6
ივლ
2017

eBay-ს ყველა პროდუქტი ქართულ ონლაინ მაღაზია EBG-ზე! გამარტივებული გამოწერის პროცედურა ეროვნულ ვალუტაში

6 ივლ 2017



თუ თქვენთვის ნაცნობია უცხოური საიტებიდან ნივთების გამოწერის პროცედურა და ეს თქვენს გარემოცვაშიც იციან, შესაბამისად, მეგობრები თუ ნაცნობები გთხოვენ დაეხმაროთ, ასწავლოთ ან სულაც, მათ მაგივრად შეასრულოთ გამოწერისთვის საჭირო ყველა ოპერაცია, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებობს საიტი, რომელზეც რეგისტრაციის, ბალანსის შევსების და ყიდვის – ამ სამი საფეხურის გავლით შეგიძლიათ Ebay-ზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის ეროვნულ ვალუტაში შეძენა. ebg.ge-ს ისტორია 2015 წლიდან იწყება და დღეისათვის ის საქართველოში მცხოვრებ 35 ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. კომპანია სოსო გომარელმა რამდენიმე მეგობართან ერთად შექმნა და მას ერქვა eBayGeorgia, ბრენდინგის მიზნით კი სახელი შემოკლდა. ონლაინ მაღაზიამ რამდენიმე დღის წინ განაახლა საიტის დიზაინი და ამასთან, დაამატა განვადების სერვისიც. როგორ მუშაობს EBG და რას გეგმავენ კომპანიაში სამომავლოდ. ამ საკითხებზე EBG-ს დამფუძნებელი – სოსო გომარელი გვესაუბრა:

M: როგორ შექმენით EBG, როგორ მიაღწიეთ შეთანხმებას eBay-სთან და რა საჭიროება იყო მსგავსი პროდუქტის არსებობის მხრივ საქართველოში?
ზოგადად, Amazon-დან, eBay-დან და მსგავსი ონლაინ საიტებიდან გამოწერა ზედმეტ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რაც დისკომფორტს გვიქმნიდა მე და ჩემს მეგობრებს. ამის გამო, გაგვიჩნდა მსგავსი სერვისის შექმნის იდეა, თუმცა, თავიდან წარმოუდგენლად მიგვაჩნდა eBay-სთან თანამშრომლობა და ასეთი ფართო ქსელის შექმნა. 2015 წელს მივიღეთ eBay-ს პროგრამული უზრუნველყოფა და მხარდაჭერა, იმისათვის, რომ შეგვექმნა პლატფორმა ქართული მომხმარებლის მიერ eBay-ს გამოყენების გასამარტივებლად და გასაზრდელად. დღემდე, უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან ნივთის საქართველოში მიღება მოითხოვდა საკმაოდ ბევრ უსიამოვნო პროცედურას. საჭირო იყო ჯერ ვებგვერდზე რეგისტრირება, შემდეგ გადამზიდ საიტზე ავტორიზება, მისამართების კოპირება, ამანათების დეკლარირება, ასევე საჭირო იყო პლასტიკური ბარათი და PayPal-ის ექაუნთი საფასურის გადასახდელად. თუ რეგიონში ცხოვრობდი, თბილისში გიწევდა ჩამოსვლა ან ნათესავის შეწუხება, რათა “მარშუტკისთვის” გამოეტანებინა ამანათი. ჩვენ კი ეს ყველაფერი ჩავტიეთ სულ რაღაც სამ მარტივ ნაბიჯში: საჭიროა ebg.ge-ზე რეგისტრაცია, ბალანსის შევსება და დაჭერა ღილაკზე “ყიდვა”. არავითარი დამატებითი ოპერაცია, იქნება ეს დეკლარირება, საშუამავლო მისამართი თუ სხვა, არ არის საჭირო.

M: 2015 წელს დაიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. დღეს გყავთ 35 ათასზე მეტი ქართველი მომხმარებელი.. რას მოიცავდა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც განვითარების ამ საფეხურზე აღმოჩნდით? 
პროგრამული უზრუნველყოფა გვქონდა eBay-ს მხრიდან, ამ უცხოური საიტის ინფორმაცია ჩვენს საიტზე ჩავსვით და გავხსენით წვდომა. მთავარი აქ იყო ის, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც eBay-ზე იყო განთავსებული ასახული იყო ჩვენთან, ლარებში, ზუსტად იმავე ფასში. თავიდან, ჩვენ გვქონდა მოსაზრება, რომ არ განგვეხორციელებინა მარკეტინგული სამუშაოები, რადგან პროდუქტი იყო დასახვეწი. პირველი პროტოტიპი შევქმენით, ჯერ ბოლომდე დასრულებულიც არ იყო სტარტაპი, როცა გავუშვით და პირველმა მომხმარებლებმა გუგლის საშუალებით მოგვაგნეს. მათ გამოიყენეს ჩვენი პროდუქტი, შემდეგ, უკვე მათ ქცევას ვაკვირდებოდით და ჩამოვაყალიბეთ მიდგომა, რის მიხედვითაც განვსაზღვრეთ მიმართულებები და აქცენტები. რეკლამაში, ჯერჯერობით, 100 ლარიც კი არ დაგვიხარჯავს. დღემდე ე.წ. WOM-ით ვიზრდებით, თუმცა მალე მარკეტინგული მიმართულებით გააქტიურებასაც ვგეგმავთ. ამჟამად, ყოველ თვე 120 ათასი ვიზიტორი გვყავს და 2000-ზე მეტი ტრანზაქცია სრულდება და ეს რიცხვები მუდმივად მზარდია.

