in

როგორ შექმნეს Resident Evil-ის ყველაზე შემზარავი სცენა პრაქტიკული ეფექტებით

ზაკ კრეგერის Resident Evil-მა მაყურებლის მოლოდინს გადააჭარბა. ფილმში შთამბეჭდავი ვიზუალური გადაწყვეტები, სრულიად მოულოდნელი სახალისო სცენარი და ჟანრის მოყვარულებისთვის გათვლილი არაერთი დეტალია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეპიზოდი ყურადღებას იმითაც იქცევს, რომ მისი შექმნისას CGI-ის (Computer-Generated Imagery) ნაცვლად პრაქტიკული ეფექტები გამოიყენეს.

ფილმის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მისი შემზარავი ტრეილერისა და პოსტერების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა, თავად Resident Evil-მა კი მოლოდინები კიდევ უფრო მაღლა ასწია. შთამბეჭდავი სამყაროს შექმნა, იუმორით გაჯერებული სცენარი და ფანებისთვის მომზადებული საინტერესო დეტალები ფილმს გამორჩეულ გამოცდილებად აქცევს როგორც Resident Evil-ის, ისე ჰორორის ჟანრის მოყვარულებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სცენა

სცენა მაშინ ვითარდება, როდესაც მთავარი გმირი გაქცევას ცდილობს. ის უკან ბრუნდება და ავისმომასწავებელ სახლს უყურებს. სწორედ ამ დროს კარის ჩარჩოს გარშემო ნელ-ნელა ჩნდება ერთმანეთისგან მოწყვეტილი კიდურები, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლად მოძრაობენ.

გმირი საფრთხეს მალევე ხვდება და გაქცევას არჩევს – გადაწყვეტილებას, რომელიც საშინელებათა ფილმების პერსონაჟებს ხშირად არ ახასიათებთ.

ერთი შეხედვით, ასეთი სცენის შექმნა მარტივად შეიძლებოდა CGI-ს დახმარებით, თუმცა რეჟისორმა მაქსიმალური რეალიზმის მისაღწევად პრაქტიკული ეფექტები გამოიყენა. მოძრაობის რეჟისორ იაკუბ ჰუდლიცკის მიერ გადაღებული კადრები აჩვენებს, რამდენად დეტალურად იყო სცენა დაგეგმილი და ქორეოგრაფიულად აწყობილი.

სწორედ ამ ტექნიკამ შექმნა სცენის უცნაური და შემზარავი ეფექტი – მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ეკრანზე რაღაც რეალურ, მაგრამ, ამავდროულად, სრულიად არაბუნებრივ მოვლენას უყურებს.

ეს დეტალი ფილმის მაყურებლებმაც დააფასეს. სოციალურ ქსელებში სცენას ფილმის ერთ-ერთ საუკეთესო კადრად და ტრეილერის ყველაზე გამორჩეულ მომენტად მოიხსენიებდნენ. ბევრმა მაყურებელმა თავიდან იფიქრა, რომ ეფექტი CGI-თ იყო შექმნილი, ამიტომ მისი პრაქტიკული შესრულების აღმოჩენამ სცენის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

რატომ მუშაობს ეფექტი ასე კარგად

Resident Evil-ში პრაქტიკული ეფექტების გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე კინო სულ უფრო ხშირად ეყრდნობა CGI-ს. ციფრული ეფექტები უამრავ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ფიზიკურად შექმნილ დეკორაციას, მაკეტს ან ეფექტს ეკრანზე სრულიად განსხვავებული შეგრძნება მოაქვს.

ასეთ სცენებში მაყურებელი არა მხოლოდ საბოლოო ვიზუალურ შედეგს ხედავს, არამედ იმ ხელით შესრულებულ სამუშაოსაც, რომელიც მის უკან დგას. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ყველაზე მარტივი და უცნაური ეფექტიც კი უფრო დამაჯერებელი და შემზარავი ხდება, ვიდრე ტექნიკურად სრულყოფილი ციფრული გამოსახულება.

Resident Evil-ის ეს სცენა ამის კარგი მაგალითია. ამ ეფექტით რეჟისორი არ ცდილობს მაყურებლის ტექნოლოგიით გაოცებას, მისი ძალა სწორედ იმაშია, რომ ეკრანზე შექმნილი საშინელება რეალისტურად გამოიყურება.

ნუკა შევარდნაძე Eurobest 2026-ის ჟიურიშია

როგორ გავიგოთ, ამოვწურეთ არსებული კარიერა თუ უფრო მცირე ცვლილებები გვჭირდება