27
Aug
2018

#თაობა Echowaves-იდან – რეპორტაჟი ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან

27 Aug 2018

ვინც ანაკლიაში არასაფესტივალო დღეებში არ ყოფილა, ვერ მიხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებას ამ ზღვისპირა ადგილისთვის, ხოლო, ვინც უშუალოდ, Ecowaves-ზე არ ყოფილა, სრულფასოვნად ვერ გაიგებს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ფესტივალს ახალგაზრდებისთვის, ტურიზმის განვითარებისა თუ მსოფლიო, ელექტრონული მუსიკის რუკაზე დაფიქსირების კუთხით. ჩვენ ვიყავით ანაკლიაში მანამდეც, სანამ ფესტივალისთვის მზადება დაიწყებოდა და მაშინაც, როცა Ecowaves მუსიკალურ ტალღებზე სერფერებივით მოვექეცით. მოგვყევით და გაიგეთ 4 დღიან ღონისძიებაზე ჩვენი დაკვირვების შედეგი – დეტალები ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

სანამ უშუალოდ, მუსიკალური შემსრულებლების, ფესტივალის ტერიტორიაზე განლაგებული სცენებისა და სხვადასხვა მიკროზონის შესახებ მოგიყვებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ ის კონტრასტი, რომელიც ასე შესამჩნევია ასეთ ფესტივალზე დაკვირვებისას. ვგულისხმობთ კონტრასტს ძველ და ახალ თაობებს შორის. არის თუ არა ქართული, ელექტრონული მუსიკის სცენა და სივრცე სოციალური ცვლილების ადგილი? Echowaves კონტექსტი და დამსწრეთა ქცევა ჩვენი დაკვირვების საგნად იქცა და უნდა აღვნიშნოთ აგრესიისგან თავისუფალი მუხტი, მუსიკა, კეთილგანწყობა და თავისუფლება, რომელიც ამდენ ადამიანს, განურჩევლად მართლა ყველაფრისა, ამა თუ იმ სცენის წინ აერთიანებს და აცეკვებს საკუთარი განტვირთვისა და სიამოვნებისთვის. ეს კონტრასტი მარკეტერის შთაგონების წყარო გახდა, ამიტომაც, თქვენთვის ფესტივალთან დაკავშირებული დეტალების მოყოლის პროცესს დავურთავთ Ecowaves-ზე მყოფი თავისუფალი #თაობის ფოტოებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი მუსიკალური მოვლენები ფესტივალზე გვიან ღამით ხდებოდა, დღის განმავლობაში, ფესტივალის ხუთი სცენიდან წამოსული მუსიკის პარალელურად, სტუმრებს სხვადასხვა სპორტული აქტივობით შეეძლოთ დაკავება, იქნებოდა ეს ფრენბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, ZIP Line-ზე გავლა თუ სხვადასხვა ვორქშოფზე დასწრება. აქვე იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც იოგას გაკვეთილებს ითვისებდა.

იყვნენ ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებიც:

და უბრალოდ, ფესტივალის სტუმარი ტურისტები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რა ჯანდაბა გვინდოდა:

იყო აკვაპარკი, რომელსაც დღის განმავლობაში, აქტიურად იყენებდნენ სტუმრები:
და რაც მთავარია, აქ იყვნენ ახალგაზრდები – #თაობა, რომელსაც თავისუფლებისა და სიყვარულის არ ეშინია:

რაც შეეხება მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებს, რომელთა მოსმენაც წელს ანაკლიაში იყო შესაძლებელი, ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური, ცალკეული კონცეფციების გათვალისწინებით მოწყობილ სცენებზე – WAVE Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage-სა და AQUA Stage-ზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ისეთი არტისტები, როგორიცაა: Die Antwoord, Solomun, Ben Klock, Juan Atkins, Claro Intelecto, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp, FOALS, Ricky, Marcel Dettmann, NU, Ancient Methods. იყვნენ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის არტისტებიც: Zurkin, Vakho, Vako T, Gio Shengelia და ა.შ. ფესტივალის დასკვნით დღეს შესაძლებელი იყო Kayakata-ს მოსმენაც. საერთო ჯამში კი, Echowaves სცენა წელს 150-ზე მეტ არტისტს დაეთმო, საცეკვაო მოედანმა და საფესტივალო სივრცემ კი ათიათასობით ქართველ და უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა.

 

ფესტივალის ტერიტორიაზე იყო „სტარტაპ მარკეტი“, ასევე, სხვადასხვა კვების ობიექტი, რომელში ანგარიშსწორებაც Ecowaves-ის სპეციალურ სამაჯურების მეშვეობით იყო შესაძლებელი. მობილიზებულები იყვნენ მოხალისეები, რომლებიც მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოეჩინათ სტუმრებისთვის. აქვე იყო კარვების ქალაქი და კოტეჯებიც:

ფესტივალის მუსიკალურმა ნაწილმა პიკს 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე, Wave Stage-ზე Solomun-ის დაკვრისას მიაღწია. Solomun თანამედროვე ელექტორნული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, რომელიც 2012 წელს, DJ Magazine-მა წლის საუკეთესო Dj-ად დაასახელა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფესტივალში ნაკლებად იყვნენ ჩართული ადგილობრივები, რაც შესაძლოა, ადგილობრივებისა და ვიზიტორების კულტურული გაუცხოების მიზეზადაც ჩავთვალოთ. საფესტივალო პერიოდში ანაკლია ტურისტულად „გაცოცხლდა“, მოსახლეობისთვის გაჩნდა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, თუმცა, უშუალოდ, საფესტივალო პროცესში ჩართვის, ვიზიტორების გვერდით გართობის სურვილი ან შესაძლებლობა, როგორც ჩანს, მათ არ ჰქონიათ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში, მსმენელის განსაკუთრებულ მოლოდინს სამხრეთ აფრიკული ელექტრონული, რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუო Die Antwoord იწვევდა. სწორედ ამ პროვოკაციული, თამამი და ენერგიული შოუთი მიუახლოვდა დასასრულს Echowaves 2018. ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, ანუ მას, ანაკლიაში, მომავალ ზაფხულსაც უნდა ველოდოთ.



განხილვა