23-26 აგვისტოს, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Echowaves Powered by Exit“ ტარდება. ორგანიზატორების თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილზე ჩასულ სტუმრებს, კარგად დაგეგმილი და მუსიკალურად მრავალფეროვანი ღონისძიება დახვდეთ.
პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. საორგანიზაციო ჯგუფს კომპანია Anaklia Entertainment Group ხელმძღვანელობს. ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხატია გელოვანის თქმთ, Echowaves-ის გუნდის როგორც ქართველ, ისე უცხოელ წევრებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვთ.
ხატია გელოვანი: ჩვენი გუნდის თითოეულ წევს ბევრ საინტერესო პროექტზე უმუშავია. Anaklia Entertainment Group-ის ხელმძღვანელები, ბრანე კოსტადინოვი (ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი) და ლანა პაჰიჩი, ამავე დროს, Eastern Europe Music Management-ის დამფუძნებლები არიან. მათ ანგარიშზე არაერთი წარმატებული ფესტივალის „ბუქინგი“ და „ივენთის“ ორგანიზებაა. ისინი, წლების განმავლობაში, თანამშრომლობენ არტისტებთან და სააგენტოებთან, ადგენენ Lineup-ს და შემდეგ, უშუალოდ ღონისძიების ჩატარებას ხელმძღვანელობენ. ქართული მხარიდან ბევრი ადამიანია ჩართული. მათ შორის არის KHIDI – კლუბი ფესტივალზე საკუთარ სცენას წარმოადგენს. ასევე, გვექნება TAIYO Stage და EYE Stage.
რაც შეეხება LineUp-ს . . .
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის მონაწილეები. ვიტყოდი, საკვანძო საკითხია. ამ მხრივ, სტუმრებს, ჟანრობრივად დიდ არჩევანს ვთავაზობთ. თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რომ პროგრამა უნდა ყოფილიყო ძალიან მრავალფეროვანი. ტერიტორია და ვიზიტორების სავარაუდო რაოდენობა გვაძლევს საშუალებას და სწორიც იქნება, რომ არაერთგვაროვანი Lineup გვქონდეს: წარმოვადგენთ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულ მუსიკას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, საფესტივალო ტერიტორიაზე, თავისი ადგილი იპოვოს. მაგალითად, KHIDI-ის სცენა აქცენტს, ტრადიციულად, ტექნო ჟღერადობაზე გააკეთებს. აქ ისეთ არტისტებს მოისმენთ, როგორებიც არიან Marcel Dettmann, Ben Klock, Claro Intelecto, Shlomo. EYE Stage ჰაუსზე იქნება ორიენტირებული და, დაახლოებით, 25 არტისტი, Butch, Kollektiv Turmstrasse, Detroit Swindle და ა.შ. დაუკრავს. როგორც უკვე ცნობილია, Ben Klock და Маrcel Dettmann ჩვენს მთავარ სცენაზეც b2b დაუკრავენ . ფესტივალის „ჰედლაინერი“ Die Antwoord იქნება, რომელიც მსმენელის წინაშე Main Stage-ზე წარსდგება. ეს სამხრეთ აფრიკული ჯგუფია, არის ჰიპ – ჰოპ პროექტი, Freak იმიჯით. გამორიცხულია, მათ ერთხელ მოუსმინო ან ნახო და არ დაგამახსოვრდეს.
ფესტივალის ჩასატარებლად რატომ შეარჩიეთ ანაკლია?
ანაკლია ეკონომიკურად ძალიან პერსპექტიული ზონაა. მით უმეტეს, რომ იქ პორტის მშენებლობა მიმდინარეობს და ეკონომიკური კუთხით, მას უკვე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, ტურისტულად ძალიან მნიშვნელოვანია: არის დაბლობი, უნიკალური სანაპირო ზოლი და სტაბილური ჰავა.
როგორი ბრენდი უნდა იყოს „Echowaves Powered by Exit“? რა ნიშის დაკავება გსურთ ფესტივალის ორგანიზატორებს?
მთავარია, რომ ფესტივალი იყოს სრულიად ღია სივრცე ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მუსიკალური გემოვნებისა, გამოცდილებისა და ა.შ. ჩვენი აზრით, ეს პროექტი არის ყველასთვის, ვისაც უყვარს გართობა, დასვენება, მუსიკა, დროის აქტიურად გატარება. ფესტივალის 4-ივე დღე, 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე მუსიკასთან ერთად ან სპორტული აქტივობა მიმდინარეობს, ან კინო ჩვენება, ან „ვორქშოფი“. მოკლედ, აქტიური ადამიანებისთვისაა – ვინც ეძებს სიახლეს, თავგადასავლებს, აგროვებს კარგ გამოცდილებას. გვსურს, რომ თითოეულ სტუმარს, ფესტივალის დასრულებისთანავე, მომავალი ღონისძების მოლოდინი გავუჩინოთ. ეს არის ბრენდი, რომელიც გვინდა დაკავშირებული იყოს მხიარულებასთან, კარგ ემოციებთან, და რაც მთავარია, ხარისხთან.
