2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (GenAI) ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, თითქმის ყველა ორგანიზაციაში გაჩნდა კითხვა: როგორ ვაქციოთ GenAI ორგანიზაციული კულტურის ნაწილად?
ამ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თუმცა არსებობს წარმარტებული პრაქტიკული გამოცდილებები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია საქართველოს ბანკის GenAI ტრანსფორმაცია – პროცესი, რომელიც რამდენიმე ენთუზიასტი თანამშრომლის ჩართულობით დაიწყო და დღეს უკვე ათასობით თანამშრომლის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად იქცა.
ედგარ ბრუტიანი, საქართველოს ბანკის GenAI Center of Excellence-ის გუნდის წევრი, გვიზიარებს იმ ნაბიჯებს, რომლებმაც ბანკს GenAI-ს მასშტაბური დანერგვისკენ გზა გაუხსნა.
შეიმუშავე სისტემური მიდგომა
ფოკუსირდი ტექნოლოგიის არა სწრაფ დანერგვაზე, არამედ მის სწორ ათვისებაზე
„როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, თანამშრომლების დაახლოებით 10% უკვე იყენებდა GenAI-ტექნოლოგიებს. ძირითადად, ეს IT თანამშრომლები და AI ენთუზიასტები იყვნენ, რომლებიც საკუთარ სამუშაო პროცესში სხვადასხვა ინსტრუმენტს ცდიდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ორი რამ: ერთი მხრივ, ეს პროცესი უსაფრთხო გაგვეხადა, მეორე მხრივ კი, თანამშრომლებს თანამედროვე ეპოქისთვის აუცილებელი GenAI უნარები განევითარებინათ“, — ამბობს ედგარ ბრუტიანი.
სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა არ ყოფილა, არამედ:
- თანამშრომლებში GenAI წიგნიერების ამაღლება;
- უსაფრთხო ინფორმაციული გარემოს შექმნა;
- დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის გამარტივება;
- გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება;
- მომსახურების ხარისხის გაზრდა;
აქციე AI სტრატეგიულ პრიორიტეტად
თუ ორგანიზაციაში AI ტრანსფორმაცია მხოლოდ ერთი გუნდის ინიციატივაა, მასშტაბური შედეგების მიღწევა რთულია.
ედგარ ბრუტიანის თქმით, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორგანიზაციის მენეჯმენტის შეთანხმება, რომ GenAI ტრანსფორმაცია სტრატეგიული პროექტია ყველა მიმართულებისთვის.
„ეს ინიციატივა პრიორიტეტული იყო, რაც მთელს ბანკს საერთო მიზნის გარშემო აერთიანდებდა. მენეჯმენტის მხარდაჭერამ და სისტემურმა მიდგომამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო სხვადასხვა მიმართულების გუნდების – IT, HR, ინფოსეკი, შესაბამისობა, მარკეტინგი – კოლაბორაციას და, მეორე მხრივ, თანამშრომლებს შემოქმედებითი ექსპერიმენტირების სტიმული მისცა”, – ამბობს ედგარი.
ამგვარად, GenAI ტრანსფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მასში ორგანიზაციის ყველა რგოლი თანამონაწილეობს და ის ცალკე მდგომ პროექტად არ განიხილება.
შექმენი უსაფრთხო გარემო
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გაკვეთილი საქართველოს ბანკის გამოცდილებიდან არის ის, რომ ტრანსფორმაცია „ზემოდან ქვემოთ“ არ განხორციელებულა.
პირიქით. თანამშრომლები უკვე იყენებდნენ სხვადასხვა გარე AI ინსტრუმენტს. ამან ორგანიზაციას აჩვენა, რომ მოთხოვნა რეალურად არსებობდა.
„თანამშრომლებისგან წამოსული ინიციატივები მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა ჩვენთვის. თანამშრომლები უკვე ტესტავდნენ GenAI-ს საკუთარ პროცესებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, უსაფრთხო შიდა სისტემა შეგვექმნა“.
ასე შეიქმნა IT გუნდთან თანამშრომლობით chat.bog.ge – საქართველოს ბანკის შიდა GenAI პლატფორმა.
პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანამშრომლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ სხვადასხვა უახლესი ენობრივი მოდელის გამოყენება, ასევე საკუთარი AI ასისტენტების შექმნა.
