12
Feb
2019

სტიპენდიები, უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები – განათლების საერთაშორისო გამოფენა იწყება

12 Feb 2019

22-23 თებერვალს, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ვიზიტორები სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ტარდება.

mBank QR
mBank QR

„გამოფენაზე მოსულ აბიტურიენტებს, მშობლებს და უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, 100-მდე ქართული და უცხოური სასწავლო დაწესებულება დახვდებათ. ვიზიტორებს ადგილზე შეეძლებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია სასურველი უნივერსიტეტისა თუ გაცვლითი პროგრამის შესახებ, შეადარონ ისინი ერთმანეთს და აირჩიონ, სად სურთ სწავლის გაგრძელება“, – ამბობს პროექტების მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი.

განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ სასწავლო დაწესებულებები შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, დამთვალიერებელს, გამოფენაზე პროფესიული სასწავლებლები, უცხო ენის სასწავლო ცენტრები, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, სასწავლო ინვენტარიც დახვდება.

„მონაწილე უნივერსიტეტები აბიტურიენტებს არაერთ სიურპრიზს უმზადებენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ სხვადასხვა გათამაშებაში და მოიპოვონ უფასო სწავლის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მარიამ ცაიშვილმა.

[R]

განხილვა