ფესტივალ Echowaves-ისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. 23-26 აგვისტოს, ჟანრობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებულ სცენებზე 150-მდე მეტი არტისტი დაუკრავს. ორგანიზატორების თქმით, სტუმრები Main Stage-ზე, KHIDI Stage-ზე, Taiyō -სა და EYE Stage-ზე მრავალფეროვან Live-ებსა და „სეტებს“ მოუსმენენ. Echowaves-ის ფარგლებში, ახლახან დაანონსდა Taiyō-ს სცენის „ლაინაფი“. ეს „სტეიჯის“ პირველი საფესტივალო წელია.

ხატია გელოვანი (Echowaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): „Taiyō – ბამბუკისგან აშენებული კონსტრუქცია. ბამბუკი, როგორც მცენარე, მჭიდროდ არის დაკავშირებული იაპონურ კულტურასთან. იაპონურ კულტურას, მზის კულტს უკავშირდება Taiyō-s კონცეფციაც – ის ხომ მუშაობას მზის ამოსვლისას, დილის 6 საათზე იწყებს. სცენა მთლიანად ბამბუკისგან აშენდება. იაპონიაშიც, თუ სადმე გვხვდება მცენარეული მოტივი, ის მცენარე აუცილებლად ბამბუკია. Taiyō სხვა სცენისგან იმით განსხვავდება, რომ მთელი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს – დილის 6 დან საღამოს 10 საათამდე. მუსიკალურადაც განსხვავებული იქნება და მელომანებს გაახარებს ბევრი ისეთი არტისტით, რომლებიც პირველად ჩამოვლენ საქართველოში, მაგალითად FOALS (DJ set), NU. ასევე, Dominik Eulberg, Henry Saiz, Matthew Dekay, Ishome.

გვინდა აღვნიშნოთ, 2003 წელს ლეიბლზე Traum Schallplatten გამოცემული სადებიუტო დისკის შემდეგ, Dominik Eulberg საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ არტისტად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში მან ეს სტატუსი გაამართლა კიდეც. 15 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, Eulberg-ს მუსიკის გამოცემა არასდროს შეუწყვეტია. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მან 3 რელიზი გააკეთა და ევროპის წარმატებული კლუბების და ფესტივალების სტუმარი გახდა. რაც შეეხება Henry Saiz-ს, ჩვენთან ის ბენდთან ერთად ჩამოდის, ანაკლიამდე კი Henry Saiz-ი Sonar-ის ერთერთი გამორჩეული ჰედლაინერი იყო. Henry Saiz ესპანელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია, რომელიც ყოველგვარი ფორმულების და ტენდენციების იგნორირებით საკუთარ მუსიკალურ სტილს აყალიბებს. რაც შეეხება Matthew Dekay-ს, ის თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით თანამედროვე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული არტისტია. Ishome კი წარმოშობით რუსი ელექტრონული მუსიკის არტისტია, რომელიც არასტანდარტული, მელანქოლიური და მელოდიური მუსიკით თავის ხელწერას ქმნის“.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალში, თითოეული სცენის ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია. მათი თქმით, ამ „სთეიჯებისა“ და მათი შემქმნელებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ხატია გელოვანი: Taiyō – იაპონური სიტყვაა, რომელიც ნიშნავს მზეს, თუმცა ძველ იაპონურ ლიტერატურაში ტაიოს იეროგლიფი „მხატვრულადაც“ გამოიყენებოდა და ოკეანეს აღნიშნავდა. Taiyō-ს სცენის სამუშაო საათებიც დაკავშირებულია მზის ამოსვლასთან და ჩასვლასთან. მისი კონცეფციაა შეკრიბოს და წარმოადგინოს ის არტისტები, რომელიც თავისი მუსიკით მზესთან ერთად გაგვათბობენ, გაგვაბედნიერებენ, გაგვაფერადებენ და პოზიტიური ენერგიით დაგვმუხტავენ. მზესთან სიახლოვე და მისგან მიღებული ენერგია სცენის მთავარი ელემენტი იქნება (რაც გამოხატული იქნება სცენის მთავარი ინსტალაციით), ამის მიღებას კი, კარგი მუსიკის თანხლებით და ბამბუკებისგან აგებულ Taiyō-ს დახმარებით შეძლებს. ასე რომ, Taiyō, შესაძლოა, სწორედ ის ადგილი აღმოჩნდეს, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არსებობს მომენტები, რომლებისთვისაც ყველაფერი ღირდა.

