in

როგორ ებრძვიან ყალბ ამბებს ეფექტური კომუნიკაციით

დეზინფორმაციის დროს ფაქტებით არავინ ინტერესდება. მის წინააღმდეგ ბრძოლა სწორი გზავნილების მომზადებასა და გავრცელების სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. შესაძლოა გახსოვდეთ კიდეც, რომ შეთქმულების თეორიების ერთ-ერთმა ცნობილმა მიმდევარმა, ჩარლი ვიჩმა, 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით საკუთარი მცდარი შეხედულებები საჯაროდ უარყო. მაშინ, მისივე მხარდამჭერთა ნეთვორქისგან უმძიმესი აგრესია და მუქარა მიიღო. დღეს, მსგავსი რისკის წინაშე დგანან ბიზნესლიდერებიც, როდესაც საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტს, მონაცემთა ცენტრებს, მრავალფეროვნების პოლიტიკას თუ სხვა სენსიტიურ თემებს. ნებისმიერ პოზიციას, რომელსაც კომპანია იკავებს, ხშირად მოჰყვება ხოლმე აგრესიული წინააღმდეგობა.

M2
M2

მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს კომუნიკაცია აღარ მიმდინარეობს მშვიდ, ერთიან და პროგნოზირებად გარემოში. ჩვენ ვცხოვრობთ ერთგვარ ინფორმაციულ მულტივერსში, სადაც თითოეულ ჯგუფს საკუთარი გავლენის აგენტები და ჩაკეტილი თემები ჰყავს. ამ რეალობაში გზის გაკვლევა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ზუსტად მივხვდებით, როგორ ყალიბდება ძალაუფლება ციფრულ ქსელბში.

გავრცელების არქიტექტურა

ჩვეულებრივ, იერარქიულ სტრუქტურებში ძალაუფლება ზემოდან ქვემოთ ნაწილდება, თუმცა ნეთვორქინგის სამყაროში ყველაფერს კავშირების სიმჭიდროვე და მათი სტრატეგიული განლაგება წყვეტს. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორ დავიდ კრაკჰარდტის მიერ შემუშავებული მოდელი და ორგანიზაციული კვლევების ექსპერტ ვალდის კრებსის ანალიზი აჩვენებს, რომ ქსელში გავლენა ცენტრალურობის სამი ძირითადი საზომით იზომება.

პირველი კავშირების რაოდენობრივი ცენტრალურობაა. ის გვიჩვენებს, ვის აქვს ყველაზე მეტი პირდაპირი კონტაქტი. ასეთი ადამიანები საუკეთესო წყაროა იმის გასაგებად, თუ რაზე ლაპარაკობს საზოგადოება და როგორ ვრცელდება ესა თუ ის ამბავი. მეორე საზომი, სიახლოვის ცენტრალურობა, იმ მონაწილეებს გამოკვეთს, რომელთაც ყველაზე სწრაფი წვდომა აქვთ ნეთვორქის დანარჩენ წევრებთან. სწორედ ისინი ხდებიან ნებისმიერი ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი არხები.

მესამე და ყველაზე სტრატეგიული მაჩვენებელი ე.წ. შუალედური ცენტრალურობაა. ის ავლენს ისეთ მონაწილეებს, რომელთაც შეიძლება ბევრი პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდეთ, თუმცა ერთადერთ ხიდს წარმოადგენდნენ სრულიად იზოლირებულ ჯგუფებს შორის. ქსელურ მეცნიერებაში ასეთ წევრებს საზღვრების გადამკვეთებს უწოდებენ. ეს მოდელი აჩვენებს ნეთვორქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წესს. გავლენის მოსაპოვებლად ყველაზე სწრაფი გზა არა ხალხმრავალ ცენტრში ყოფნით კონკურენციაა, არამედ იმ ჯგუფებთან ხიდების აგება, რომელთაც ჯერ არავინ უკავშირდება. ახალი ხიდების გაბმით გრავიტაციის ცენტრი ბუნებრივად იწევს თქვენკენ.

