იკონსული სულ ორიოდ წლის წინ გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე — მაშინ, როცა კოვიდპანდემიის დროს ყველაფერი ჩაიკეტა, საზღვრის კვეთის რეგულაციები გამკაცრდა და დამატებითი აპლიკაციების შევსება გახდა საჭირო… პარალელურად ზოგი საკონსულოც დაიკეტა, ხოლო ვინც განაგრძობდა მუშაობას, ძალიან უჭირდა ნაკადის გატარება. სწორედ ასეთ სირთულეს გამოეხმაურნენ თინათინ გოგუაძე, რევაზ ყუფარაძე და ბექა ყაზაიშვილი — შექმნეს ფეისბუქ ჯგუფი ვიზა • Visa, სადაც ცოცხალ რეჟიმში აზიარებდნენ ქვეყნებს შორის გადაადგილების რეგულაციების გამკაცრებასა თუ პირიქით შეზღუდვების მოხსნას. საბოლოოდ, ჯგუფის წარმატებამ და მზარდმა მოთხოვნამ სავიზო სერვისებთან დაკავშირებით, კომპანია იკონსულის შექმნა განაპირობა, რომელიც მომხმარებლებს დიდ მასშტაბზე მოემსახურებოდა.
კომპანიის საქმიანობისა და ფართო შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად თინათინ გოგუაძე გვიყვება.
M: პირველ რიგში, დეტალურად განვიხილოთ სერვისები, რომლებსაც მომხმარებლებს სთავაზობთ. და, ძირითად, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები ორ ძირითად სეგმენტად იყოფიან: 1) პროფესიონალები, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა; და 2) ადამიანები, რომლებსაც თავად უჭირთ რეგულაციებში გარკვევა ენის ან ტექნოლოგიური ბარიერის გამო.
ამ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის შესაბამისად შევიმუშავეთ სერვისებიც:
- სავიზო აპლიკაციის შევსება
- პერსონიზებული საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის მიწოდება
- კონსულოში ვიზიტის დაჯავშნა
- ყველა დოკუმენტის თარგმნა და ნოტარირება
- აპლიკაციისთვის სტანდატიზებული ფოტოგადაღება ჩვენი აპის ePhoto-ს მეშვეობით
- ამერიკის ვიზის შემთხვევაში ემატება გადმოჯავშნის სერვისი (დიდი რიგებიდან გამომდინარე)
- გასაუბრებისთვის მოსამზადებელი კონსულტაცია.

M: რა პრინციპით გადაწყვიტეთ ამა თუ იმ მომსახურების დანერგვა? თითოეული მათგანი როგორ აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას?
ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე არსებული მეტრიკების გაუმჯობესებას. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეტრიკია თუ რამდენი ხანი სჭირდება მომხმარებელს მთლიანი სავიზო პროცესის გასავლელად. ამ მეტრიკს ძალიან აუმჯობესებს ჩვენი სერვისი — „empty slot finder“ , რომელიც ავტომატურად ეძებს უახლოეს ცარიელ ადგილებს ამერიკის საკონსულოებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვეულებრივ შემთხვევაში შეიძლება ერთი წელიწადზე მეტი დასჭირდეს ადამიანს ლოდინი საკონსულოში ვიზიტისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ სერვისი, რაც გულისხმობს სრული სავიზო პროცესის გავლას მხოლოდ ჩვენს პლატფორმაზე. სულ მალე მომხმარებელს ექნება საშუალება, გააკეთოს განაცხადი ინდონეზიის, სინგაპურის და სხვა ელექტრონულ ვიზებზე დამოუკიდებლად, რამდენიმე წუთში. იკონსულის პლატფორმის საშუალებით შეძლებს, შეავსოს განაცხადი, გადაიღოს ფოტო, გადაიხადოს სავიზო მოსაკრებელი და მიიღოს ვიზა.
ასევე, ვუყურებთ მოთხოვნას სხვადასხვა მიმართულებით და ვცდილობთ, კიდევ უფრო გავამარტივოთ სავიზო პროცესი მოთხოვნადი ქვეყნებისთვის. მაგალითად, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
M: მთლიანობაში, რა როლს ითავსებს იკონსული, როცა პიროვნებას ვიზის აღება სჭირდება და რატომაა თქვენი სერვისის გამოყენება მარტივი, საჭირო ალტერნატივა?
