ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინი „ენერგოეფექტურობა“. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა მცირე ენერგოდანახარჯის შედეგად მიღებული მაქსიმალური შედეგი. ენერგოეფექტურობის ნაწილია მზის, ქარისა თუ წყლის ენერგიის გამოყენება. განსაკუთრებით იზრდება ყურადღება ამ მიდგომის საცხოვრებელ თუ საოფისე სერვისებში დანერგვის მიმართ. სწორედ ამ სერვისებს აერთიანებს კომპანია „ეკო ბინა“, რომელიც განსაზღვრავს ენერგოაუდიტს, სრულად უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვას ობიექტებზე. „ეკო ბინას“ შესახებ, მისი დამფუძნებელი ზურაბ დოლენჯაშვილი გვესაუბრა.
„თუკი ენერგოეფექტურობას ჭკვიანურად დაგეგმავთ, დააპროექტებთ და ჩადებთ ინვესტიციას, 5-7 წლის შემდეგ მთლიანად აინაზღაურებთ ჩადებულ ინვესტიციას და ხარჯებს გაანულებთ“.
M: როდესაც ენერგოეფექტურობაზე ვსაუბრობთ, რას ვგულისხმობთ?
ხშირად, კომპანიები ენერგოეფექტურობაში კედლების თბოიზოლაციას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით მეტს მოიცავს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რასთან აქვს საქმე. ზოგადად, შენობის ენერგოეფექტურობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ესენია:კედლების თბოიზოლაცია, მაღალი ხარისხის სწორად ჩასმული ფანჯრები, რათა თბოდანაკარგები ავიცილოთ თავიდან, ენერგოდამზოგი ტექნიკა, დიოდური ნათურები, ვენტილაციის სისტემა რეკუპერაციით, სახურავის თბოიზოლაცია. ყველაფერი, რაც შეხებაშია ცივ ჰაერთან, სრულად უნდა იყოს თბოიზოლირებული. ასევე, მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, მათ შორის მზის, ქარის და მიწის ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიისა და გათბობა-გაგრილების უზრუნველსაყოფად, რათა ენერგომომარაგებაზე დანახარჯი სრულად განულდეს.

M: რას მოიცავს ენერგოაუდიტი?
ამ პროცესში სრულად შევისწავლით არსებულ პროექტს. შემდეგ კი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დეტალურად ვგეგმავთ ენერგოეფექტურ ღონისძიებებს: არსებული შენობების კონსტრუქციული ელემენტების თბოგადაცემის კოეფიციენტების დადგენა, პროექტის ენერგოდაზოგვის პოტენციალის განსაზღვრა, ენერგეტიკული ბალანსის ანალიზი მოხმარებული ენერგო რესურსების სახეობის მიხედვით, ენერგობალანსის ანალიზის საფუძველზე ენერგო–ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა, თითოეული ენერგოეფექტური ღონისძიების ეკონომიკური ანგარიში, ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების ანალიზი, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების დეტალური პროექტირება.

M: რა სერვისებს უზრუნველყოფს „ეკო ბინა“?
„ეკო ბინა“ მოიცავს ყველაფერს, რაც ენერგოეფექტურობასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწორად დაგეგმვა და დაპროექტება: ენერგოაუდიტის ჩატარება, შენობის თბოიზოლაციის კვანძების დეტალური ნახაზების შემუშავება, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების დაპროექტება, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაბამისი პროექტების მომზადება და ამ პროექტების მიხედვით, სამუშაოების შესრულება.

1 ივლისიდან, საქართველოში შენობების,შენობის ნაწილების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, სპეციალური დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს, ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც „ეკო ბინას“ გუნდს აქვს და შეგვიძლია უზრუნველვყოთ ეს სერვისი, რათა მომხმარებლებმა მშენებლობის ნებართვის მოპოვება შეძლონ.
M: რა გამოცდილებას აერთიანებს „ეკო ბინა“?

ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებაში საჭიროებს კომპეტენციის ქონას, რაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ. კომპანია 2016 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა ჩემი, როგორც მისი დამფუძნებლის გამოცდილება ბევრად ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. პროფესიით არქიტექტორი ვარ. 1994 წლიდან ვმუშაობ პროექტირებაზე, სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით. დღეის მონაცემებით, საინჟინრო ქსელების პროექტირებასა და მონტაჟს უზრუნველვყოფთ – გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება და სუსტი დენები, ცხელწყალმომარაგება, სახანძრო სისტემები.
2016 წელს, GIZ-ის პროგრამის ფარგლებში, გავიარე 4-თვიანი გადამზადების კურსი ენერგოეფექტურობის შესახებ, ასევე, გავიარე პრაქტიკა გერმანიაში. მოგვიანებით, 2018 წელს, ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს პროგრამა SABIT-ში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავეცანით ენერგოეფექტურ პროექტებს.
საქართველოშიც მაქვს შესრულებული არაერთი პროექტი, მათ შორის, 55-ე სკოლის, 1-ლი ექსპერიმენტული და მე-200 სკოლის, 114-ე სკოლის თბოიზოლაციის პროექტები, ვენტილაციისა და გარედან დათბუნების კუთხით. ენერგოაუდიტში ლიზენცირებული ევროპელი ექსპერტები გვყავს ჩართული, რაც საშუალებას გვაძლევს მასშტაბური ობიექტებისთვის უზრუნველვყოთ ეს სერვისი, მათ შორის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
M: რა გავლანა აქვს ენერგოეფექტურობას ჩვენს ყოველდღიურობაზე?
ხარჯის გარდა, ენერგოეფექტურობა CO2-ის გამოყოფას ამცირებს, რაც გარემოსთვისაც მნიშვნელოვანია. ყველა ოჯახმა, რომ გაითვალისწინოს ეს, ბევრად ჯანსაღ გარემოში ვიცხოვრებდით. ამას გარდა, ენერგოეფექტურობას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მშენებლების გულგრილობის გამო, რის შედეგადაც ხშირად გვაქვს შენობებში თხელი კედლები, ჩნდება კონდენსატი, ობი და სოკო, ფუჭდება რემონტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზიანდება ჯანმრთელობა, არაჯანსაღი გარემო იწვევს გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებს, ალერგიას… არსებულ ბინებში სავენტილაციო სისტემის, რეკუპერატორის დაყენებით კი ეს პრობლემა იხსნება 100%-ანი გარანტიით, სხვაობა კი ადვილად შესამჩნევია, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონში, სადაც ტენიანობა მაღალია.
M: უფრო ვრცლად რომ მიმოვიხილოთ, როგორ უზრუნველყოფს რეკუპერატორი სივრცის ვენტილაციას, ტემპერატურის შენარჩუნებით?
კომპანია „ეკო ბინა“ 2016 წლიდან არის უკრაინული კომპანია PRANA PLATINUM-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. რეკუპერატორი „პრანა“ არის დამოუკიდებელი დეცენტრალიზირებული ვენტილაციის სისტემა ჰაერის რეკუპერაციით, მარტივად დამონტაჟებადი, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ სივრცეში ჰაერმონაცვლეობას ტემპერატურის ცვლილების გარეშე, რაც ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ სისტემის არსებობა კი პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან.
უკვე მე 7 წელია, რაც რეკუპერატორებს ვამონტაჟებთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ არ გვყავს არცერთი უკმაყოფილო მომხმარებელი. ამ პერიოდში ჩვენი მომხმარებლები გახდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „სარაჯიშვილი“, „ლასარე“, „ავერსი“, „ელემენტ კონსტრაქშენი“, „სილქნეტი“, მედ დიაგნოსტიკა, „კრისტალი“, „ზუმერი“ და სხვა
M: როგორ გეგმავთ ამ მიმართულებით „ეკო ბინას“ განვითარებას?
ახლა, როდესაც ენერგოეფექტურობა კანონით იქნება გამყარებელი, ვფიქრობ, ზრდა საგრძნობი იქნება და უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ შევამციროთ დანახარჯები, გავუფრთხილდეთ ბუნებასა და ადამიანების ჯანმრთელობას.
[R]












