in ,

რატომ მიფრინავენ მეცნიერები?! ფიზიკოსისა და ალგორითმების ინჟინრის – ედიშერ კაღაშვილის 22 წელი აშშ-ში

რატომ მიფრინავენ მეცნიერები უცხო ქვეყნებში? ამ კითხვაზე პასუხი ბევრი მეცნიერისთვის საერთოა და სფეროსგან შორს მდგარი ადამიანებისთვისაც კი საკმაოდ ცხადია ის ლოგიკური წინაპირობები, რაც ინტელექტუალური რესურსის გადინებას უდევს საფუძვლად. ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პრობლემებსა და იმ შესაძლებლობების არარსებობას უკავშირდება, რომელიც მეცნიერს განვითარებისთვის, შესაბამისად კი, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდისთვის სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებთან შედარებით, დღეს უკეთეს ეკონომიკურ მოცემულობაში ვართ, ინტელექტუალური რესურსის გადინების ტენდენცია აქტუალობას არ კარგავს. 90-იან წლებში, თუ შემდეგ, „თბილ ქვეყნებში გაფრენილი“ და „ვერ დაბრუნებული“ მეცნიერების რიცხვი დიდია. დღეს, მუხედავად იმისა რომ ბევრი საქართველოდან წასული მეცნიერი უცხოეთში მუშაობას არჩევს, მათი ნაწილი მზადაა საკუთარი მოღვაწეობა, რაღაც კუთხით მაინც დაუკავშიროს საქართველოს, მცირე ნაწილი ამას წარმატებით ახერხებს, დანარჩენთა მცდელობები კი უშედეგოა.

დიდ ხანს ვცდილობდი, საქართველოში მიღებული ცოდნა საქართველოშივე გამომეყენებინა. საკმაო ხანი გავიდა უნივერსიტეტის დამთავრებიდან ამაზე ფიქრში, სანამ არ დავინახე რომ სხვა გზა აღარ მქონდა. 1998 წლის მაისში საქართველოდან რომ მოვდიოდი, უკვე ცხადად ვიცოდი რა მინდოდა“, – მიყვება ერთ-ერთი მათგანი – ედიშერ კაღაშვილი, რომელიც უკვე 22 წელია აშშ-ში მოღვაწეობს, საკუთარი ცოდნის ქართულ სამეცნიერო წრეებში რეალიზების უშედეგო მცდელობებიც ჰქონია და როგორც ამბობს, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად სხვა ემიგრანტების მსგავსი გზა გაიარა ენა, გარემო, უცნობი ადამიანები, ყველაფრის დაბალი საფეხურიდან დაწყება.

„რაც უფრო ზემოთ მიიწევ, ამ საფეხურებზე ხარისხობრივად განსხვავებული სირთულეები გხვდება, რომელიც უნდა გადალახო და რომელთაგანაც ზოგი პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ქართველები პატარა და ღარიბი სახელმწიფოდან მოვდივართ. ამ ყველაფრის დაძლევას ჩემს ცოდნას ვუმადლი, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოში მივიღე, მეორე მხრივ კი – აშშ-ს ეკონომიკას, როგორც ინოვაციის ლოკომოტივს, სადაც ცოდნაზე ყოველთვისაა მოთხოვნა“.

ედიშერ კაღაშვილი განათლებით ფიზიკოსია, ამჟამად კი ალგორითმების ინჟინრად მუშაობს. მის სამეცნიერო ნაშრომებს გავლენა ჰქონია სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმოდგენებზე და მათ შორის, NASA-ს მისიებზე (SDO, Van Allen Probes, MMS). 2008 წლიდან მან, მისი თქმით, მეტად პრაქტიკული გზა აირჩია და ამჟამად, ტექნოლოგიების სფეროში ახერხებს საკუთარი ცოდნის გამოყენებას. ედიშერის 22 წლიანი ცხოვრება და მოღვაწეობა აშშ-ში, გამოცდილებასთან ერთად, არაერთ მნიშვნელოვან დაკვირვებასა და გადალახულ დაბრკოლებას ინახავს. საქართველოდან წასულ მეცნიერთა დიდი ნაწილის მსგავსად, ის ისევ უცხოეთში რჩება და მიყვება ბავშვობაზე, მნიშვნელოვან ნაშრომებსა და აშშ-ში გატარებულ 22 წელზე, რომელმაც მას ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ასწავლა.