თუ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, შეცდომებისგან თავის დაზღვევა და ზოგადად შემაწუხებელი პროცესისგან თავის არიდება, მაშინ ჩვენი სერვისი ძალიან კარგი ალტერნატივაა. ძალიან კარგად გვესმის ჩვენი მომხმარებლის ტკივილი და ვართ მაქსიმალურად მორგებული ყველა უნიკალურ საჭიროებებზე. ასევე ვაცნობიერებთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება, როდესაც ადამიანი თავის პერსონალურ მონაცემებს და სავიზო განაცხადს გვანდობს. შესაბამისად, ჩვენთან ურთიერთობა ერთგვარ სიმშვიდეს ანიჭებს ჩვენს მომხმარებლებს — მათ შეუძლიათ ფოკუსირდნენ მოგზაურობის დაგეგმვაზე, ხოლო ბიუროკრატიაზე ჩვენ ვიზრუნებთ.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ვიზის ასაღებად საჭიროა 80-კითხვიანი აპლიკაციის ფორმის შევსება, 10-მდე დოკუმენტის მოძიება და ატვირთვა, ანაბეჭდების ასაღებად ვიზიტის ჩანიშვნა და პასპორტის ჩაბარება. ჩვენ კი ამ პროცესის დიდ ნაწილს თქვენ ნაცვლად ვაკეთებთ, რათა სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. აქვე დავამატებ, რომ ბრიტანეთის შემთხვევაში გვაქვს ვიზის დაზღვევა რაც გულისხმობს ჩვენი სერვისის თანხის უკან დაბრუნებას უარის შემთხვევაში.
M: რა პროცესების გავლა უწევს თქვენი სერვისებით დაინტერესებულ ადამიანს, რათა საბოლოო შედეგამდე მივიდეს?
სავიზო პროცესები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით… რადგანაც ყველაზე პოპულარული მიმართულებაა აშშ, მოვყვები ამერიკის სავიზო პროცესზე.
- ჩვენთან მოსული ადამიანი თავდაპირველად გადის, 10-წუთიან უფასო კონსულტაციას;
- დაინტერესების შემთხვევაში, მისი ქეისი გადაეცემა სავიზო კოორდინატორს, რომელთანაც დეტალურად გადის სავიზო მოთხოვნებს და საჭირო დოკუმენტების სიას;
- ამის შემდეგ ხდება DS-160-ის აპლიკაციის შევსება, რომელიც მოწმდება ჩვენი ექსპერტების მიერ, და იტვირთება საკონსულოს ვებგვერდზე, რის შემდეგადაც ინიშნება გასაუბრების თარიღი;
- იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს უფრო ადრე გავიდეს გასაუბრებაზე, გვაქვს გადმოჯავშნის სერვისი რაც გულისხმობს სხვა აპლიკანტის მიერ გაუქმების შემთხვევაში გამოჩენილი ადგილის დაჯავშნას;
- შემდეგ ხდება გასაუბრებაზე დასწრება სადაც კონსულ ოფიცერი ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას;
- დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტს უწევს 10 სამუშაო დღემდე დალოდება რათა მიიღოს ვიზიანი პასპორტი.
სხვა ქვეყნებისთვის ეს პროცესი განსხვავებულია — მაგალითად, როგორც უკვე ვახსენეთ, ინდონეზიის შემთხვევაში მომხმარებელს თავისით შეეძლება გააკეთოს განაცხადო ჩვენი პლატფორმის მეშვეობით.
M: ვისაუბროთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვებულ დაფინანსებებზე — თიბისის დეკრეტი, 500 Georgia, ჯიტა და ა. შ. რა მიმართულებით მოიპოვეთ დაფინანსება და როგორ იმოქმედა თითოეულმა მათგანმა კომპანიის განვითარებაზე?
ჩვენი კომპანია გახდა თიბისის სტარტაპ დეკრეტის და ჯიტას გრანტის გამარჯვებული. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ Tbilisi Impact hub-ის აქსელერატორის პროგრამაში.
თითოეულ პროგრამაში მონაწილეობით, ფინანსური დახმარების გარდა, მივიღეთ იდეის ვალიდაცია, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს რეპუტაციასა ჩვენს მოტივაციაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ძალიან დიდი ცოდნის თუ გამოცდილების მიღებაზე. დღემდე ვცდილობთ, კავშირი არ დავკარგოთ მენტორებთან, რომლებიც მუდმივად გვიზიარებენ უკვე განვლილი გამოცდილებით მიღებულ რჩევებს.
M: სამომავლო გეგმებზე რას იტყვით? თუ აპირებთ სერვისების გაფართოებას?
პირველ რიგში ვაპირებთ არსებული სერვისების დახვეწას და ოპტიმიზაციას. საქართველოს ბაზრის ათვისებასთან ერთად, ძალიან მალე ვგეგმავთ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მასშტაბირებას და გლობალურ კომპანიად ქცევას.