M: რის გამო ირჩევენ მომხმარებლები თქვენს მომსახურებას? რა არის თქვენი უპირატესობა ქართულ ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში?
მთავარი, რის გამოც მომხმარებლები ჩვენთან მოდიან, არის ის, რომ ძალიან მარტივია ჩვენი პროდუქტის გამოყენება. როდესაც ვიღაცა ამა თუ იმ ნივთის გამოწერას გაიგონებს, ახსენდება რთული პროცედურები. ნამდვილად რთულია ეს პროცესი იმათთვის, ვისაც გამოცდილება არა აქვს. ჩვენი საიტის სიმარტივემ მოგვიყვანა ამდენი მომხმარებელი. არჩევანი პრაქტიკულად შეუზღუდავია, რადგან ჩვენს საიტზე ყველა ის ნივთია მოცემული, რომელიც ebay.com-ზე, იმ კონკრეტულ მომენტშია განთავსებული, ასეთი ნივთების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს. ამასთან, შეძენილი ნივთის მიღება შესაძლებელია საქართველოს 40-ზე მეტ რეგიონში. ჩვენი სლოგანიც სწორედ ამას ეხმიანება – EBG – აქ ყველასთვის ყველაფერია. გარდა ამისა, საზოგადოდ, ცნობილი პრობლემაა, რომ ხანდახან უცხოური საიტებიდან გამოწერილ ნივთებს გამყიდველი ან არ აგზავნის, ან აგზავნის დაზიანებულს. ეს კითხვა ბევრს აქვს, რადგან, როდესაც უცხოური ვებგვერდიდან ყიდულობენ ნივთს, მყიდველს თავად უწევს პრობლემის მოგვარება და ხშირად ამას ვერ ახერხებს. EBG ასეთი შემთხვევების დროს ითავსებს შუამავლის როლს და ჩვენ ვაგვარებთ ამ პრობლემას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს ან თანხა უბრუნდება, ან მის მიერ შეძენილი ნივთი იგზავნება თავიდან.

M: მიტანის სერვისს თვითონ ახორციელებთ თუ გაქვთ საკურიერო მომსახურების კომპანიასთან თანამშრომლობა და როგორია მიწოდების ვადები?
რეგიონებში უცხოეთიდან გამოწერილი ამანათის მიღების პრობლემა მოვხსენით. ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელსაც 40-ზე მეტი ფილიალი აქვს საქართველოს მასშტაბით, ისინი უზრუნველყოფენ გამოწერილი ნივთის ამერიკიდან საქართველოში ტრანსპორტირებას და შემდეგ, უკვე ამანათების დარიგებას პუნქტებში. eBay-ზე განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია. მიწოდების ვადა ისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის პროდუქტს იწერს მომხმარებელი. მაგალითად, ამერიკიდან 4-7 დღის ვადაში ჩამოდის.

M: სამომავლოდ, თქვენს ონლაინ მაღაზიაში ქართული პროდუქტის რეალიზებას თუ აპირებთ?
ახლა გვაქვს ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩვენს საიტს დაემატება ადგილობრივი პროდუქცია. მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ ეს პროდუქტი გამოწერიდან 24 საათში თბილისში, ხოლო 48 საათში რეგიონებში. 

 

M: როგორი გადახდის მეთოდების გამოყენება შეუძლია მომხმარებელს EBG-ზე პროდუქტის შეძენისას და რა სამომავლო გეგმები გაქვთ? 
როგორც კი რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე, ასევე გექმნებათ ბალანსი, ბალანსზე თქვენ უნდა ჩარიცხოთ და შეიტანოთ თანხა, რომელიც შეგიძლიათ როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებიდან ექსპრეს ფეის და თიბისი ფეის მეშვეობით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა კიდევ უფრო გავფართოვდეთ და საიტს დავამატოთ ნივთების კატეგორია, რომელთა მიღებაც მომხმარებელს მეორე დღეს ან სულაც იმ დღესვე შეეძლება. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვართ ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, სადაც შესაძლებელია მილიარდი პროდუქტიდან ნებისმიერი ნივთის შეძენა უმარტივესი პროცედურით და საქართველოს 40-ზე მეტ რეგიონში მიღება.

განხილვა