1890-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის საცეკვაო ჯგუფები პარიზს ხშირად სტუმრობდნენ და ისეთ ცნობილ კაბარეებში მართავდნენ წარმოდგენებს, როგორიც Folies-Begère, Moulin Rouge და კაზინო de Paris იყო. ერთ-ერმა ასეთმა ჩვენებამ კი მხატვარი ედგარ დეგა შთააგონა და მან ნახატი, სახელწოდებით „რუსი მოცეკვავეები“, დახატა. იგი დღემდე ლონდონის ეროვნულ გალერეაშია განთავსებული. თუმცა, ამჯერად ნახატს სახელი შეუცვალეს და „უკრაინელი მოცეკვავეები“ დაარქვეს.
როგორც ამბობენ, სურათზე გამოსახული გმირები უკრაინელებს უფრო ჰგავს, ვიდრე რუსებს. მათი ჩაცმულობა, კულტურული მინიშნებები და ფერებიც კი აშკარაა, თუმცა რადგან უკრაინა იმ დროს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ნახატს „რუსი მოცეკვავეები“ უწოდეს…
ახლა კი ედგარ დეგას ნახატი თავის ნამდვილ სახელს იბრუნებს. მარიამ ნაიემი, უკრაინელი მხატვარი და აქტივისტი, ამბობს, რომ მან 14 მარტს ეროვნულ გალერეას, ელექტრონული ფოსტით, ნახატის სახელწოდების შეცვლა მოთხოვა, მუზეუმისგან დადებით პასუხს კი იგი „მიკრო გამარჯვებას“ უწოდებს. ბუნებრივია, ამ ფაქტს წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უძღოდა, მანამდე კი უკრაინელების პროტესტი, რასაც, თავის მხრივ, რუსებისგან უკრაინული ისტორიისა და კულტურის მითვისება იწვევდა.
„საუკუნეების განმავლობაში რუსულმა იმპერიალიზმმა უკრაინული კულტურის დიდი ნაწილი გაანადგურა, იქნებოდა ეს უკრაინული ენის დევნა, მწერლების გადასახლება თუ პოეტების დახვრეტა, ახლა კი უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს თითოეული მივიწყებული უკრაინული არტეფაქტი, მითვისებული მხატვარი ან კულტურული ობიექტი“, — ამბობს მარიამ ნაიემი.
ნაიემის კამპანიას მხარდაჭერა ტანია კოლოტუშამაც, ლონდონში მცხოვრებმა უკრაინელმა გამოუცხადა, ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა და დაწერა: „კრემლისა და მისი დიქტატორის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კიევის ისტორიის ფლობის სურვილია. სანამ კულტურულ ფრონტზე გრანდიოზულ ცვლილებებს დავიწყებთ, უკრაინის ომში გამარჯვებას უნდა დაველოდოთ?“
ვლადიმერ პუტინი კი გამუდმებით უარყოფს უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და კულტურულ იდენტობას, რუსებსა და უკრაინელებს „ერთ ხალხადაც“ მოიხსენიებს. ეს კი უკრაინელმა კინოკრიტიკოსმა დარია ბადიორმა დაგმო:
„ცოტას თუ შეუძლია გაიგოს სად შეიქმნა კონკრეტული ნამუშევარი, უკრაინაში, ესტონეთში, საქართველოში თუ რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ისიც ფაქტია, რომ ფართო საზოგადოებას საბჭოთა და, შესაბამისად, რუსული ხელოვნებაც მოსწონს, თუმცა ის “დიდი რუსული ,კულტურა”, რომელიც ყველას ძალიან უყვარს სწორედ მისი მრავალფეროვანი წარმომადგენლების გამოა, იქნებიან ეს უკრაინელები თუ სხვა ერები, რომლებიც რუსეთის იმპერიული ისტორიის ნაწილი იყვნენ“.











