ბოლო წლებში ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. საქართველოში მომხმარებლები 3-4-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე ადგილობრივებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრონული ვაჭრობა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, განვითარების ამ ეტაპზე მხარდაჭერა კი ყველაზე მეტად ახალბედა, მცირე ზომის ბიზნესებს სჭირდებათ.
ამ პრობლემების საპასუხოდ, იქომერს ასოციაცია – საქართველო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საკონსულტაციო სერვისებს ავითარებს. პროექტი „ორგანიზაციული მდგრადობის სერვისები”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის OCAP (ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე სექტორებში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSOs) მდგრად განვითარებას.
„ორგანიზაციული მდგრადობის სერვისების” პროექტის ფარგლებში კომპანიები ოთხი მიმართულებით საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას დარგის ექსპერტებისგან მიიღებენ. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა კი პროექტს ფინანსური და სტრატეგიული მიმართულებით უჭერს მხარს.
იქომერს ასოციაცია — საქართველოს ბიზნესის მრჩევლის საკონსულტაციო მომსახურება ელექტრონული კომერციის ბიზნესის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ქმედითი რეკომენდაციების გაცემას მოიცავს. ბიზნესებს კონსულტაციას სამი ექსპერტი, ასოციაციის დამფუძნებლები — ამირან შეროზია და ანდრო კიკნაძე და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, მურთაზ ფუტკარაძე გაუწევენ.
ციფრული მარკეტინგის სერვისით, სპეციალისტი განსაზღვრავს სტრატეგიებს ონლაინ ხილვადობის გაზრდისა და გაყიდვების გენერირების მიზნით; სერვისი მოიცავს კომუნიკაციისა და კონტენტის სტრატეგიას, SEO და PPC სტრატეგიას, იმეილ მარკეტინგსა და სხვა კომპონენტებს.
მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ოპერაციების დახვეწა იქნება შესაძლებელი. ესაა სერვისი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ლოჯისტიკური, ტექნიკური, სასაწყობე თუ სხვა მიმართულებების გაუმჯობესება სურთ.
პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურებით ბიზნესები შეძლებენ სტრატეგიული პარტნიორების მოძიებას, ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას, ოპერაციების გაფართოებასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის სტრატეგიების დასახვას.
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს პროექტში ჩართვისთვის განაცხადის გაკეთება 15 სექტემბრამდე შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია პროექტს ამჟამად საპილოტე რეჟიმში ახორციელებს, ამიტომ ბიზნესებს განსაკუთრებული პირობებით — 70%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ სასურველი სერვისის მიღება.
სერვისები, თავის მხრივ, რამდენიმე შეთავაზებად იყოფა — Basic, Advanced და Implementation პაკეტებს სხვადასხვა ფასი და პირობები აქვს და განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობისა თუ ზომის ბრენდებისთვისაა განკუთვნილი. პროექტში ჩართვა იქომერს ასოციაცია – საქართველოს როგორც წევრ, ისე არაწევრ ბიზნესებს შეუძლიათ. წევრებისთვის კი 20%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული.
„მოტივაცია გვაქვს, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის სერვისების ხარისხი გაიზარდოს. პროექტის და, ზოგადად, ასოციაციის მიზანია, მომხმარებლებისთვის ამაღლდეს ბაზარზე არსებული ბიზნესებისადმი სანდოობა, ეს კი მაღალი ხარისხის სერვისის შენარჩუნებითაა შესაძლებელი”, — ამბობს ამირან შეროზია, იქომერს ასოციაცია – საქართველოს დამფუძნებელი.
ასოციაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ანდრო კიკნაძე აღნიშნავს, რომ სერვისების დახმარებით, ბიზნესებს გაეშლებათ ხედვის არეალი, გაიცნობენ ერთმანეთს და გაიგებენ, რა შესაძლებლობები არსებობს ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზრებზე. „მნიშვნელოვანია, რომ მათ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჰქონდეთ სათანადო კავშირები და იცნობდნენ ელექტრონული კომერციის ლანდშაფტს”, — ამბობს ანდრო.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ იქომერს ასოციაცია – საქართველოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელს, საკონსულტაციო სერვისების მისაღებად კი დარეგისტრირდით ამ ბმულზე.
იქომერს ასოციაცია – საქართველო 2019 წლიდან ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ონლაინ გაყიდვების ზრდაში, მიწოდების სრული ჯაჭვის ჩამოყალიბებასა და ლოჯისტიკურ საკითხებზე ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.
[R]