23
Jul
2018

ფესტივალის ორგანიზატორები: „ECHOWAVES-ზე ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ღონისძიება მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული“

23 Jul 2018

„ანაკლიაში, ECHOWAVES-ზე მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. ფესტივალზე ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ღონისძიება ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, სრულად მობილიზებულები ვართ. ასევე, ვურჩევთ თითოეულ სტუმარს, აირჩიოს გართობის ჯანსაღი წესი და მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი, თუ სხვისი ჯანმრთელობა“, – ორგანიზატორები ამის შესახებ კამპანიას უკვე აწარმოებენ. მათი თქმით, 23-26 აგვისტოს, საფესტივალო ტერიტორიაზე, კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, SAFEWAVES-თან ერთად რამდენიმე პროექტი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იმუშავებს. მათ შორისაა „მანდალა – ზიანის შემცირება“ და „DrogArt“.

არასამთავრობო ორგანიზაცია SAFEWAVES საქართველოში შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ნებისმიერი ფესტივალის ვიზიტორების, ე.წ. ფართი-გოეუერებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ მისი წარმომადგენლები ECHOWAVES-ზე.

DrogArt 1999 წელს დაარსდა და როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. რაც შეეხება პროექტს „მანდალა – ზიანის შემცირება“, მისი  წარმომადგენლების თქმით, მთავარი მიზანია, ყველას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ.

ECHOWAVES-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხატია გელოვანის თქმით,  საორგანიზაციო გუნდი სრულად მობილიზებულია, რომ ფესტივალი სტუმრების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის თუ ქცევის კუთხით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარდეს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებენ. კოლაბორაციული პროექტი ბინას Wakanda-ს სივრცეში დაიდებს.

ხატია გელოვანი ამბობს, რომ ფესტივალის დაწყებამდე, სპეციალური კამპანიის ფარგლებში, თუ უშუალოდ ღონისძიების მსვლელობისას, თითოეულ ვიზიტორს მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, სხვებსა და გარემოზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას.

„ფესტივალზე 4 მიმართულებით ვიმუშავებთ. პირველი ეს იქნება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების კამპანია – გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თითოეულ სტუმარს მოუწოდებს, განსაკუთრებულად გაუფრთხილდეს საკუთარ, მეგობრის, თუ უცხო ადამიანის ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარება გაუწიოს. საფესტივალო ტერიტორიაზე იმუშავებს პროექტი „მანდალა – ზიანის შემცირება“, რომელსაც უკვე არაერთ ფესტივალთან თანამშრომლობის გამოცდილება დაუგროვდა. მას საკუთარი სივრცე ექნება გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს ფსიქოლოგის, თუ დატრენინგებული მოხალისეების დახმარებას შესთავაზებს.

მე-2 ეს ფესტივალზე მოქცევის წესებია. იმისთვის, რომ საფესტივალო გამოცდილება პოზიტიური იყოს, ჩვენი გართობით არ დავაზიანოთ საკუთარი, თუ სხვისი ჯანმრთელობა, აუცილებელია, გარკვეულ წესებს მივდიოთ. SAFEWAVES-ის ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე და ფესტივალის ტერიტორიაზე გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები რჩევებით – „არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება“, „არ ჩაგეძინოთ სანაპიროზე“, „არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება“ და სხვა.

ფესტივალზე „მანდალას“ წარმომადგენლები სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციის პრევენციას და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დახმარებას უზრუნველყოფენ

გარდა ამისა, გვექნება ზოგადი „გაიდლაინი“ საფესტივალო კულტურაზე. ამ შემთხვევაში, SAFEWAVES აქცენტს ფესტივალის ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებთან ურთიერთობის ჯანსაღ ფორმაზე აკეთებს. მთავარი ფოკუსი, ამ მხრივ, თითოეული „ფართი-გოუერის“ პატივისცემაა მისი სქესის, რასის, რელიგიის და სხვა ფაქტორის მიუხედავად. ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია („არა ნიშნავს არას“) იმ პირობების შეხსენებაა, რომელთა გარეშეც ფესტივალი ვერ შედგება.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. იმის მიუხედავად, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე არაერთი სანაგვე ურნა დგას, შეუძლებელია, თუნდაც, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლოკაციის დაბინძურებას გადავურჩეთ. გარემოზე ზრუნვის სტიმულირებისთვის ფესტივალის სტუმრების ჩართვა SAFEWAVES-ის მორიგი კამპანიაა. ადგილზე გარკვეული ტიპის ნარჩენების (ლითონის ქილების, პლასტიკატის ბოთლების) შეგროვების შემთხვევაში სტუმრები „გეიმ“ ზონის „ქოინებს“ მიიღებენ საჩუქრად. Wakanda-ში მოეწყობა სივრცე, რომელიც ე.წ. „რისაიქლ არტ“ ლოკაციად გადაიქცევა. ნებისმიერი მსურველი შეძლებს, გამოყენებული ლითონის ქილისგან სამკაული, თუ რაიმე სხვა ნივთი შექმნას. კამპანია ფესტივალის თითოეულ სტუმარს გარემოზე ზრუნვის საქმის ნაწილად აქცევს და, ვიმედოვნებთ, შედეგს არამხოლოდ ფესტივალებზე მოიტანს. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე „ქუჩის თეატრის“ მსვლელობას ყოველდღიური სახე ექნება. ის სტარტს ანაკლიის ხიდზე აიღებს და ამ ტერიტორიის მთელ სანაპირო ზოლს მოიცავს. მსვლელობაში ჩართულები იქნებიან ფესტივალზე მომუშავე მოხალისეები. მსახიობები სტუმრებს კოსტიუმირებულ დადგმას შესთავაზებენ და დააფიქრებენ, თუ სახლიდან გასვლის წინ თავს ვუვლით, რატომ არ გვიჩნდება სურვილი, იმ გარემოზეც ვუზრუნოთ, რომლისკენაც მოწესრიგებულები მივემართებით“.

რაც შეეხება პროექტს „მანდალა – ზიანის შემცირება“, მისი წარმომადგენლები, ფესტივალის განმავლობაში, სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციის პრევენციას და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე დახმარებას უზრუნველყოფენ.

„პირველ რიგში, მონაწილეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უცნობი ნივთიერების მიღების, ან მათი ერთმანეთში, თუ ალკოჰოლში არევისაგან. საჭიროების შემთხვევაში კი, მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, თითოეულს დახმარება აღმოვუჩინოთ. ზიანის შემცირებისთვის ორი მიმართულებით ვიმუშავებთ: ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა სივრცე Wakanda, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურადაა განმარტებული, როგორ ავიცილოთ თავიდან სხვადასხვა ნივთიერებით, ან მათი ერთმანეთთან შერევით ინტოქსიკაცია და როგორ მოვიქცეთ, თუ ეს შედეგი მაინც დადგა. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შევთავაზებთ ფსიქოლოგის, თუ დატრენინგებული მოხალისეების დახმარებას. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თავს შეუძლოდ იგრძნობს, უნდა მოგვმართოს და, ან ჩვენი რესურსით ან ექიმების უშუალო ჩართულობით, ადგილზე ყველას საჭირო დახმარებას გავუწევთ“, – ამბობს „მანდალას“ დამფუძნებელი თემო ხატიაშვილი.

განხილვა