24
May
2019

მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოდამტენები და უფასო WiFi „სილქნეტისგან“

24 May 2019

„სილქნეტმა“, Solartia Group-ის იდეითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის პარკებში, სკვერსა თუ უბრალოდ, ხალხმრავალ ადგილებში მზის ენერგიაზე მომუშავე, ეკოლოგიურად მდგრადი, მულტიფუნქციური დამტენების მონტაჟი დაიწყო. თითოეულს ოთხი ელექტრომოწყობილობის დატენვის საშუალება აქვს და სილქნეტის უფასო WiFi-ით არის აღჭურვილი. რაც მთავარია, მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ეკოდამტენებს სკამის ფორმა აქვს და ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სკვერის სკამი რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს: ჩამოჯდომა და დასვენება ინტერნეტში სერფინგისას თუ ელექტრომოწყობილობის დატენვისას. აქვე, პოსტერებია გაკრული, სადაც ჯეოსელის 4.5G მობილური ინტერნეტის პაკეტების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

როცა ჩვენთან ეკოდამტენების იდეით კომპანია Solartia Group მოვიდა, მათი მხარდაჭერა მაშინვე გადავწყვიტეთ, რადგან ეკოლოგიური თემები ჩვენი კომპანიის სტრატეგიული ხედვის ნაწილია. ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთ ადგილას მოგვეყარა თავი თანამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კომპონენტისთვის: მიგვეწოდებინა უწყვეტი ინტერნეტი და უწყვეტი ენერგია თავისი ელექტრომოწყობილობის დასატენად. იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩამოსული ტურისტებისთვისაც ძალიან კომფორტული და გამოსადეგი აღმოჩნდება ჩვენი ეკოდამტენები, – აცხადებს „სილქნეტის“ მარკეტინგის დირექტორი, ეკატერინე ჯავახიშვილი.

ეკოდამტენების მონტაჟი სრულად ივნისის ბოლოს დასრულდება. დასაწყისისთვის სულ 20 ასეთი მულტიფუნქციური სკამი დამონტაჟდება და მალე გუგლ მეფში დამტენების ადგილმდებარეობის მოძიება შესაძლებელი იქნება. 

ეკოდამტენების განთავსების ზუსტი მისამართებია: ბარათაშვილის სახელობის სკვერი; რიყის ტერიტორია; რუსთაველიs გამზირი #10-ის ტერიტორია; პუშკინის სკვერი; ბარათაშვილის ქუჩა; ევროპის მოედანი; ბოტანიკური ბაღი; სანაპირო #19; ლისის ტბა; ორბელიანის სახელობის სკვერი;  ვერის პარკი; აპრილის პარკი; ბუკიას ბაღი, მიწისქვეშა გადასასვლელთან; დავით აღმაშენებლის გამზირი #123; ჭავჭავაძის გამზირი, #74, კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის, ილია ჭავჭავაძის გამზირი #76, კუს ტბა; ვაჟა-ფშაველას გამზირი, გამყოლი ზოლი 3; მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ევგენი მიქელაძის, #12; კ. გამსახურდიას სკვერი, ფალიაშვილის ქუჩაზე; პარკი მზიური; “წითელი ბაღი” – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი.

განხილვა