ემენი ჩრდილოეთ ქალაქია ნიდერლანდებში; აქ ბაზირებულია ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უკვე მეორე წელია, ნიდერლანდების რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში „ერედივიზიონში“ ასპარეზობს. კლუბი ელიტარულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და დაბალბიუჯეტიანია; კლუბის მესვეურებმა უსპონსოროდ და არც თუ ისე წარმატებულად დასრულებული სეზონის შემდეგ მარკეტინგული სამუშაოები უფრო გააქტიურეს, სოციალური მედიის და სხვადასხვა კამპანიის შემდეგ, „ემენის“ სპონსორობით ქვეყნისა და რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული კომპანია “Easy Toys” დაინტერესდა. ეს არის სექს სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, რომლის შემოსავლები და აქტივები ყოველწლიურად იზრდება და ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
კომპანიასა და კლუბს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და კონტრაქტიც გაფორმდა. “Easy Toys” გახდა „ემენის“ სატიტულო სპონსორი, შესაბამისად, კლუბის მაისურის წინა მხარეს კომპანიის ლოგო უნდა განთავსებულიყო, თუმცა ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ „KNVB“ კლუბს ამის ნება არ მისცა და განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება რეგულაციებს და წესდებას ეწინააღმდეგებოდა.
„კლუბის მაისურზე სექს ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიის ლოგო ვერ განთავსდება, უნდა გვახსოვდეს რომ ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნით როგორც ზრდასრულ, ასევე პატარა ქომაგებს,“ – ნათქვამი იყო ასოციაციის განცხადებაში.
კომპანიის გენერალური დირექტორი ერიკ იდენა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გააკვირვა.
„ემენი საინტერესო კლუბი და სეგმენტია, ის რეგიონში ყველას უყვარს, ჩვენი კომპანიაც იმავე რეგიონიდანაა და კოლაბორაცია ორივე მხარეს ძალიან წაადგებოდა. ასოციაციის გადაწყვეტილება არ მესმის, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ და ასეთ თემებზე ტაბუს დადება ჩვენთვის გაუგებარია. ბრძოლას გავაგრძელებთ და აღნიშნული შეთანხმება მაინც შედგება,“ – განაცხადა იდენმა მედიასთან საუბრისას.
„ემენის“ მთავარი მწვრთნელის, რონალდ ლუბერსის განცხადებით, ის აღნიშნულ ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან კლუბს ფინანსურად ეს შეთანხმება სარგებელს მოუტანდა და საკმაოდ გააძლიერებდა.
აღნიშნულმა საკითხმა ნიდერლანდებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, საბოლოოდ ფეხბურთის ასოციაციამ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვეს, რომ რამდენიმე შეხვედრის და მსჯელობის შემდეგ, კლუბს უფლებას აძლევენ მაისურზე აღნიშნული სპონსორის ლოგო დაიტანოს, თუმცა რეგულაციაში შევიდა ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სასპონსორო შეთანხმება ამ ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლებთან ერთ წელზე დიდ ხნიანი ვერ იქნებოდა.
ემენი ახალი სპონსორით გაფორმებული მაისურებით უკვე ასპარეზობს, კლუბმა აღნიშნული სასპონსორო კონტრაქტით საკუთარი ბიუჯეტი 3.5 მილიონით შეავსო, მანამდე საუბარი 3 წლიან კონტრაქტზე და 10.5 მილიონზე იყო, თუმცა როგორც კლუბი ამბობს Easy Toys-თან თანამშრომლობა სხვა ფორმით გაგრძელდება. კლუბმა ასევე მიიღო ნება, სპონსორის ლოგო სავარჯიშო მაისურებზეც განათავსოს.
ეს კი ემენის სტადიონის VIP ზონის შესასვლელის დეკორაციაა, სადაც მორიგი ტურის მატჩის დაწყებამდე ახალი სპონსორის პრეზენტაცია გაიმართა.