„Eat Your Carrots“ — ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან სიურრეალისტურ ანიმაციას, რომელიც უჩვეულო და სახალისოს შორის იდეალურ ბალანსს იცავს. „ანიმაცია კარგი საშუალებაა ჩემი უცნაური იდეების ხორცშესასხმელად… თანაც, ძალიან მიყვარს ხალხის გამხიარულება და ყველა ობიექტის გაცოცხლება“, — ამბობს ლაურა სტიუარტი, ანიმატორი.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია სახლში მარტო დარჩენილ გოგონაზე გვიყვება, რომელიც სტაფილოს ჭამისას აღმოაჩენს, რომ ხელზე თვალი ამოეზარდა. ამ თვალით კი თავად ვერაფერს ხედავს… შესაბამისად, ისეთი განცდა იბადება, რომ გოგონას სხეულში ვიღაც სხვა, დამოუკიდებელი ინდივიდი გაჩნდა ამ თვალის სახით. ლაურას თქმით, იდეა პანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც მთელი ფიზიკური სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მარტოობაში ატარებდა დღეებს — ალბათ, სიმბოლურად სწორედ ამ მდგომარეობას მიემართება ანიმაცია, როდესაც საკუთარ თავთან ვიწყებთ საუბარს და ირგვლივ ადამიანებს წარმოვიდგენთ.