თუ მანქანა გყავთ, ალბათ, ერთხელ მაინც გამოგივლიათ სიტუაცია, როცა საბურავი დაგეშვათ, უახლოეს „ვულკანიზაციას“ კი ვერ პოულობდით. უცხოეთში, ასეთი შემთხვევებისთვის, ბენზინგასამართ სადგურებთან სპეციალურ ყუთებს შეხვდებით, რომლითაც საბურავს მარტივად დაბერავთ. თუმცა, ასეთ პუნქტებით სარგებლობას საქართველოში ნაკლებად შეძლებთ.
„ედისონის“ დამფუძნებლის, გივი ბერიძის თქმით, „ასეთი ტექნოლოგიები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მათი იმპორტი საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება, რის გამოც ეს პრობლემა ჯერ არავის გადაუჭრია“. სწორედ ამიტომ, Edison Tech Solutions-ში შექმნეს ამ მოწყობილობის შიდა ტვინი (პლატა) და კარკასი, რომელიც ადგილობრივ ქარხანაში აწარმოეს.
„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ინოვაციურ პროექტებსაც ახორციელებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავს ვალდებულებად ვთვლით, ისეთი ტექნოლოგიები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც ინოვაციური მსოფლიოს მასშტაბით არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელია მისი ადგილზე შექმნა და წარმოება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით: ჭკვიანი შესანახი ყუთები (Lockers), დასაბერი ყუთი და სხვა მრავალი ტექნოლოგია, რომლის ნახვაც ჩვენს პორტფოლიოშია შესაძლებელი“, – ამბობს გივი ბერიძე.
დასაბერი ყუთები, როგორც სრულად საქართველოში წარმოებული პროდუქტი, უკვე მზადაა დაიდგას ნებისმიერ ადგილას. Edison-ის ცნობით, ეს მოწყობილობა ხარისხით არ ჩამოუვარდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონკურენტებს, ხოლო ფასით კი საგრძნობლად იაფია. მისი ღირებულება კი, დაახლოებით, 600$-ის ფარგლებში მერყეობს.