არმენპრესის ინფორმაციით, 7 ივნისის 11:00 საათის მონაცემებით, სომხეთში სულ 13 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 210 გარდაიცვალა, 4 014 კი გამოჯანმრთელდა.
მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად, 4 ივნისს, პეტიცია შეიქმნა სახელად: „დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში“, რომელშიც ვკითხულობთ:
„ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“.
სწორედ ეს პეტიცია გახდა ქართული ტექნოლოგიური კომპანიისთვის Edison.ge ერთ-ერთი მოტივატორი, სომხეთისთვის 5 სადეზინფექციო კაბინის ჩუქების გადაწყვეტილება მიეღო.
ჩვენ, მაქსიმუმ, ერთ კვირაში, მზად ვიქნებით, 5-ვე კაბინა ჩვენს მეზობელ ქვეყანას გადავცეთ. სადეზინფექციო კაბინების დადგმა საჯარო სივრცეებშიც შეიძლება, მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ოკრიბას სადგურზე დგას, ასევე, გაგუას კლინიკაში და ა.შ. სომხეთსაც, შესაბამისად, შეუძლია, სურვილის მიხედვით გამოიყენოს და ვთქვათ, საავადმყოფოებში, ბოქსირებულ პალატებში დადგმით, ექიმების მიერ, შიდაგავრცელება აირიდოს თავიდან. ჩვენ, როგორც უკვე ვთქვი, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მზად ვიქნებით, დანარჩენი უკვე დროისა და სახელმწიფოებს შორის, ფორმალური პროცედურების საკითხია, – განმარტავს გივი ბერიძე, Edison Tech Solution-ის დამფუძნებელი.
როგორც გივი ბერიძე ამბობს, დასკვნა ქართულ სადეზინფექციო კაბინებზე გაცემულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
შეგახსენებთ, რომ ქართული სადეზინფექციო კაბინები, დაახლოებით, 1 თვის წინ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, ქართულმა საწარმომ Kaya და Edison Tech Solutions-მა შექმნეს. კაბინები სხვადასხვა კლინიკასა თუ საჯარო სივრცეში უნდა დამონტაჟებულიყო და ვირუსის გავრცელებისთვის ხელი, მაქსიმალურად, შეეშალა.
საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო კაბინა შეიქმნა