დღეს ბანკში უკვე დაახლოებით 400 პერსონალური AI ასისტენტი არსებობს, რომლებიც არატექნიკური სპეციალობის თანამშრომლებმა თავიანთი ბიზნეს საჭიროებების დასაფარად დამოუკიდებლად შექმნეს.
შექმენი გუნდი, რომელიც ტრანსფორმაციას დააჩქარებს
GenAI ტექნოლოგიის ათვისებას ბანკის სხვადასხვა მიმართულებას შორის ეფექტური კოორდინაცია და მართვა სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ბანკში სპეციალური გუნდი – GenAI Center of Excellence (CoE) შეიქმნა.
GenAI Center of Excellence:
- ბანკის თანამშრომლებში GenAI წიგნიერებას ამაღლებს;
- ეხმარება ბიზნესმიმართულებებს მათზე მორგებული GenAI გამოყენებების იდენტიფიცირებასა და სწორ ათვისებაში;
- იკვლევს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ბანკში აზიარებს;
- სხვადასხვა მიმართულებასთან თანამშრომლობით, ბანკში GenAI ხელსაწყოების უსაფრთხოდ დანერგვას უწევს კოორდინაციას;
- თვალს ადევნებს ტრანსფორმაციის პროგრესს;
დაიწყე AI-ს დემოკრატიზაცია
ხელი შეუწყვე ცოდნის ხელმისაწვდომობას
AI ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ცოდნის კონცენტრირება მცირე ექსპერტულ ჯგუფში.
საქართველოს ბანკმა განსხვავებული მიდგომა აირჩია.
„ჩვენი მიზანი იყო, თანამშრომლისთვის გადაგვეცა GenAI ტექნოლოგიის სწორი და ეფექტური გამოყენების კომპეტენცია, რადგან გვჯეროდა, რომ GenAI-თ საკუთარ ბიზნესსაჭიროებებს ყველაზე უკეთ ზუსტად ისინი გადაჭრიდნენ. შედეგებმა გაამართლა მოლოდინი”, – აღნიშნავს ედგარი.
შიდა ჩართულობისა და სწავლების გუნდთან თანამშრომლობით CoE-მ ბანკში GenAI ცოდნა მარტივად ხელმისაწვდომი გახადა – თანამშრომლებმა ისწავლეს, რომელი მოდელი როდის გამოიყენონ, როგორ შექმნან ბოტები და როგორ გადაჭრან პრობლემები დამოუკიდებლად.
დაეხმარე თანამშრომლებს, გახდნენ ცვლილებების ავტორები
როდესაც პროდუქტი მთლიანად ცენტრალური გუნდის მიერ იქმნება, მის მიმართ პასუხისმგებლობის განცდაც შედარებით ნაკლებია.
AI პროექტებში ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს.
„როდესაც თანამშრომელი თავად ქმნის საკუთარ ასისტენტს, გაცილებით მეტ დროს და ენერგიას ხარჯავს მის განვითარებაში, აქვს მფლობელობის განცდა და შესაბამისად – მეტი მზაობაც, სრულყოს პროდუქტის განვითარება”.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკში თანამშრომლებს არა მხოლოდ AI ინსტრუმენტების გამოყენების, არამედ მათი შექმნის და დახვეწის შესაძლებლობაც მიეცათ.
გამოიყენე AI ამბასადორების ქსელი
ერთი პატარა გუნდისთვის შეუძლებელია ორგანიზაციის ყველა პროცესის სიღრმისეულად შესწავლა და მოკლე დროში 9000 თანამშრომლისთვის GenAI-ს სწავლება.
ამ გამოწვევის გადასაჭრელად CoE-მ 100-ზე მეტი AI ამბასადორი ჩართო სხვადასხვა დეპარტამენტიდან და მათ გაუზიარა ცოდნა GenAI ხელსაწყოებისა და საუკეთესო კორპორაციული გამოყენებების შესახებ.
ამბასადორებმა ეს ცოდნა საკუთარი გუნდების სპეციფიკაზე „გადათარგმნეს”.
შედეგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაში თვალსაჩინო ცვლილებები დაიწყო – თანამშრომლები იჩენდნენ ისეთი პროექტების ინიციატივებს, რომელთა იდეაც AI გუნდს, შესაძლოა, საერთოდ არ გასჩენოდა.
