეტის წამოწყებით“.

ბავშვების მარკეტის ერთ გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული ადგილზე, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

სპეციალური ჟიურის წევრები არიან: „ისთ ფოინთის“, „სოლოს“, „ტექნოპარკის“ წარმომადგენლები და ყველაზე პატარა ქართველი მეწარმე – გიორგი შეშაბერიძე, რომელიც საკუთარ საწარმოში ლოლიპოპებს აწარმოებს და სხვა ადამიანებსაც ასაქმებს. 

ბავშვების მარკეტში საკუთარი წამოწყების წარსადგენად, მნიშვნელობა არ აქვს, რას აწარმოებ. მთავარია, ქმნიდე და იდეები გაწუხებდეს. მაგალითად, როგორც თეიკო ლომინაძე გვიყვება, პროექტში უკვე დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომლებიც ხელნაკეთ მძივებს აწარმოებენ, ასევე სამაგიდო თამაშების 12 წლის შემქმნელიც ამ პროექტის მონაწილეა. მოკლედ, იდეებისა და საქმიანობის კუთხით, ბავშვების მარკეტს არანაირი შეზღუდვა არ აქვს.

თეიკო ლომინაძე, „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი: „გვინდა, ბავშვებს დავანახოთ, რომ შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ყველაფერი შესაძლებელია. გვსურს, წარმოსახვის გაფართოებაში დავეხმაროთ და თანატოლები ერთმანეთისთვის მაგალითები გახდნენ. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებენ შესაძლებლობების გამოყენებაზე ზრუნვას, მით მეტი საინტერესო რამ შეიქმნება. ყველა მშობელს არ შეუძლია, ფინანსურად მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ბავშვის იდეების სრულყოფას, ამიტომ გვგონია, ამ კუთხითაც, ბავშვების მარკეტი კარგი სამოტივაციო სქემაა“.

პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ბავშვების მარკეტს აუცილებლად დიდი მომავალი ექნება!

Zoom-ის განახლება რეალურ დროში მიღებულ თარგმანს მოიცავს!

„თეგეტა მოტორსში“ შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტრო ავტომობილებმა ჩაანაცვლა