in

„ვინგსი“ – შემეცნებითი ცენტრი ბავშვებისთვის

ვინგსი“ ბავშვთა შემეცნებითი ცენტრია, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს – შემეცნებითი პროგრამა, ვიზუალური ხელოვნება და სოციალურ – როლური თამაშები.

BOG
BOG

შემეცნებითი პროგრამა 5-14 წლის ბავშვებისთვის 

ცენტრის დამფუძნებლების თქმით, ამ პროგრამის მიზანია, ბავშვების ინტერესის გაღვივება ისეთი მნიშვნელოვანი საგნებისადმი, როგორებიცაა: ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია და ქიმია.

მარიკა მშვილდაძე

მარიკა მშვილდაძე (ცენტრის თანადამფუძნებელი): ისინი გაეცნობიან სხვადასხვა სფეროს უახლეს მიგნებებს და საინტერესო ფაქტებს  თამაშის და პრაქტიკული ექსპერიმენტების თანხლებით. იმისათვის, რომ გაკვეთილები მაქსიმალურად საინტერესო და ბავშვებზე მორგებული ყოფილიყო, წინასწარ შევიმუშავეთ პროგრამა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტების ჩართულობით და შევადგინეთ საინტერესო გაკვეთილები:

  • რატომ არის ცა ცისფერი?
  • რატომ ცვივა ვარსკვლავები?
  • რა მოხდება თუ სინათლის სიჩქარით ვივლით?
  • რატომ დუღს წყალი?

საგანმანათლებლო ცენტრის მეორე პროგრამა ვიზუალური ხელოვნებაა. ის 3- 14 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

 

მაიკო კუკავა (ცენტრის თანადამფუძნებელი): ვიზუალური ხელოვნება ხელს უწყობს ბავშვების იდეების, გრძნობების, ემოციების და ინტერესების გამოხატვას გამოსახულებებში. დადებითად მოქმედებს მათ სენსორულ, ემოციურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაზე. ვიზუალური ხელოვნების გაკვეთილები მოიცავს:

  • მხატვრობა (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია)
  • თიხით ძერწვა
  • დეკორატიული ხელოვნება (აპლიკაციები, crafts)
  • ხელოვნების ისტორია: ცნობილი მხატვრების ცხოვრება და მათი ნამუშევრების ისტორია

 

რაც შეეხება სოციალურ – როლურ თამაშებს, პროგრამა 3-8 წლის ბავშვებისთვისაა.

გვანცა მეზურნიშვილი

გვანცა მეზურნიშვილი (ცენტრის თანადამფუძნებელი): აღნიშნული მიმართულებით გათვლილი ასაკობრივი ჯგუფი სწორედ ის კატეგორიაა, როდესაც ბავშვს უჩნდება სამყაროს შეცნობის მიმართ ინტერესი. ეს სურვილები უბიძგებს მას მოირგოს სხვადასხვა პერსონაჟის როლები და გაითამაშოს წარმოსახვითი სიტუაციები. ჩვენთან ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ იმპროვიზაციით და როლური თამაშებით განივითარონ სოციალური უნარები, რაც მნიშვნელოვანია   ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.

„ვინგსის“ შექმნის მთავარი მიზანი იყო ისეთი პროგრამების მომზადება, რომლებიც ბავშვებისთვის საინტერესო იქნებოდა – მიიღებდნენ ცოდნას, ისწავლიდნენ ემოციებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემას. ცენტრის სამივე დამფუძნებელს სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ. ამბობენ, რომ ინსპირაცია, სურვილი და ენთუზიაზმიც სწორედ აქედან წამოვიდა.

„ინგლისურ ენაზე „ვინგს“ (Wings) ფრთებს ნიშნავს. ბავშვებს კი თავიანთი წარმოსახვის უნარით ფრენა შეუძლიათ. გვინდოდა, ცენტრისთვის ისეთი სახელი შეგვერჩია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სამყაროს შემეცნებასთან, წარმოსახვის და ემოციების გადმოცემის მნიშვნელობასთან“, – ამბობს გვანცა მეზურნიშვილი.

შემეცნებითი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ( მერაბ კოსტავას #71). სამივე მიმართულებით, გაკვეთილები ტარდება როგორც სამუშაო დღეებში, ისე შაბათ – კვირას, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1-1,5 საათი. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, ცენტრი დაკომპლექტებულია შესაბამისი სფეროს კვალიფიციური კადრებით პროგრამის შემუშავების ეტაპზე, ასევე ჩართული იყო განათლების ფსიქოლოგი, რომელიც მათ ასაკობრივი ჯგუფების, გაკვეთილის ხანგრძლივობის განსაზღვრასა და აქტივობების სწორად ფორმირებაში დაეხმარა.

მაიკო კუკავა

„სანამ იდეის განხორციელებას დავიწყებდით, ჩავატარეთ მშობლების გამოკითხვა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იზრდება ბავშვების კომპიუტერთან გატარებული დრო. სწორედ ამიტომ, მაღალია მშობლების ინტერესი, გამოათავისუფლონ შვილების სოციალურ ქსელში გატარებული დრო და დააკავონ ისინი სასარგებლო და საინტერესო შემეცნებითი აქტივობებით. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება ხელოვნების მნიშვნელობის მიმართ ბავშვის ემოციური განვითარების კუთხით. მის დადებით გავლენაზე საუბრობენ წამყვანი ფსიქოლოგები და შესაბამისად, ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ შვილის ემოციურ განვითარებას ხელოვნების საშუალებით“, – ამბობს მაიკო კუკავა.

[R]

იღბალს გისურვებთ! – KFC-ის ანიმაციური კამპანია

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო