ცოტა ხნის წინ, მეოთხე კურსელი ანა გურგენიძე სამუშაოდ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ მაღაზიაში eBay მიიწვიეს. ანა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) ფაკულტეტზე სწავლობს. eBay-ში მუშაობა გასულ წელს მოისურვა. გამოცხადებულ ვაკანსიაზე აპლიკაცია გაგზავნა და კომპანიის რეკრუტერიც მალე დაუკავშირდა. ამის შემდეგ იყო რამდენიმე გასაუბრება, რომელიც ძირითადად, ტექნიკური ამოცანების გადაჭრას გულისხმობდა.
“გასაუბრების მთელი პროცესი საკმაოდ დაძაბული იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლოდინი და ნერვულობა. ინტერვიუს წინა ღამეებში თითქმის ვერ ვიძინებდი. თუმცა, გამსაუბრებლები საკმაოდ სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, შეექმნათ ჩემთვის მშვიდი გარემო, რამაც ერთგვარად ჩემი წარმატებაც განაპირობა.”
M: როგორ ფიქრობ, რა დაგეხმარა ამ პოზიციაზე მოხვედრაში?
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) ფაკულტეტის სტუდენტს მათემატიკა, ჯერ კიდევ სკოლაში, განსაკუთრებით მიყვარდა, უნივერსიტეტმა კი პროგრამირებაც შემაყვარა. ჩემი შერჩევის პროცესში, ალბათ, დიდი როლი ითამაშა ჩემმა გამოცდილებამაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიმუშავე TBC Bank-ში, Realtyna-ში, Hand4Help-ში დეველოპერად. თავისუფალ დროს 1-2 მობილური აპლიკაციაც დავწერე. ახლა მეგობრებთან ერთად მაქვს სტარტაპიც, რომელიც მალე გამოვა ქართულ ბაზარზე.
M: ახალ სამსახურში, რა შევა შენს ფუნქციებში?
ოთხი თვე ბერლინში Software Engineer-ის პოზიციაზე ვიმუშავებ. იქაური გუნდის რამდენიმე წევრს უკვე ვიცნობ და ისინიც ჩემსავით მოუთმენლად ელიან შეხვედრას. მგონია, რომ ეს სტაჟირება ძალიან დიდი პროფესიული და პიროვნული განვითარების საშუალებას მომცემს.
M: რითაა eBay შენთვის საინტერესო?
სანამ eBay-ში აპლიკაციას გავაგზავნიდი, პატარა კვლევა ჩავატარე. ვნახე იქ დასაქმებული ადამიანების რჩევები და შეფასებები. შორიდან მსმენია, რომ ასეთ კომპანიებს განსაკუთრებული კორპორატიული კულტურა აქვთ და ბევრი ამბობს, რომ ეს გამოცდილება ძალიან ღირებული აღმოჩნდა მათ ცხოვრებაში. მეც იმედი მაქვს, რომ ჩემი მომავალი მიზნების განხორციელებაშიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
M: შენ ახსენე სტარტაპი “Dzialogi”, რომელიც ბაზარზე მალე გამოჩნდება. რას გულისხმობს ეს წამოწყება?
აპლიკაცია განსაზღვრავს მომხმარებლის კოორდინატებს ქართული პოლიტიკის საკოორდინატო სიბრტყეზე; აპოვნინებს მას მსგავსი გემოვნების, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე სხვა ადამიანებს და მისცემს საშუალებას, განიხილოს პუნქტები, სადაც მათი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს. საწყის ეტაპზე ჯერ აპლიკაციაში შედიხართ, პასუხობთ კითხვებს და თქვენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, აპლიკაციის „კომპასით“ განისაზღვრება საით ხართ მიმართული; შემდეგ ქმნით თქვენს პროფილს და თქვენზე ზოგადი ინფორმაცია შეგყავთ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ მომხმარებელი უკავშირდება იგივე გემოვნების მქონე ადამიანებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი