30
Apr
2019

ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც გელათის მონასტერს „იცავს“

30 Apr 2019

2010 წელს, გელათის მონასტერი UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 2014 წლიდან კი დაიწყო ძეგლის დაცვის რეალური გზების ძიება. მსოფლიო პრაქტიკაში, მსგავს სიტუაციებში ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ქართულ ბაზარზეც შესაძლებელი გახდა ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც გელათის მონასტერზე მორგებულ ტექნოლოგიურ პროდუქტს შექმნიდა. პროდუქტს, რომელიც სპეციალისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეატყობინებდა. დღეისათვის, გელათის მონასტერს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ქართული კომპანია „ედისონის“ მიერ შექმნილი მონიტორინგის სისტემა „იცავს“.

ეს არის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ნაგებობაზე ბზარების მდგომარეობას, აკვიდრება ბიძგებს, ამინდს, მიღებულ ინფორმაციას კი ერთ ადგილას უყრის თავს. რაც შეეხება კრიტიკულ და საფრთხის შემცველ შემთხვევებს, ასეთ დროს, სისტემა დაუყონებლივ აგზავნის ინფორმაციას შესაბამის სპეციალისტთან.

ედისონის“ გუნდმა ამ იდეის დამუშავების შედეგად შექმნა პროტოტიპი, რომლის ტესტირებაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ლაბორატორიულ პირობებში. პროცესმა უამრავი ხარვეზი გამოავლინა, რაც ეტაპობრივად აღმოიფხვრა და შეიქმნა პროდუქტი, რომელიც მზად იყო გელათის ტაძარზე დასამონტაჟებლად. „ედისონის“ ცნობით, ახლა პროდუქტი მზადაა წარმოებისთვის, რათა სხვა ძეგლებზეც მოხდეს მისი დამონტაჟება.

კომპანია „ედისონი“ 2 წელია, რაც Hardware და Software მიმართულებით ფუნქციონირებს. „იდეა რატომაც ედისონი დავაფუძნეთ არის ის რაზეც ყველა ერთხმად ვთანხმდებით: ვერცერთი ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ არ დანერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის შექმნილი მონიტორინგის სისტემა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ისეთი ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს, როგორიცაა: იუნესკო, ამერიკის საელჩო, მსოფლიო ბანკი და ა.შ.“, – გვიყვება გივი ბერიძე, „ედისონის“ დამფუძნებელი. მისივე თქმით, კომპანია ბევრი მიმართულებით მოღვაწეობს (Web Development, Android/iOs Applications, 3D Modeling.), თუმცა, უფრო Hardware მიმართულებით გამოირჩევა, რაც პლატების დიზაინს, მიკროკონტროლერების დაპროგრამებასა და ჭკვიანი სისტემების მოწყობილობების შექმნას მოიცავს.

განხილვა