M: როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ფიზიკით? რა წინაპირობები გქონდათ ამისთვის ბავშვობისას?
პირველი შეხება, ალბათ, ის იყო, რომ 5 წლის ასაკში მამამ შემასწავლა დამკა, ნარდი, ჭადრაკი, გამრავლების ტაბულა, მათემატიკური ოპერაციები. მას შემდეგ, მათემატიკა ძალიან მიყვარდა, მაშინაც კი, როცა სკოლის პერიოდში, სხვადასხვა რამის მიმართ ინტერესი მეკარგებოდა, ეს სიყვარული ყოველთვის ჩემთან იყო. ფიზიკით დაინტერესება ორმა ფაქტორმა გამოიწვია: პირველი იყო ის, რომ ჩემა ბიძაშვილმა ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ დროს მე 7 წლის ვიყავი და მეც მინდოდა მასავით ჭკვიანი ვყოფილიყავი (ნათესავები მას ასე მოიხსენიებდნენ). მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ მინდოდა მართვადი წყალბადის ბომბების შექმნა. რატომ მქონდა ეს აზრი თავში დღესაც არ ვიცი. მიყვარდა გაზეთების თვალიერება, შემეცნებითი პროგრამების ყურება. ამ გადაცემებში, ხანდახან, დიდი სახელმწიფოების პრობლემები გაიჟღერებდა ხოლმე. მართვადი წყალბადის ბომბი, ან მსგავსი რეაქტორი დღემდე არაა შექმნილი, თუმცა მივიჩნევ, რომ ამ საქმეში ჩემი პატარა წვლილი უკვე შევიტანე.

M: სად სწავლობდით და როგორ ყალიბდებოდა თქვენი ინტერესი ფიზიკის მიმართულებით?
1988 წელს დავამთავრე რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა. მყავდა ძალიან მცოდნე მასწავლებლები. არ ვიცი ახლა როგორაა სკოლები აღჭურვილი და ვერ შევადარებ, თუმცა ფიზიკის, ქიმის, ბიოლოგიის გაკვეთილებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებსა და იმ რესურსებზე დაყრდნობით, რაც ჩემს სკოლას ცოდნის მისაცემად ჰქონდა, შემიძლია ვთქვა, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ერთ სკოლას, რომელიც მინახავს უცხოეთში. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე 1988 წლის შემოდგომაზე ჩავაბარე. როგორც მაშინ, როცა იქ ფეხი პირველად შევაბიჯე, ახლაც არის ეს ამბავი ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. აქ მივიღე ის განათლება, რითაც ვამაყობდი მაშინაც და ახლაც. პირველი კურსის პედაგოგებიდან დაწყებული (პროფესორები ანზორ ხელაშვილი, ოთარი ნაფეტვარიძე, ივანე ვაშაკიძე, ა. შ.) ბოლო კურსამდე პედაგოგებს ჰქონდათ საჭირო ცოდნა და საშუალებები (ლაბორატორიული ექსპერიმენტი და ა. შ.). მიღებული ცოდნა მათემატიკასა და ფიზიკაში ყოველთვის შინაგან სიმტკიცეს მაძლევდა, რომ შემეძლო ამ სფეროში მემუშავა და „შემოქმედი“ ვყოფილიყავი.

