საჭირო ინფორმაციის ფლობა და სწრაფი რეაგირება, დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში, ადგილის დამკვიდრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ეკოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Ecoman-ის შექმნის ამბავი 2016 წლის მარტში ატეხილ ბუმს უკავშირდება, როდესაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი კოდექსის თანახმად, ყველა კლინიკას უნდა დაენიშნა გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვას უზრუნველყოფდა. მოულოდნელად თავს დამტყდარმა ვალდებულებამ მრავალი კლინიკის მფლობელი დააბნია და აიძულა კვალიფიციური კადრის გარეთ ძებნა. ეს ინფორმაცია ათასობით ადამიანმა იცოდა, თუმცა ბიზნესის წამოწყება მხოლოდ რამდენიმემ გადაწყვიტა, მათგან ერთ-ერთი კი ეტაპობრივად, ლიდერულ პოზიციაში აღმოჩნდა. მარკეტერი ესაუბრა თორნიკე ასათიანს, შპს „ეკომენის“ დირექტორს, რომელიც მოგვიყვა, როგორ უნდა აღმოჩნდე „საჭირო დროს, საჭირო ადგილას“ და ბიზნესის წამოწყებისას, რა მნიშვნელობა აქვს სისწრაფეს, რისკიანობას, შრომასა და წარმატების რწმენას.
M: თორნიკე, გაგვეცანით, სად მიიღეთ განათლება, როგორ აღმოჩნდით გარემოსდაცვით სფეროში?
2014 წელს „ESM“ დავამთავრე, თუმცა მეორე კურსიდან, უკვე ვმუშაობ კერძო სექტორში და ვცდილობ, ყველა სფეროში გამოვცადო საკუთარი შესაძლებლობები. მეოთხე კურსის ბოლოს ვმუშაობდი „კავკასიის მინერალებში“, სამთამადნო კომპანიაში, რომელიც რაჭაში იკვლედა ანთიმონიტის საბადოს. პროექტი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ხშირი შეხება მქონდა. ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე შპს „გერგილში“, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში უკვე წლებია, მოღვაწეობს.
M: როგორ მიხვდით, რომ Ecoman-ის დაარსება იყო საჭირო?
ერთ დღეს გავიგეთ, რომ სამინისტრომ ახალი კოდექსი შეიმუშავა, რომელიც ყველა სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს უამრავ ვალდებულებას აკისრებდა. ეს თემატიკა საზოგადოებისთვის ჯერ უცხო იყო, საქართველოში იშვიათად თუ ვინმე სახიფათო ნარჩენებს სწორი გზით მართავდა, ამიტომ უამრავი კერძო ბიზნესი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მე და ჩემი მეგობარი მივხვდით, რომ მალე ქალაქში ქაოსი ატყდებოდა და გაჩნდებოდა უზარმაზარი თავისუფალი ნიშა. ვიდოცით, რომ კლინიკები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ არც კოდექსზე, არც ნარჩენების სწორი მართვის ტექნიკასა და არც იმის დრო გააჩნდათ, რომ კანონები შეესწავლათ და დოკუმენტები მოემზადებინათ, დაიწყებდნენ საკონსულტაციო კომპანიის ძებნას, ვინც მათ ამ საქმეში დაეხმარებოდა. ხელში მომგებიანი ბილეთი გვეჭირა, მხოლოდ გამოძრავება და საკასომდე მისვლაღა გვჭირდებოდა, ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა, დავით თევზაძემ სასწრაფოდ დავარეგისტრირეთ კომპანია.
M: პირველ რიგში, რა გააკეთეთ და რა მატერიალური თუ არამატერიალური რესურსი გამოიყენეთ?
გავიარეთ ტრეინინგები, შევისწავლეთ კანონები, გავესაუბრეთ ამ სფეროში გამოცდილ ექსპერტებს, გავეცანით ევროკავშირის სტანდარტებს და დავიწყეთ სიარული კარდაკარ. მივდიოდით მცირე ზომის კლინიკებთან და საჭირო მომსახურებას ვთავაზობდით. ზოგს აფერისტები ვეგონეთ. ზოგთან ხუთჯერ მოგვიწია მისვლა, არ ვეშვებოდით. მთავარი ინვესტიცია დრო და ენთუზიაზმი იყო. თავიდან ქალაქში ბრმად ვმოძრაობდით და სადაც კლინიკას მოვკრავდით თვალს, კარზე ვაკაკუნებდით, თუმცა მალევე მივხვდით, ეს საკმარისი არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ საქართველოში დარეგისტრირებული კლინიკების სია თავისი მისამართებით.M: კონკურენტები თუ გყავდათ?
