in

EasyDine – რესტორნის 360-გრადუსით დათვალიერებისა და დაჯავშნის ქართული ონლაინ პლატფორმა

Startauperi
Startauperi

„როგორი სიტუაცია?“ – ჩვეულებრივ, ახალი საინტერესო ადგილის ძიებისას ამ კითხვას ვსვამთ. კვების ობიექტების სიმრავლის მიუხედავად, არც ისე მარტივია სასურველი ადგილის პოვნა, რომელიც ჩვენს მოლოდინებს დაემთხვევა. ამ დაკვირვებამ მიხეილ ბერიშვილს, ანა კვერნაძესა და გიორგი ასანიძეს ციფრული პლატფორმის შექმნისკენ უბიძგა. სამიზნე აუდიტორიაზე დაკვირვებისა და ბაზრის შესწავლის შედეგად, ჩამოაყალიბეს EasyDine – ციფრული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაათვალიერონ სასურველი კვების ობიექტი და მარტივად დაჯავშნონ მაგიდა.

დამფუძნებლების თქმით, პლატფორმა მოსახერხებელია მათთვის, ვისაც უყვარს სასიამოვნო საღამოს გატარება სხვადასხვა რესტორანსა თუ კაფეში, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს ახალი ობიექტების მოძიებას, სოციალურ ქსელებში ფოტოების ძებნას და შემდგომ დაჯავშნასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებას.

EasyDine-მდე მისი დამფუძნებლები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობდნენ ერთად. ჰაკათონებში აქტიურმა მონაწილეობამ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე სწრაფად და ეფექტურად ფიქრის უნარი გამოუმუშავათ.

„მე და ჩემი გუნდი ვმუშაობდით დეველოპერებად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებად და UI/UX დიზაინერებად. გუნდურად მუშაობის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ჩვენი

ცოდნა და უნარ-ჩვევები ბოლომდე გამოვიყენოთ EasyDine-ის განვითარებისთვის და მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე რესტორნისთვის“, – გვიყვება მიხეილ ბერიშვილი.

M: როგორი იყო მომხმარებლისთვის აქტუალური საჭიროებები, რამაც EasyDine-ის შექმნისკენ გიბიძგათ?

ჩვენი კვლევების და ბაზრის ანალიზის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ რესტორნების რეზერვაციის პროცესი ხშირად დამღლელი და მოსაბეზრებელია. მომხმარებლები ობიექტის მოძიებაში, არჩევასა და დაჯავშნაში დროს კარგავენ, ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დისკომფორტია.

ერთ-ერთი მთავარი ინსაითი იყო ის, რომ მომხმარებლებს სურთ წინასწარ გაეცნონ რესტორნების ინტერიერს და თავად შეძლონ სასურველი მაგიდის არჩევა და დაჯავშნა. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ 360°-იანი ფოტოები თითოეული მაგიდიდან, რათა მომხმარებლებს მივცეთ საშუალება, წინასწარ დაათვალიერონ რესტორნის ინტერიერი, გარემო და აირჩიონ სასურველი მაგიდა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს არჩევანის გაკეთებას.

რაც შეეხება რესტორნებს, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი ჯავშნებს ფურცლებზე ან Excel-ის ცხრილებში ინიშნავს. ეს მეთოდები ხშირად არაეფექტურია, მაგალითად, ხელით შეყვანილი ჯავშნები ხშირად იწვევს ორმაგ ჯავშნებს ან სხვა სახის შეცდომებს, რაც ნეგატიურად აისახება მომხმარებელთა გამოცდილებაზე.

გარდა ამისა, რესტორნებს არ აქვთ ეფექტური საშუალება მომხმარებლის კონტროლისა და მონაცემების მართვისთვის. მათ უჭირთ მომხმარებელთა პრეფერენციებისა და ისტორიების აღრიცხვა, რაც აუცილებელია მომხმარებლის უკეთესი გამოცდილებისთვის და რესტორნის მართვის ეფექტურობის გაზრდისთვის.

M: როგორია სტარტაპის კონცეფცია და რა ძირითად ფუნქციონალს აერთიანებს?

EasyDine-ის კონცეფცია არის მომხმარებლებისა და რესტორნებისთვის რეზერვაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და გაუმჯობესება. ჩვენი პლატფორმა მიზნად ისახავს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის და რესურსების დაზოგვას, ხოლო რესტორნებისთვის ოპერაციების მართვის გაუმჯობესებას.

აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი: EasyDine მომხმარებლებს სთავაზობს ერთ სივრცეში რესტორნის მოძიებას, დათვალიერებას, მენიუს ნახვასა და დაჯავშნას. ეს მთლიანად ამარტივებს და აჩქარებს პროცესს, რაც მომხმარებლებისთვის დიდ კომფორტს ქმნის.

360°-იანი ვირტუალური ტური და სასურველი მაგიდის არჩევა: მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ დაათვალიერონ როგორც რესტორნის ინტერიერი, ასევე თითოეული მაგიდის 360°-იანი ფოტოები და აირჩიონ სასურველი ხედის თუ მდებარეობის მქონე მაგიდა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ყურადღებას აქცევს იმ გარემოს, სადაც სურს სასიამოვნო დროის გატარება.