M: მეცნიერებასა თუ ტექნოლოგიების სფეროში, რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტში, ჩემს ამერიკულ სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას დავინახე პროცესი, რომელმაც შეცვალა ჩემი შემდგომი სამეცნიერო გზა. მიუხედავად იმისა რომ ეს საკითხი, იმ დროს, არ შესულა ჩემს თეზისში. ეს პროცესი პირველად მათემატიკური დათვლებისას შევამჩნიე, შემდეგ მათემატიკურად აღვწერე და მისი ფუნდამენტური ხასიათის გამო (ე. ი. ის არა მარტო იმ სისტემას ახასიათებს, სადაც მე აღმოვაჩინე). ამ პროცესმა ბევრ სხვადასხვა სფეროში შეცვალა წარმოდგენა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვა, მე აღმოვაჩინე, რომ მოცემულ სისტემაში ნებისმიერი რხევა (თუნდაც ხმაური) რომელიც ურთიერთობაში მოდის სისტემაში არსებულ არაერთგვაროვნებასთან, წარმოქმნის ტალღებს ყველა იმ ნატურალური სიხშირისას, რაც ამ სისტემას ახასიათებს. და ამ ტალღების ამპლიტუდა არის არაერთგვაროვნების ცვლილების პროპორციული, ხოლო მათი თვისებები დამოკიდებულია როგორც წინასწარ რხევაზე, ასევე არაერთგვაროვნებაზე რომელმაც (ან რომლებმაც) ისინი წარმოშვა. 

როგორც აღვნიშნე, ამ პროცესს აქვს ბევრი გამოყენება, მაგრამ ყველაზე მთავარი და საინტერესო ალბათ ის არის, რომ სწორედ ეს ტალღები უშლიან ხელს მაღალი ტემპერატურის პლაზმის მდგრადობას. მათი შესწავლა და კონტროლი საშუალებას იძლევა ისეთი რეაქციის მართვა გახადეს შესაძლებელი, როგორიც მზის ბირთვში მიმდინარეობს. (ზუსტად ეს არის ის პროცესი, რაზეც ბავშვობისას მინდოდა მემუშავა). 

M: ამბობთ, რომ თქვენ მიერ აღმოჩენილ პროცესს აქვს მრავალი გამოყენება. მათ შორის, როგორც ვიცი, ამ აღმოჩენამ გავლენა იქონია NASA-ს მისიებზეც. უფრო კონკრეტულად მოგვიყევით იმ ნაშრომების შესახებ, რომლებმაც ახალი სიტყვა გათქმევინათ ფიზიკაში…
ჩემი პირველი შრომა, რომელსაც გამოვყოფ, იყო იმ პროცესის დანახვა, რომელიც იწვევს მზესა და ზოგადად, ვარსკვლავებში, ლაქების მიგრაციას. ამ კუთხით, ფასდაუდებელი იყო ის ცოდნა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მივიღე და ის გამოცდილება რაც აბასთუმნის ობსერვატორიაში მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა. ეს დამეხმარა აღმეწერა პროცესი, რომელიც აქამდე არ იყო შესწავლილი. როდესაც ეს გავაკეთე 1998-1999 წლებში, მაშინ ეს აზრი მიღებული არ იქნა და მხოლოდ 15 წლის შემდეგ, მონაცემებმა აჩვენა რომ ეს მართალი იყო. იგივე სიტუაცია იყო, როცა აღმოვაჩინე არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები, ჩემი თეზისის წერის დროს. ეს ფენომენი თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ბევრი NASA-ს ეგიდით გაგზავნილი მისისათვის. დავასახელებ რამდენიმე მათგანს: მზის დინამიკური ობსერვატორია (Solar Dynamic Observatory), ვან ალენის მისია (Van Allen Probe), მაგნეტო სფეროს მრავალ-მასშტაბიანი მისია (Magnetospheric Multiscale mission) და ნასა-ს ცნობილი პარკერის მისია (Parker Solar Probe) რომელიც ყველაზე ახლოს მივა მზესთან. 

ფართო აუდიტორიისთვის და, ალბათ, ყველასთვის, ვისაც მეცნიერებაში საქართველოს ახალგაზრდების ბედი აინტერესებს, ის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რა მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა და აქ აღარ გავაგრძელებ.