კი, დაახლოებით, 1 კვირა ვიარეთ ასე მე და დათომ და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარდა, დაახლოებით, 5 კომპანია დადიოდა და სთავაზობდა კლინიკებს საკუთარ მომსახურებას. ზოგი ჩვენზე ძვირად, ზოგიც იაფად, თუმცა ყველას შეთავაზება თითქმის იდენტური იყო. მივხვდით, ჩვენ ორის რესურსები საქმეს არ ყოფნიდა ამიტომ, სასწრაფოდ დავბეჭდეთ საინფორმაციო ბუკლეტები, ავიყვანეთ კადრები და გადავანაწილეთ უბნები. ჩვენდა საბედნიეროდ, კონკურენტებიდან რატომღაც არცერთი არ გასულა თბილისის საზღვრებს გარეთ. ცხადი იყო, მომსახურება სხვა ქალაქებშიც სჭირდებოდათ. ამიტომ, ავიყვანეთ კადრები სხვადასხვა რაიონში – მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – და იქაურ კლინიკებშიც დავიწყეთ ჩვენი მომსახურების შეთავაზება. ასევე, საჩქაროდ შევქმენით ვებგვერდი, სადაც სრულად განვათავსეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ. 21-ე საუკუნეში ახალ ინფორმაციას ადამიანი ინტერნეტში ეძებს, ამიტომ გუგლზე ვიყიდეთ „ქივორდები“, რომლებიც პირდაპირ ჩვენს საიტზე ლინკავდა, ბოლოში კი ჩვენი ნომერი იყო მითითებული. ხალხი ღამეც კი რეკავდა.
M: კონკურენტებთან ბრძოლის რა სტრატეგია გქონდათ?
საფასო ბრძოლაში ჩართვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ რაღაც სხვა უნდა შეგვეთავაზებინა კლინიკებისთვის. იმ დროისთვის უკვე საკმაო რაოდენობის კლინიკა გვქონდა მოვლილი და სხვადასხვა კლინიკის ბევრ მფლობელს მოვუსმინეთ. მათ არა გარემოსდაცვითი მმართველი ან რაიმე დოკუმენტის დამზადება სურდათ, არამედ ადამიანი, რომელსაც ესმოდა ეს სფერო, აუხსნიდა ყველაფერს, გადაიბარებდა პასუხისმგებლობას და სამინისტროსთან უშუამდგომლებდა. ჩვენც სწორედ ამას ვთავაზობდით. ჩვენ ვყიდდით კომფორტს და არა – მომსახურებას. ასეთი მიდგომით, დილის 10 საათიდან ღამის ოთხ საათამდე მუშაობის გრაფიკით, ერთ თვეში, ყველა ქალაქი მოვიცვით. კადრებშიც ძალიან გაგვიმართლა. კონკურენტებმა ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყეს ბაზრიდან გასვლა. სიმართლე გითხრათ, როდესაც პირველ კლიენტებთან ვაფორმებდით ხელშეკრულებებს, წარმოდგენაც არ გვქონდა, რა დოკუმენტი უნდა მოგვემზადებინა მათთვის. ვიცოდით მხოლოდ ერთი რამ, რომ არაფერია შეუძლებელი.
M: როგორ აგყავდათ კადრები?
ვაკანსია დავდეთ ბევრ საიტზე და ახლობლებშიც გავავრცელეთ ხმა. ვიბარებდით გასაუბრებაზე ხალხს. ვეძებდით ადამიანებს, ვინც მოგვყიდდა საკუთარ თავს, რადგან ის ჩვენს პროდუქტსაც იოლად გაყიდდა. შემდეგ ვატრეინინგებდით და ვუზიარებდით მთელ ჩვენს ცოდნას.
M: ამის შემდეგ როგორ იმოქმედეთ?
მერე გავაკეთეთ კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ჭკვიანური სვლა და სამინისტროს წარმომადგენლებთან, ვისაც უშუალოდ ეს დოკუმენტები უნდა შეემოწმებინა, მივიტანეთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ, რომ ვართ საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც უკვე 200-მდე კლიენტი ჰყავდა რაც ნიშნავდა, რომ 200 დოკუმენტი უნდა მოგვემზადებინა მათთვის. შევთავაზეთ თანამშრომლობა. დავწერეთ ერთ-ერთი კლინიკის ინვენტარიზაციის დოკუმენტი და ჩავაბარეთ. იქიდან ეტაპობრივად, უამრავი კომენტარი მოგვდიოდა, რომელსაც ჩვენც ვითვალისწინებდით და დოკუმენტს ვხვეწდით. საბოლოოდ, შევიმუშავეთ ჩვენი ფორმატი, რომელზეც დამატებითი კითხვები აღარ ჩნდებოდა და შეთანხმების პროცესიც გამარტივდა. ჩვენ მიერ დამზადებულ დოკუმენტს, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 1 თვისა, სამინისტრო ხანდახან ორ დღეშიც ითანხმებდა. ასე დავიმკვიდრეთ სანდო სახელი ბაზარზე. შემდეგ კი სხვა სფეროებიც მოვიცვით. დღეს 250 ზე მეტი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული კლინიკებთან, ქარხნებთან, სამშენებლოებსა და მსხვილ მწარმოებლებთანაც კი.
M: რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველო ნელ-ნელა გადადის ევროპულ სტანდარტებზე და საქმე ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ადრე თუ გვიან, ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგება ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკა და იმედი გვაქვს, ამ გარდაქმნის პროცესში მცირე წვლილს შპს ეკომენიც შეიტანს. თუმცა ნათქვამია ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ამიტომ საჭიროა, თითოეული ჩვენგანი გაუფრთხილდეს და დაიცვას გარემო დაბინძურებისგან.
M: და მაინც, რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
ამ გამოცდილებამ გვანახა, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია. ახლაც რამდენიმე დიდი პროექტის განხილვის პროცესში ვართ, რომლის წარმატების ისტორიასაც შემდეგ ინტერვიუში მოგიყვებით.