მარტივი და სწრაფი რეზერვაცია: ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს უქმნის კომფორტს მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალით. მათ შეუძლიათ სწრაფად დაჯავშნონ რესტორანი და არ დახარჯონ ზედმეტი დრო და ძალისხმევა რეზერვაციის პროცესში.

ციფრული რესურსების მართვა: რესტორნებს ვთავაზობთ ხელსაწყოებს, რომლებიც ეხმარებათ ეფექტურად მართონ თავიანთი რესურსები. ეს მოიცავს რეზერვაციების ციფრულად მართვას, მომხმარებლის კონტროლისა და მონაცემების მართვას, რაც უკეთეს მომსახურებას უზრუნველყოფს.

შეფასების სისტემა: მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ შეფასებები და დაეხმარონ სხვებს გადაწყვეტილებების მარტივად მიღებაში, ხოლო რესტორნებს – სერვისის გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, EasyDine-ზე ასევე განთავსებულია სხვადასხვა წყაროს შეფასებები, რაც მომხმარებლებს აძლევს სრულ და მრავალმხრივ წარმოდგენას რესტორნის შესახებ.

EasyDine-ის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის და რესტორნებისთვის ერთ სივრცეში შექმნას მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა საჭირო ფუნქციას და გაამარტივებს რეზერვაციის პროცესს.

M: როგორია თქვენი კონკურენტული უპირატესობა, რაც პლატფორმის გლობალურ ბაზარზე გავრცელების საშუალებას მოგცემთ?

პლატფორმის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, შევთავაზოთ მომხმარებელს რეზერვაციის პროცესისთვის საჭირო ყველა ფუნქციონალი ერთ სივრცეში – აღმოაჩინონ ახალი ობიექტები, დაათვალიერონ ინტერიერი, ნახონ მენიუ და დაჯავშნონ სასურველი მაგიდა. ამასთან, 360°-იანი ფოტოები მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ გაეცნონ რესტორნების ინტერიერს. მარტივი და მოსახერხებელი რეზერვაციის პროცესი კი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს სწრაფად შეეძლოთ რესტორნების დაჯავშნა.

M: თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს მომხმარებლების ინტერესს EasyDine-ის მიმართ?

EasyDine სულ რამდენიმე კვირაა ფუნქციონირებს, მინიმალური მარკეტინგული კამპანიით და უკვე 50-მდე ჯავშანი მივიღეთ. ეს 200-მდე მომხმარებელს გულისხმობს. მათი უკუკავშირიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 360°-ით ინტერიერის დათვალიერებისა და კონკრეტული მაგიდის არჩევის ფუნქციონალმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

M: რა სირთულეებს უმკლავდებით სტარტაპის საწყის ეტაპზე?

სტარტაპის საწყის ეტაპზე უამრავ სირთულეს ვაწყდებით. განსაკუთრებით რთულია რესტორნების დაინტერესება და მათი ნდობის მოპოვება. ბევრ რესტორანს მოსწონს ჩვენი იდეა და პროდუქტი, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით არ არის ასეთი სისტემებისადმი დიდი გამოცდილება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ რესტორნებმა და მომხმარებლებმა უკეთ გაიცნონ EasyDine-ის უპირატესობები და სარგებელი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლის ინფორმირებაა. ამ მიზნით, ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს, სადაც დეტალურად ავუხსნით, როგორ შეუძლია EasyDine-ს მათი ყოველდღიური გამოცდილების გაუმჯობესება კვების ობიექტებში.

M: რამდენად მოგებიანად მიგაჩნიათ, ბიზნესის თვალსაზრისით?

თუ გავითვალისწინებთ კონკურენტების შემოსავლის დინამიკასა და ბაზრის ტენდენციებს, EasyDine-ს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს მოგებიანი ბიზნესი. ბაზარზე არსებული სხვა პლატფორმების წარმატებული საქმიანობა გვიჩვენებს, რომ რესტორნების რეზერვაციის სისტემებზე მოთხოვნა დიდია. ჩვენი უნიკალური ფუნქციონალები, როგორებიცაა 360°-იანი ფოტოები, სასურველი მაგიდის არჩევის შესაძლებლობა და ერთ სივრცეში ყველა საჭირო სერვისის შეთავაზება, დიდ უპირატესობას გვაძლევს.

M: როგორ ხედავთ EasyDine-ის განვითარებას?

პირველ რიგში, ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ბაზრის ათვისება და მომხმარებლის ცნობიერების გაზრდა. გვსურს, საქართველოში რესტორნებმა და მომხმარებლებმა უკეთ გაიცნონ EasyDine-ის უპირატესობები.

როდესაც წარმატებას მივაღწევთ და საქართველოს ბაზარზე დავაგროვებთ გამოცდილებას, შემდეგი ნაბიჯი ევროპულ ბაზარზე გასვლა იქნება. ევროპაში დიდი პოტენციალი გვაქვს, რადგან ციფრული რეზერვაციის სისტემებზე მოთხოვნა უკვე არის. ჩვენი მიზანია, EasyDine გახდეს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ამ სფეროში.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რაუნდაპი მაქსი — ტოტალური მოქმედების ინოვაციური ჰერბიციდი

„მენოპაუზის რეჟიმი“ — LG ახალ AI ტექნოლოგიას ავითარებს