in

რომელ E-commerce პლატფორმებს იყენებენ ქართული სტარტაპები

Startauperi
Startauperi

თქვენი ბიზნესისთვის გაყიდვების რა არხებს იყენებთ? არც ისე დიდი ხანია გასული მას მერე, რაც შოპინგისთვის მაღაზიაში ადგილზე მისვლა იყო საჭირო, დღეს კი, სულ რამდენიმე დაწკაპუნებით, ონლაინ შეგვიძლია შევუკვეთოთ ნივთი და სასურველ მისამართზე დაველოდოთ. ასევე, საკუთარი პროდუქტის ქართული თუ უცხოური ინტერნეტ-პლატფორმების საშუალებით, მთელ მსოფლიოში გაყიდვის საშუალება გვეძლევა. „გაციფრულება“ – ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადასვლას ამ ტერმინით ხშირად მოვიხსენიებთ ხოლმე. პანდემიამ ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და შეიძლება ითქვას, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ზრდა სწორედ იმ სტარტაპებმა ნახეს, რომლებმაც ყველაზე სწრაფად და მოქნილად გადაინაცვლეს ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ამჯერად, გადავწყვიტეთ, ქართული სტარტაპებისთვის გვეკითხა, ელექტრონული კომერციის რომელ პლატფორმებს იყენებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმებით აარჩიეს ისინი.

ნინა მენთეშაშვილი

ნინა მენთეშაშვილი, Altersocks: „ვენდუ, ვოლტი, onoff.ge, extra.ge – ამ პლატფორმებზე ვართ წარმოდგენილი საქართველოში, რაც შეეხება უცხოურ პლატფორმებს – amazon-სა და travelsocks.net-ზე. ქართულ პლატფორმებზე, ძირითადად, პანდემიის პერიოდში დავრეგისტრირდით, რადგან ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ახლაც ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, რადგან მაინც არის მოთხოვნა, განსაკუთრებით, სადღესასწაულო პერიოდებში. ქართული პლატფორმები, ძირითადად, იმ ნიშნით შევარჩიეთ, რომ კარგი ვებგვერდები და მოქნილი მიწოდების პირობები ჰქონოდათ. მათგან ყველაზე სწრაფი და მოქნილი მაინც ვოლტია, რადგან შეკვეთიდან უახლოეს პერიოდში, ხანდახან ნახევარ საათშიც კი მიაქვთ პროდუქტი მომხმარებელთან.

უცხოურ პლატფორმებს რას შეეხება, ამაზონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოქნილი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რამდენიმე ბაზარზე წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. Travelsocks.net შედარებით პატარა პლატფორმაა, მაგრამ უშუალოდ წინდებზე სპეციალიზდება და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მუშაობს, ამიტომაც ჩვენთვის საინტერესოა.

ამაზონი ძალიან დახვეწილი პლატფორმაა, საკმაოდ კარგი ალგორითმით, მომხმარებლების შეფასების სისტემით, საკუთარი სარეკლამო და სასაწყობო სერვისიც აქვთ, ორივე არც თუ ისე იაფი, მაგრამ საკმაოდ მოსახერხებელი სერვისია. შეგიძლია გაუგზავნო პროდუქცია ამაზონს, ისინი თავისთან დაასაწყობებენ და თვითონ აგზავნიან შემოსულ შეკვეთებს, ასევე უზრუნველყოფენ მომხმარებლისგან პროდუქციის უკან დაბრუნების ან შეცვლის სერვისს საჭიროების შემთხვევაში.“

პავლე გაბრიჭიძე

პავლე გაბრიჭიძე, Giovanni Morra: „ჯოვანი მორა შექმნის დღიდან იყენებს Shopify-ის ecommerce პლატფორმას. მზა პლატფორმის გამოყენების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით მივიღეთ — მსგავსი პლატფორმები არ საჭიროებს საწყის დიდ კაპიტალს, რაც სტარტაპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მეორე მიზეზი კი, ამ პლატფორმის სიმარტივე და მოქნილობა იყო. ვებგვერდის აწყობა შესაძლებელია თუნდაც დეველოპმენტის საბაზისო ცოდნის გარეშე. შოპიფაის, ასევე, აქვს საგანმანათლებლო რესურსები და 24-საათიანი მხარდაჭერა, რაც აადვილებს ვებგვერდის შექმნისა და მართვის პროცესს. ამასთანავე, საწყის ეტაპზე რთულია კონკრეტულმა სტარტაპერმა წინასწარ განსაზღვროს ყველა ის ტექნიკური დეტალი თუ ფუნქციონალი, რაც საქმიანობისას შეიძლება დასჭირდეს სრულფასოვანი ოპერირებისთვის. ეს პლატფორმა კი, ერთი კლიკის მეშვეობით კონკრეტული ფუნქციონალის გააქტიურების შესაძლებლობას იძლევა, რაც მეტ მოქნილობას და კომფორტს უზრუნველყოფს ბიზნესისთვის.“

თამო აფციაური

თამო აფციაური, Cosmo: „კოსმო ადგილობრივ ბაზარზე, ონლაინ გაყიდვებისთვის იყენებს საკუთარ საიტს https://cosmo.com.ge, რომელიც ძირითადად გათვლილია ქართველ მომხმარებელზე. ქართული პლატფორმებიდან „გლოვოს“ ვიყენებთ, რომელიც საკვების მიტანის გარდა, ბევრ სხვა რამეს ითავსებს. საერთაშორისო მასშტაბით, წარმოდგენილი ვართ etsy-ზე, ასევე notjustalabel-ზე – ეს პლატფორმა fashion მიმართულებით მუშაობს და ჩვენი ჩანთების განსაკუთრებული მოდელები გვაქვს იქ წარმოდგენილი. ვართ ebay-ზეც, თუმცა მიგვაჩნია, რომ Ebay ჩვენი სეგმენტი არ არის. სწორედ ამიტომ ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა ძალიან მალე ჩვენი პროდუქცია ამაზონზეც იყოს ხელმისაწვდომი ამერიკელი მომხმარებლებისთვის.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Internet Explorer ოფიციალურად გვემშვიდობება

ლაბორატორიულად გაზრდილი ბრილიანტი — მოდის მომავალი?