ხელოვნურად შექმნილი გავლენა

როდესაც ქსელურ მექანიზმებს კარგად ჩაუღრმავდები, მათი გამოყენება სტრატეგიულად შეგიძლია, თუმცა ამავე პრინციპებით ძალიან ოსტატურად მანიპულირებენ ბოროტმოქმედებიც. თანამედროვე ციფრული სივრცე ხომ მხოლოდ რეალური ადამიანებისგან არ შედგება – მასში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებენ ავტომატიზებული ექაუნთები, ანუ ბოტები.

ნობელის პრემიის ლაურეატმა მარია რესამ და Rappler-ის საგამოძიებო გუნდმა ფილიპინებში ჩატარებული კვლევისას ზუსტად გამოავლინეს, თუ როგორ იქმნება ასეთი კოორდინირებული გავლენის ქსელები. სოციალური ქსელის ექაუნთებსა და პოსტებს შორის კავშირების რუკის შექმნით აღმოჩნდა, რომ ყალბი ექაუნთები უბრალოდ ტყუილებს კი არ ავრცელებდნენ, არამედ მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული და სინქრონულად მოქმედებდნენ. ყოველი პოსტი ათასობით და მილიონობითჯერ ძლიერდებოდა, რაც პოპულარობისა და საყოველთაო მიმღებლობის ილუზიას ქმნიდა. შედეგად, ჩვეულებრივ მომხმარებლებს უჩნდებოდათ განცდა, რომ ეს მარდინალური იდეები საზოგადოებაში ფართოდ იყო გაზიარებული.

წინააღმდეგობის სტრატეგია

მას შემდეგ, რაც ბოტების სისტემა ამოქმედდება, ის რეალური ადამიანების ქცევასაც ცვლის. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანები გარშემორტყმულნი არიან მსგავსად მოაზროვნე ჯგუფებით, ისინი ინფორმაციას გადაუმოწმებლად და გაცილებით მარტივად აზიარებენ. სოციალური მედიის ალგორითმები კი კიდევ უფრო ამძაფრებენ ამ ციკლს სენსაციური კონტენტის წახალისებით.

კვლევებით ჩანს, რომ ადამიანები შეთქმულების თეორიებზე უარს იშვიათად ამბობენ მხოლოდ ახალი ფაქტების გაცნობის გამო. რეალური ცვლილება მაშინ იწყება, როდესაც პიროვნება სრულიად ახალ სოციალურ წრეში ხვდება. შესაბამისად, შეხედულებების შეცვლაც სწორედ ამ კავშირების ცვლილებით იწყება.

დღევანდელი კომპანიები, სახელმწიფო უწყებები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ხშირად ხდებიან ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე. გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, ერაყში სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურობისას, აღმოაჩინა, რომ ტრადიციული იერარქიული სტრუქტურა ვერ უმკლავდებოდა სწრაფად ცვალებად, ქსელურ მტერს. მან სრულიად შეცვალა მიდგომა და პარტნიორებთან მჭიდრო ქსელური კავშირები დაამყარა, რამაც ოპერაციული ეფექტიანობა 17-ჯერ გაზარდა.

ბიზნესლიდერებისთვისაც მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ გავრცელების ინტენსივობის დამარცხება მხოლოდ იმავე იარაღით არის შესაძლებელი. კრიზისის დადგომის შემდეგ მომზადებული ოფიციალური განცხადებები და პიარ-სტრატეგიები ყოველთვის დაგვიანებულია, რადგან მცდარი ნარატივი უკვე გავრცელებულია მრავალმხრივ არხებში. აუცილებელია პროაქტიული მოქმედება – სანდო კავშირებისა და ურთიერთობების მშენბლობა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან კრიზისის დაწყებამდე. ნდობა იქმნება არა საფრთხის დროს, არამედ მასზე ბევრად ადრე.

წყარო: Fastcompany

Hilton-ის თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგია, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება

საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი