გარემოზე ზრუნვა შინაგანი პასუხისმგებლობიდან იწყება. იწყება მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი, როგორც ცალკეული ინდივიდის როლი, გარემოს საღად შენარჩუნებაში განუზომელია. და მაინც, საიდან შეიძლება დავიწყოთ მასზე ზრუნვა? ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ სახლიდან, რადგანაც ჩვენი დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ვატარებთ. და თუკი გარემოზე ზრუნვას სახლიდან დაიწყებთ და წესად დაიდებთ „ეკო-მეგობრული” გარემოს შენარჩუნებას, მსგავსი მოთხოვნილებები სახლის გარეთაც უფრო მეტად გაგიჩნდებათ და ხშირად იმაზეც კი დაფიქრდებით, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ. ანუ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქმედებებს გარემოსთვის.
თუმცა, სანამ ქმედით ნაბიჯებზე საუბარს დავიწყებდეთ, აქვე უნდა ავხსნათ ტერმინი „ეკო-მეგობრული”, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ამ სიტყვის შემადგენელი ნაწილებიც კი თითქმის გვახვედრებს მის არსს: „ეკოსისტემისთვის მეგობრული”, ე.ი რაც ჯანსაღია გარემოსთვის და არც ერთი წამით არ აზიანებს მას.
უამრავი ხერხი არსებობს იმისთვის, თუ როგორ გავხადოთ სახლი მეტად ეკო-მეგობრული და ეს ხერხები მოიცავს ყველაფერს წვრილმანი ქმედებებიდან დაწყებული მასშტაბური ნაბიჯებით დამთავრებული.
სერიოზულად მოეკიდეთ წყლის მოხმარებას
დღესდღეობით წყლის დაუდევარი მოხმარება საკმაოდ დიდი პრობლემაა. ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰგონია, წყალი სულ არის და სულ იქნება, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ წყალიც ამოწურვადი რესურსია, თუკი მას არ გავუფრთხილდებით. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ კარგად შეამოწმოთ, თქვენი მილებიდან რომელიმე ხომ არ ჟონავს. ამის შემდეგ კი, როდესაც კბილების გამოხეხვას ან წვერის გაპარსვას დააპირებთ, უბრალოდ ჩაკეტოთ ონკანი, რადგან ამ დროს წყალი სრულებით არ გჭირდებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, იყიდოთ ისეთი ონკანიც, რომელშიც წყალი შედარებით დაბალი ნაკადით წამოვა. დადგენილია, რომ სწორედ ამგვარი ონკანის გამოყენების შედეგად, საშუალოდ 4 სულიან ოჯახს 160 000 ლიტრი წყლის დაზოგვა შეუძლია.
დაამონტაჟეთ “ჭკვიანი მრიცხველი”
სახლის გათბობაზე, როგორც წესი, ყველაზე მეტი ენერგია იხარჯება. ზამთარში არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე გათბობის უმიზეზო, ზედოზირებული მოხმარება. რეალურად, ხანდახან იგი საჭირო სულაც არ არის. სწორედ მაშინ, როცა ოთახი გარკვეულ, თქვენთვის სასურველ ტემპერატურას მიაღწევს, სანამ იგი კვლავ გაცივდება, გათბობა სრულებითაც არ გჭირდებათ. და გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირ უდრის ზედმეტად დახარჯულ ენერგიას, ასევე გიწევთ ზედმეტი ფულის ხარჯვაც. “ჭკვიანი საზომი” კი ისაა, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს. შეიძლება მისი იმგვარად დაპროგრამება, რომ გათბობა დღის კონკრეტულ მონაკვეთებში ჩაირთოს, დანარჩენ დროს კი – გამორთული იყოს. ამ საშუალებით საკმაოდ დიდი ენერგიისა და თანხის დაზოგვა შეგიძლიათ.
ეკონომიური ნათურები
ვფიქრობ, ჩამოთვლილ ხერხებს შორის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სახლში ეკონომიური ნათურების დაყენებაა. დიდი ხანია, ამგვარი ტიპის ნათურები ბაზარზე არსებობს, თუმცა, საზოგადოებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მათ გამოყენებამდე მისულიყო. ეკონომიური ნათურები მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას. გარდა ამისა, მას აქვს ერთი სასარგებლო თვისებაც: დიდი ხნის განმავლობაში ძლებს – არ ფუჭდება, რაც მომხმარებლებისთვის იმ მხრივაა კარგი, რომ ხშირად არ მოუწევთ ფულის გადახდა ნათურებში.
იყოლიეთ სახლში მეტი მცენარე და მორწყეთ ისინი უკვე გამოყენებული წყლით
ლოგიკურია, რომ სახლის ეკო-მეგობრულობაზე ზრუნვა მასში მცენარეების განთავსებით უნდა დავიწყოთ. კარგად ნაცნობია ყველასთვის, თუმცა, მაინც გავიმეორებ, რომ მცენარეები ხელს უწყობს ჰაერის გაჯანსაღებას და CO2-ის O2-ად გარდაქმნას. წყლის დიდ შეღავათს გააკეთებთ, თუკი მათ უკვე გამოყენებული წყლით მორწყავთ. ყველაფერ ამაში კი ვგულისხმობთ იმგვარ წყალს, რომელშიც მავნე ნივთიერებები არ ურევია, მაგალითად, წყალი, რომელშიც ხილ-ბოსტნეული გარეცხეთ, ან სულაც წვიმის წყალი და ა.შ
მოიხმარეთ ნატურალური გამწმენდი საშუალებები
სამწუხაროდ, დღესდღეობით სახლის გასაწმენდად ხშირად ვიყენებთ იმგვარ ნივთიერებებს, რომლებიც შხამქიმიკატებს დიდი ოდენობით შეიცავს. რეალურად კი, ეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვისაც იმდენადაა საზიანო, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ახლავე გეტყვით რატომაც.. როდესაც ამ ნივთირებებს წყლით ვაშორებთ საგნებს, ისინი წყალში აქტიურად ხვდებიან, რაც მნიშვნელოვნად იწვევს წყლის დაბინძურებასა და გამოუსადეგარობას. თქვენ მიერ ერთხელ მოხმარებულ შხამქიმიკატს მთელი მსოფლიო იმკის. მაშინ, როცა გასაწმენდად თავისუფლად შეგვიძლია, გამოვიყენოთ ბუნებრივი საშუალებები: ციტრუსი, ძმარი, სოდა და ა.შ
იქონიეთ სახლში ურნა გადასამუშავებელი ნარჩენებისთვის
საკმაოდ დიდი წვლილი, რაც კი შეიძლება, გარემოს დაცვაში შეიტანოთ, ნარჩენების გადასამუშავებლად გამწესებაა. მარტივია, უბრალოდ გადაყაროთ ნაგავსაყრელზე ისინი, თუმცა, კარგად დაფიქრდით იმაზეც, რომ სულ მალე ამდენი ნარჩენისთვის დედამიწაზე ადგილი აღარ დარჩება. ამიტომ სახლში ეკო-მეგობრული გარემოს შექმნისას დადგით სპეციალურად გადასამუშავებელი ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა.
იყიდეთ გადამუშავებული
დღესდღეობით გადამუშავებული ნარჩენებისგან ახალთახალი, სრულიად ჩვეულებრივი საგნები იქმნება. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ, უბრალოდ გადამუშავებული ბლოკნოტები და ნებისმიერი ტიპის ქაღალდი შეიძინოთ, ასევე შეიძლება გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვაც: ტელევიზორი, მობილური და ა.შ
ტოსტერი ღუმელის ნაცვლად
თუკი ელექტროღუმელის მომხმარებელი მაინც და მაინც ხშირად არ ხართ, თუმცა, პურს ან მსგავს საკვებს მაინც მასში ათბობთ, საკმაოდ აშავებთ. დადგენილია, რომ ელექტროღუმელი დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს. ეს ხდება იმიტომაც, რომ მას გასათბობად დრო სჭირდება და ხანდახან, როცა მისი კარი ღია გვრჩება, აკუმულირებული სითბო გარეთ გამოდის და იკარგება. სწორედ ამიტომ, ტოსტერი ზემოხსენებული შემთხვევებისთვის იდეალური ვარიანტია. ცნობილია, რომ იგი ელექტროღუმელზე ორჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ამიტომ, სახლში ეკო-მეგობრული გარემოს შექმნისას, ესეც გაითვალისწინეთ.
გამოაერთეთ დამტენები დენცქვიტადან მაშინ, როცა არ ხმარობთ
ხანდახან ენერგიას მაშინაც მოვიხმართ, როცა არ გვგონია.. ამის კლასიკური შემთხვევა კი დენცქვიტაში შეერთებული დამტენები და სხვა ტიპის ელექტროკაბელებია, რომელთა გამოერთებაც ძალიან ხშირად გვავიწყდება. ჩვენი ამ დაუდევარი თვისების გამო კი “სამყარო ენერგიას ხარჯავს”. სწორედ ამიტომ, ეცადეთ ყურადღებით იყოთ თუნდაც მაშინ, როცა გეჩქარებათ..
დღესდღეობით სახლში ეკო-მეგობრული გარემოს შექმნის მიზნით მისი გადახურვისას მზის პანელებს ამონტაჟებენ. ამგვარი გარემოს შექმნას ასევე უწყობს ხელს „ჭკვიანი სახლის” მოწყობილობებიც, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, ამგვარი ზრუნვა დიდ რესურსებთან რომაა დაკავშირებული. თუმცა, გარემოს ბევრნაირად შეიძლება მოვუაროთ, რადგან ჩვენს ელემენტარულ ქმედებასაც კი (ნაკლები პოლიეთილენის ცელოფნის გამოყენება, ონკანის ჩაკეტვა, ეკონომიური ნათურების გამოყენება) დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია სამყაროში. სწორედ იმ სამყაროში, რომელშიც დედამიწა დღესდღეობით არსებობისთვის იბრძვის..
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.