რაც შეეხება KHIDI-ს სცენას, მისი წარმომადგენელი ალექსანდრე გაბრიჩიძე ამბობს, რომ თავიდანვე უნდოდათ, მათი Lineup მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ყოფილიყო.
„რატომღაც დღეს ტექნოს აღიქვამენ, როგორც ვიწრო ჟანრს. სინამდვილეში კი მასში ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს მრავალფეროვნება ჩვენს სცენაზე წარმოგვედგინა. KHIDI Stage-ზე იქნება იტალიური ტექნო, რომელსაც უფრო მელანქოლიური ჟღერადობა აქვს და საცეკვაო ტექნოდ ცნობილი მიმართულება. ასევე, დაუკრავენ კლუბ „Berghain-ის რეზიდენტები. გარდა ამისა, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, KHIDI-ს რეზიდენტების ჩართულობა. Lineup-ის მთავარი ჰედლაინერები Ben Clock, Marcel Dettmann იქნებიან. დღევანდელ რეალობაში, ისინი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი არტისტები არიან. ჩვენს სცენაზე დაუკრავს ისეთი ანდერგრაუნდის ტიპის არტისტი, როგორიცაა Yanamaste. მისი მუსიკა ყველაზე მეტად შეესაბამება „ხიდის“ მიმდინარეობას. ჩვენს „სთეიჯს“ კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის Ancient Methods, Regal, Fabrizio, Lapiana, Fiedel, Anetha. მოკლედ, Lineup ისე დავალაგეთ, რომ 4 დღის განმავლობაში საღამოს 22:00-დან, დილის 10:00-მდე სცენა უწყვეტად იმუშავეს. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ხიდის“ დახურული სივრციდან ღია სივრცეში გადმოტანა. ეს ერთგვარი გამოწვევაა. ასეთი ნაბიჯები სწრაფად არ ხდება და უცბად გაგვიჩნდა შანსი, რომელსაც ვერ გავუშვებდით ხელიდან“.
ალექსანდრე გაბრიჩიძეს მიაჩნია, რომ ხიდისა და ზოგადად სხვადასხვა „სთეიჯის“ ფესტივალში ჩართულობა ადგილობრივი სცენისა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ფინანსურ სიკეთეებზე. ანაკლიაში გართობის ბიზნესის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ფაქტორებთან. რეგიონალურად ეს ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მომენტში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ანაკლია, დასავლეთ საქართველოში, ერთგვარ, კულტურულ ჰაბადაც იქცეს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ეს არის შანსი ადგილობრივების, ჩასული სტუმრების ან თუნდაც, მონაწილეებისთვის, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროექტში, დააგროვონ სხვადასხვა ტიპის გამოცდილება და შემდეგ, შეუწყონ ხელი ან წამოიწყონ თვითმყოფადი პროექტები. იქნება ეს ზღვის სანაპირო ზოლი, ამავე რეგიონის რომელიმე ლოკაცია თუ ქვეყნის სხვა ქალაქი ან დაბა. ვფიქრობთ, რომ EchoWaves-ის წარმატებულად ჩატარებით შევქმნით მაღალ სტანდარტს და რეგიონში მაგალითს მივცემთ სხვა მოთამაშეებსაც რეგიონში“.

KHIDI-სა და Taiyō-ს გარდა, უკვე ცნობილია EYE Stage-ის ლაინაფიც. 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ანაკლიაში, ახალ ქართულ ფესტივალზე ჩასული სტუმრები Еchowaves Кollektiv Turmstrasse-ს, Henrik Schwarz-ს, Robag Wruhme-ს, Detroit Swindle-ს, Butch-ს, Sailor & I-ს, Woo York-ს და არაერთ სხვას მოისმენენ.

თითქმის დასრულებულია EYE Stage-ის მშენებლობა. KHIDI Stage-ის სცენის მშენებლობა კი რამდენიმე დღეში დაიწყება.