როგორ აპირებთ ასეთი ხარისხიანი ფესტივალის გაკეთებას ?
ის, რამაც ხალხის დაინტერესება და პირველადი დადებითი შეფასება უკვე გამოიწვია, ჩვენი Lineup-ია. საქართველოში ელექტრონული და, ზოგადად, მუსიკალური სცენა ძალიან კარგად არის განვითარებული. რამდენიმე ძალიან კარგი კლუბი გვაქვს, ბევრი მაღალი დონის არტისტისთვის მოგვისმენია. შესაბამისად, ვერკვევით სხვადასხვა ჟანრში და გვაქვს ჩამოყალიბებული შეხედულებები თითოეულ მათგანზე. ქართველ მსმენელს სერიოზული Lineup-ი უნდა შესთავაზო, რომ მისი მხრიდან კარგი განწყობა დაიმსახურო. ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულია კლუბი KHIDI, რომელიც საკლუბო მიმართულებით, ბოლოს წლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და ასევე EYE Stage, რომელსაც სხვადასხვა ტერიტორიაზე თავისი სცენის წარმოდგენის დიდი გამოცდილება აქვს. მათი ჩართულობა და ჩვენი Lineup პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. ვთვლით, რომ ღონისძიების ორგანიზების ეს ნაწილი კარგად შევასრულეთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრებს საფესტივალო ტერიტორია კარგად მომზადებული დავახვედროთ. უნდა მიხვდნენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათთვის კეთდება, რათა ბევრი დადებითი ემოცია მიიღონ და მოუნდეთ, რომ მომავალ წელსაც ჩვენი სტუმრები იყვნენ. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ – ვცდილობთ, თითოეული დეტალი მაქსიმალური სიზუსტით „გავწეროთ“. ვაშენებთ კარვების ქალაქს, Food Court-ს, რომელშიც ადგილობრივი კვების ობიექტები და კაფე-ბარები სტუმრებს დიდ არჩევნას შესთავაზებენ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს იქაურ მოსახლეობასთან. ისინიც ემზადებიან საკმაოდ დიდი რაოდენობის სტუმრის მისაღებად და სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, იქნება ეს საცხოვრებლი, თუ კვების ობიექტები ფესტივალის ტერიტორიის გარეთ. რაც შეეხება ფასებს, ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება გენერირებული ფასები, რაც წინასწარ გამოცხადდება. სტუმრები მიზერული ფასნამატით შეძლებენ ადგილზე ყველაფრის შეძენას. „ვენდორის“ თითოეული პროდუქტი კი ხარისხის კონტროლს გაივლის.
რით იქნება გამორჩეული „Echowaves“ ?
რა თქმა უნდა, გამორჩეული იქნება ორგანიზების მაღალი დონით, რაც საქართველოში ძალიან კარგად ფასდება. გვჯერა, ყველა ადამიანი იპოვის თავის ადგილს ფესტივალზე – ელექტრონული მუსიკის მოყვარულით დაწყებული, „ლაივ“ შემსრულებლების მსმენელით დამთავრებული. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უშუალოდ ღონისძიების დღეებშიც, მობილიზებულები ვიქნებით, რომ ამ კუთხით, სტუმრებზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო SAFEWAVES -ის შესახებ, რომელიც საქართველოში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა ფესტივალის ვიზიტორების, ე.წ. ფართი-გოეუერებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. SAFEWAVES-ის წარმომადგენლები თითოეულ ვიზიტორს მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავხადოთ ფესტივალი უკეთესი, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, სხვებსა და გარემოზე. Echowaves-ში ამ ორგანიზაციის ჩართულობაზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავლში მივაწვდით.
ვისთვის და რით იქნება მნიშვნელოვანი „Echowaves Powered by Exit“ ?
ტურისტული კუთხით ფესტივალის მნიშვნელობაზე თუ ვისაუბრებთ – ჩვენთვის, ამ ეტაპზე, მთავარია, რაც შეიძლება კარგად გავაგებინოთ საზოგადოებას ვინ ვართ, რა ფესტივალს ვაკეთებთ, რა მუსიკის დისტრიბუციას. მომავალი წლისთვის კი, საორგანიზაციო ჯგუფს, მოსამზადებლად და საერთაშორისო მასშტაბზე „პრომოუშენისთვის“ ბევრად მეტი დრო გვექნება. ღონისძიება მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივებისთვისაც. მათ საშუალება ექნებათ ფესტივალის განმავლობაში გააქირაონ სახლი, მოაწყონ მცირე სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, გახსნან კაფე. აგვისტოს ბოლო ხომ ტურისტულად ძალიან აქტიური იქნება.
[R]