ქართულ ელექტრონული კომერციის სივრცეს სულ უფრო მეტი ბიზნესი უერთდება. უამრავი კომპანია მივიდა აზრამდე, რომ სტაციონარული მაღაზიებისა და ფილიალების გარდა, მნიშვნელოვანია პროდუქტებისა და სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება. ამავდროულად, არც ელ.კომერციის პლატფორმის ნულიდან შექმნა და მისი მართვისთვის საჭირო ყველა პროცესთან გამკლავება ბევრი ორგანიზაციისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა eCommerce 360 – ქართული პლატფორმა, რომელიც ბიზნესისთვის ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებს სრულად უზრუნველყოფს. ესაა სრულმასშტაბიანი ხედვა და მოიცავს ყველა მიმართულებას – გაყიდვები იქნება ეს, გუნდის მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი თუ სხვა. eCommerce 360 ბიზნესებს საშუალებას აძლევს უმოკლეს ვადაში ჩამოაყალიბონ ელ.კომერციის მიმართულება და ონლაინ რეჟიმში მოემსახურონ მომხმარებლებს. eCommerce 360 ლემონდუ ჯგუფმა შექმნა, რომლის პროექტებს უკვე კარგად იცნობთ, მათ შორისაა: TKT.GE, SS.ge, Domenebi.ge, Elvis Delivery და 70-მდე სხვა საიტი თუ მობილური აპლიკაცია. eCommerce 360 უკვე დანერგილია სამ ქართულ კომპანიაში: მოიტანე, გუდვილი, სპარი და ახალ საინტერესო მასშტაბურ მიმართულებებზე განაგრძობს მუშაობას. პლატფორმის შესახებ, eCom 360-ის მმართველი პარტნიორი სოსო გეგეჭკორი გვესაუბრა.
M: როგორ შეიცვალა ელექტრონული კომერცია ბოლო წლებში, საქართველოში?
ელექტრონული კომერციისთვის ბოლო წლები რომ განსაკუთრებულად მოგებიანი იყო, ეს ცალსახაა. მთლიანი ინდუსტრიის წინსვლასთან ერთად, საინტერესოა ამ პროცესის მონაწილე რგოლების განვითარება.
ელექტრონულ კომერციაში არის სამი მნიშვნელოვანი რგოლი: მაღაზია, მომხმარებელი და კურიერი. ესაა სამი განსხვავებული სუბიექტი, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ელექტრონული კომერციის იმ სახით ჩამოყალიბებაში, რა სახითაც დღეს გვაქვს ის საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.
მომხმარებლები უფრო მეტად სტუმრობენ ქართულ ecommerce პლატფორმებს, როგორც საჭმლის სწრაფი მიწოდებისთვის, ასევე ტანსაცმლის და მსხვილი ტექნიკის მაღაზიებსაც ონლაინ განვადებებისთვის.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა ბევრი ონლაინ მაღაზია და მიწოდების სერვისები, რამაც შეძლებისდაგვარად აწია მათი ხარისხი.
შესაბამისად, შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც. დარწმუნებული ვარ, დღეს, თქვენც და მეც ძაან გაგვიჭირდება ისეთ ნაცნობის ნახვა, ვისაც ერთხელ მაინც არ შეუკვეთავს რაიმე ონლაინ. უკვე მივეჩვიეთ, რომ სახლიდანაც შეგვიძლია შევუკვეთოთ ნებისმიერი სახის პროდუქტი და ლოგიკურიცაა – რატომ ვიდგეთ რიგში და საცობში, როცა შეგვიძლია ეს დრო ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის გამოვიყენოთ?
M: სფეროს განვითარებასთან ერთად, რა გამოწვევების წინაშე დადგა ელ.კომერცია საქართველოში?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სისწრაფე – რამდენად სწრაფად ავუწყვეთ ფეხი ახალ გარემოებებს, რაც პანდემიამ გამოიწვია, რამდენად სწრაფ პროცესს ვთავაზობთ მომხმარებლებს ჩვენს აპლიკაციაში, რამდენად სწრაფად მიგვაქვს პროდუქტი და რამდენად სწრაფად შეგვიძლია დავატრიალოთ ეს პროცესი ხელახლა არაერთხელ.