M: როგორი იყო თქვენი სამუშაო გამოცდილება წარსულში და ამჟამად, სად მოღვაწეობთ? რა არის ის პროექტები, კვლევები თუ თეორიები, რომელთა ფარგლებშიც, ამ ეტაპზე, თქვენი საქმიანობაა მოქცეული? 
ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება იყო ადრე, საქართველოს მეცნიერების აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი აბასთუმნის ობსერვატორია. სწორედ აქ მივიღე პირველი სამეცნიერო და „ცხოვრებისეული“ გაკვეთილი(ები). ჩემი ამერიკული ცხოვრების პირველი ნაწილი მეცნიერებას უკავშირდება: მეორედ მომიწია სადოქტოროს დაცვა და ვმუშაობდი ისეთ საკითხებზე როგორიც არის მზის გათბობა, მზის აქტიური რეგიონების მიგრაცია და მზის ქარი. 2008 წლიდან შევიცვალე პროფილი და ჩემი ცოდნის ინდუსტრიაში (ტექნოლოგიის სფერო) გამოყენება გადავწყვიტე და არც ვნანობ. გამოყენებით, პრაქტიკულ პროექტებს, უფრო სწრაფი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ და შესაბამისად მათში მეტი ინვესტიციაც იდება. ამ ეტაპზე, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ალგორითმები, რომლებიც რეალურ მონაცემებზე/დაკვირვებებზე დარყდნობით იძლევიან პასუხებს, რომელსაც პრაქტიკული გამოყენება აქვს.

M: გარდა სწრაფი შედეგების/ცვლილებების მოტანის შესაძლებლობისა, რა ფაქტორებმა გამოიწვია თქვენი გადასვლა მეცნიერებიდან ტექნოლოგიებში და უფრო კონკრეტულად, რა სახის პროექტებს მოიცავს თქვენი საქმიანობა ამ სფეროში?
ტექნოლოგიები – ეს არის მომავალი. ჩემი გადასვლა ტექნოლოგიურ სფეროში ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. აგერ უკვე მეხუთე კომპანიაში ვმუშაობ მას შემდეგ, რაც ამ სფეროში გადავედი.. ციფრული სიგნალების დამუშავება, აეროპორტის უსაფრთხოების სკანერების მონაცემების დამუშავება შიგნით არსებული საგნების ანალიზისთვის, „ჭკვიანი“ ალგორითმების წერა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ჟესტების საშუალებით მობილურ ტელეფონზე ითამაშოს, ამინდის პროგნოზების დასათვლელი ალგორითმები არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რაზეც მიმუშავია. ყოველთვის მიწევდა რაღაც ახალის კეთება, რაც ჩემი ცოდნის და მიღებული გამოცდილების გამოყენების საშუალებას მაძლევდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

M: ვიცი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გქონდათ, რომლის მიღწევასაც რიგი ფაქტორები უშლის ხელს…
საქართველოდან რომ მივდიოდი დიდი იმედი მქონდა, რომ ის ცოდნა, რაც მივიღე შემეძლო გამომეყენებინა და რაიმე სასიკეთო შეიძლება მომეტანა ქვეყნისთვის. ჩემმა მეცნიერულმა ცხოვრებამ „თვალები ამიხილა“ და დამანახა რეალური სურათი. ჩემი ადრეული მცდელობა მეცნიერებაში, ჩემს სფეროში მომუშავე ადამიანებთან დაკავშირებისა აქ, საქართველოში უშედეგო აღმოჩნდა. ასევე, უშედეგო იყო გამეზიარებინა ის გამოცდილება და გაკვეთილები, რაც მე მივიღე მეცნიერებაში ყოფნისას, მათვის ვისაც, ალბათ, უნდა აინტერესებდეს საქართველოში განათლებისა და ახალგაზრდების ბედი. 

M: თქვენი აღქმით, რა მდგომარეობაა დღეს, განათლების კუთხით საქართველოში, ან რა შესაძლებლობებია უკვე შემდგარი მეცნიერებისთვის? რა შეიცვალა 90-იანების შემდეგ, სახელმწიფოს მიდგომის დონეზე და რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით?
არაკეთილსინდისიერი ინდივიდუალობის მიერ ქვეყნის რესურსების გამოყენება პირადი ინტერესების სასარგებლოდ არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, თუმცა 30 წელი ამას რომ ვერ აგვარებს სახელმწიფო, ან არ აგვარებს ან უნარი არ შესწევს, სერიოზული კითხვა ჩნდება – არის თუ არა ესა თუ ის ქვეყანა მზად ადამიანების და ფინანსური რესურსით თუნდაც მცირე, ნაბიჯების გადასადგმელად თავისი ხალხის საკეთილდღეოდ. 

ბევრი მაგალითი გვიჩვენებს გაბედულ ნაბიჯებს, რომლებიც ისტორიულად, სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებმა გადადგეს. მათ შორის, ათენის გადაწყვეტილება (2500 წლის წინ), ფლოტის შექმნაში ჩაედო ფული, როცა ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს, ან არაბეთის პრინცის წუხილი, რომ მსოფლიო ნადიმზე მისი ხალხი მხოლოდ მოსამსახურედაა მიწვეული და რესურსების გაჩენისთანავე ყველაფრის გაკეთება საიმისოდ, რომ ქვეყანა გარდაქმნილიყო. გარდაქმნილიყო იმად, რაც დღეს თანამედროვე საუდის არაბეთია.

საქართველოში ადამიანები იკავებენ თანამდებობებს, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ისინი ლაპარაკობენ პროგრესზე, მცდელობებზე, რომ საქართველოში მიღებული ცოდნით ახალგაზრდებს მისცენ, საერთაშორისო შრომით ბაზარზე, კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა. თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეს მხოლოდ სიტყვებია. მაგალითად, თითქმის 30 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობიდან, ისეთ ვებგვერდზე, რომელზეც აშშ-ში, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე სამეცნიერო სფეროში ვაკანსიებს აქვეყნებენ (usajobs.com), საქართველო არ არის შეყვანილი. აქ ვერ მიუთითებ, სად გაქვს მიღებული განათლება, რადგან ჩამონათვალში საქართველოს ვერ შეხვდები. 

ეკონომიკური სიდუხჭირე რაშიც საქართველო აღმოჩნდა 90-იანი წლების შემდეგ და სიღარიბე რომელშიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს, არ შეიძლება აღმოიფხვრას და ვერც აღმოიფხვრება ტურიზმით და იმ აგრარული პროდუქციით, რომელსაც საქართველო უშვებს ან თუნდაც გამოუშვებს იმ ძალიან ნათელი მომავალის პროგნოზების მიხედვით, რასაც 30 წელია ისმენს საქართველოს მოსახლეობა. ინოვაციური ტექნოლოგიები არის ის, რაც ყოველთვის განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, მის ეკონომიურ სიძლიერესა და სუვერენიტეტის ხარისხს.


როგორც უამრავი უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ედიშერიც იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ოდესმე მაინც იქნება ქვეყანა, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები პრიორიტეტულ მიმართულებად იქცევა, ხოლო ახლაგაზრდა მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების პარალელურად, საქართველოსაც მოახმარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. მოახმარონ როგორც მინიმუმ, ახალი თაობების აღსაზრდელად, რომლებიც, შეიძლება, მათ მსგავსად „გაფრინდნენ“ კიდეც, მაგრამ დასაბრუნებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ. შეიძლება, ზოგისთვის ეს იმედები საკმაოდ არარეალისტურად ჟღერს, თუმცა, ეს იმედებია და არა მოლოდინები, რადგან სიმართლეა, რომ ტექნოლოგიები არის მომავალი, ჩვენ კი ჯერ ისევ წარსულში ვცხოვრობთ.

ავტორი: ხატია თორდუა

Tamada – ლაშა ჩხაპელიას მუსიკალური პროექტი, ტრადიციულ ქართულ სუფრას ელექტრონული მუსიკა ამშვენებს

როგორ შეინარჩუნოთ კრეატიულობა, როცა გუნდი დისტანციურად მუშაობს?