ასე გაჩნდა სხვადასხვა მიმართულების სპეციალიზებული ბოტები – დაკრედიტების, აგროსექტორის, გადარიცხვების და სხვა
ხელი შეუწყვე გრძელვადიანი და სწორი ქცევების ჩამოყალიბებას
წაახალისე უწყვეტი სწავლა
AI ტრანსფორმაცია ერთჯერადი ტრენინგით არ სრულდება.
ტექნოლოგია იმდენად სწრაფად იცვლება, რომ სწავლება მუდმივ პროცესად უნდა იქცეს.
საქართველოს ბანკმა შიდა სასწავლო პლატფორმაზე შექმნა სპეციალური AI სივრცე, სადაც თანამშრომლებს მუდმივად განახლებად მასალებზე აქვთ წვდომა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ GenAI-ს სწორი გამოყენების ჩვევების ჩამოყალიბებაზეც.
დააზღვიე AI რისკები
როდესაც საქართველოს ბანკმა GenAI ტრანსფორმაცია დაიწყო, საბანკო სექტორში საერთაშორისო მაგალითები და გამოცდილება მწირი იყო.
„არ არსებობდა მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც მივყვებოდით. ბევრი რამ ექსპერიმენტულად კეთდებოდა. ვუშვებდით შეცდომებს და პარალელურად ვსწავლობდით“.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI-ს სწორ გამოყენებასა და რისკების გააზრებას.
„როდესაც GenAI-ს იყენებ, ხანდახან გრჩება შთაბეჭდილება, რომ ის შენსავით აზროვნებს, იცის კონტექსტი, აქვს ის ნიუანსური გამოცდილება, რაც შენ. ამიტომ, შესაძლოა, გაჩნდეს ცდუნება, რომ რამდენიმე სწორი პასუხის მერე სრულად მიენდო AI-ს გენერირებულ პასუხებს. ასევე შესაძლებელია, რომ სასურველი პასუხი არასწორი პრომპტინგის ან სხვა მიზეზის გამო ვერ მიიღო და AI-ს შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანო”, – ამბობს ედგარ ბრუტიანი.
საქართველოს ბანკში ამის დასაბალანსებლად თანამშრომლებზე მორგებული ტრენინგები ტარდება ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- სწორი პრომპტინგი
- AI ჰალუცინაციები, შეცდომის ალბათობა, მიკერძოება
- AI ეპოქის აუცილებელი უნარები;
- ინფორმაციის ეფექტურად გადამოწმების მექანიზმები;
ამ ტრენინგებით საქართველოს ბანკში GenAI-ზე სწორი აღქმა ყალიბდება – GenAI არის მხოლოდ დამხმარე საშუალება, გადაწყვეტილების მიმღები კი ყოველთვის ადამიანია.
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა მიდგომამ?
საქართველოს ბანკის გამოცდილება აჩვენებს, რომ წარმატებული AI ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიებზე არ დგას. მისი საფუძველი ადამიანები, ცოდნა და სწორი ორგანიზაციული კულტურაა. შედეგად, სულ რაღაც 6 თვეში ბანკის მასშტაბით GenAI-ს ყოველკვირეული გამოყენების მაჩვენებელი 10%-დან 55%-ამდე გაიზარდა, ბექოფისში 80%-ამდე; GenAI ტექნოლოგიით მუშაობა ორგანიზაციული კულტურის ნაწილად იქცა, თანამშრომლებმა კი ახალი უნარები შეიძინეს, რომლებიც თანამედროვე სამუშაო გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ამ გზის შედეგები საერთაშორისო დონეზეც აღიარეს – Global Finance-მა ორგანიზაციის მასშტაბით GenAI-ს დანერგვისთვის საქართველოს ბანკი რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა.
„შესაძლოა, თქვენი ორგანიზაციის GenAI ტრანსფორმაციაც სწორედ ასეთი პრინციპებით იწყებოდეს: პატარა ექსპერიმენტით, რამდენიმე თანამშრომლით და ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით – AI აღიქვათ არგაჩერების შესაძლებლობად”, – ამბობს ედგარ ბრუტიანი.
[პარტნიორის კონტენტი]













