1 ოქტომბერს, თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროკავშირის EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდამჭერით კონფერენცია – „კაკლოვანი კულტურები საქართველოში“ გაიმართა. ერთდღიან კონფერენციაზე, 150–მდე მწარმოებელმა და ინდუსტრიის ექსპერტმა კაკლოვანი კულტურების წარმოების ეფექტიანობასა და მარკეტინგზე იმსჯელა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ასოციაციის დირექტორმა – გიორგი თოდუამ, თავის სიტყვაში 2019 წლის წარმატებული პროექტი – „გადავარჩინოთ თხილის მოსავალი“ შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ პროექტმა 15 000 მეთხილე ფერმერი გააერთიანა.
პროექტის ფარგლებში, ასოციაციამ მათთან ათასობით შეხვედრა ჩაატარა, დაეხმარა ფაროსანასთან, სხვა მავნებლებთან და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში, მისცა რეკომენდაციები აგროკონსულტანტების დახმარებით, შეუდგინა სპეციალური შესაწამლი გეგმა და მოსავლის აღებამდე უწევდა კოორდინირებას სამუშაო პროცესს თხილის ბაღებსა და საშრობებში.
კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო მომავალი წლის სამუშაო გეგმაც. როგორც ასოციაციის დირექტორმა განაცხადა, ასოციაცია მზად არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, 2020 წლისთვისაც გააგრძელოს თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტი. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, თხილის ინდუსტრიამ დაიბრუნოს პირვანდელი, მოწინავე პოზიცია მსოფლიო ბაზარზე, ორჯერ მაინც გაიზარდოს თხილის საერთო მოსავალი და მიაღწიოს 100 000 ტონას, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნისთვის 1 მილიარდ ლარამდე შემოსავალ ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ასოციაცია პარტნიორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან სამუშაოების დაგეგმვის რეჟიმში იმყოფება.