ამან გამოიწვია პრობლემები ისეთ პროცესებში, როგორიცაა შეკვეთის და გადახდის სიმარტივე, მიწოდების სისწრაფე, მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია… ბიზნესებს გაუჭირდათ ამ პრობლემებზე რეაგირება, რადგან აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი საჭიროებს ცალკე ექსპერტს, ცალკე პლატფორმას, რომელიც დამატებით რესურსთან და თავის ტკივილთანაა დაკავშირებული.
საბოლოოდ მივიღეთ სურათი, სადაც მიწოდებამ ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ბევრ კომპანიას გაუჭირდა შესაბამისად რეაგირება ბაზრის ცვლილებებზე და შედეგად მივიღეთ უკმაყოფილო მომხმარებლები, დაზარალებული ბიზნესები, არასწორად აწყობილი პროცესები და ა.შ.
M: რა გამოწვევებს უპასუხეთ eCommerce 360-ის საშუალებით?
ჩვენ ბიზნესებს მაქსიმალურად ვუმარტივებთ ციფრულ ბაზარზე შემოსვლის პროცესს და ვაძლევთ საშუალებას, რომ მინიმალური რესურსით, სულ რაღაც ორ თვეში ჩაუშვან საკუთარი ელ.კომერციის პლატფორმა. დღევანდელი კონკურენციის პირობებში, კომპანიებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ონლაინ ხელმისაწვდომობას, მაგრამ საკუთარი ecommerce პლატფორმის ქონა საკმაოდ გრძელვადიან და ძვირ პროცესებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ბევრი უკან იხევს – ან საერთოდ არ აციფრულებს თავის ბიზნესს, ან იყენებს მარკეტფლეისებს იმისთვის, რომ გახადოს თავისი პროდუქტი ხელმისაწვდომი ონლაინ.
M: eCommerce 360-ის კონცეფციაზე გვიამბეთ. რას გულისხმობს სერვისის 360-იანი მოცვა?
eCommerce 360 გულისხმობს სრულ 360 გრადუსიან ხედვას ecommerce-ის ლოგისტიკაზე. როგორც ვთქვი, ელ.კომერციას დღეს ბევრი აღიქვამს როგორც მხოლოდ პროდუქტის ონლაინ განთავსებას და გაყიდვას. რეალურად კი იმისათვის, რომ პროდუქტი მარტივად შევარჩევინოთ მომხმარებელს, დავაბინავოთ შემოსული შეკვეთა და ეს ციკლი კვლავ არაერთხელ დავატრიალოთ, ბევრი სხვა პროცესის გამართულად მუშაობაა საჭირო, როგორიცაა: გაყიდვების არხში პროდუქტების სწორად გამოტანა, შემოსული შეკვეთების მიღება, შეგროვება და დროული მიწოდება, თანამშრომლების მონიტორინგი, ყოველ იტერაციეაზე ბიზნესის ზრდა და მომხმარებელთან ხარისხიანი კომუნიკაცია.
სწორედ ამ პროცესების სამართავად შევიმუშავეთ, გავმართეთ და გავაერთიანეთ მოდულები ჩვენს ერთიან გადაწყვეტაში eCom 360-ში.
M: რა სერვისებს უზრუნველყოფთ ბიზნესისთვის?
ბიზნესი ჩვენგან ყიდულობს პლატფორმის ლიცენზიას, რითაც მას გადაეცემა მომხმარებლის iOS და Android აპლიკაციები, ვებსაიტი, შეკვეთებისა და პროცესების სამართავი პანელი, შემგროვებლის აპლიკაცია და კურიერის აპლიკაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მორგებულია მის ბრენდსა და ბიზნეს პროცესებზე.
პლატფორმას მოყვება გარანტიებიც. დეველოპმენტის დასრულებისა და პროდუქტის დანერგვისთანავე იწყება ტექნიკური მხარდაჭერის ეტაპი, როცა კომპანია იხდის ყოველთვიურ გადასახადს იმისთვის, რომ პროდუქტი იყოს ყოველთვის “up to date” და ნებისმიერი ხარვეზის თუ მცირე ცვლილების შემთხვევაში მოხდეს მყისიერი რეაგირება.
M: რას შეცვლის eCommerce 360 ქართულ ელ.კომერციაში, გრძელვადიან პერსპექტივაში?
ჩვენი პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას. ის ბიზნესებს უმარტივებს ციფრულ ბაზარზე შემოსვლის პროცესს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს ბევრად მეტ ecommerce პლატფორმას, გაზრდილ კონკურენციას და გაუმჯობესებულ ხარისხს.
[R]