შეიძლება თამამად ითქვას, რომ ინსტაგრამი მილენიალების და თაობა Z-ის რჩეული სოც ქსელია. მისი გამოჩენა ტვიტების, ფეისბუქ სტატუსების და ბლოგების ხანაში საკმაოდ შთამბეჭდავი და ხმაურიანი იყო და მისიაც ამბიციურად ჟღერდა – მსოფლიოს მომენტების დაჭერა და გაზიარება (To capture and share the world’s moments).
წარმატებაზე ეს მცირე ფაქტებიც მეტყველებს:
- ბაზარზე გამოჩნდა 2010 წელს
- სულ რაღაც 1 კვირაში 100,000 მომხმარებელი ჰყავდა
- ფეისბუქმა 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად იყიდა
- 2020 წლის მონაცემებით აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1 მილიარდია. მათგან ნახევარი ყოველდღე იყენებს მას
- ბიზნეს პროფილების რიცხვი 25 მილიონს აღწევს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება
- საქართველოში ინსტაგრამზე რეგისტრირებული 940,000 მომხმარებელია.
ინსტაგრამი თავიდან ბოლომდე ვიზუალური არხია. დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ ეს სოც ქსელი, თუმცა მაინც შეგახსენებთ – მისი მთავარი დანიშნულება ფოტო/ვიდეო კონტენტის გაზიარებაა. იმისათვის, რომ ეს გამოცდილება მრავალფეროვანი, საინტერესო და გასართობი იყოს, ინსტაგრამს უამრავი ჩაშენებული ხელსაწყო (ფილტრები, კამერა ეფექტები, დამუშავების საშუალებები) აქვს და თანაც, მუდმივად ვითარდება და იხვეწება.
რაც უნდა იყოს თქვენი მიზანი – უბრალოდ ყოველდღიური მომენტების გაზიარება მეგობრებისთვის, პოპულარობა, ინფლუენსერობა, თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ პროდუქტის გაყიდვა, ინსტაგრამზე შეგიძლიათ სათქვენო პროფილი შექმნათ. ამ ეტაპზე 3 ტიპის ანგარიშია ხელმისაწვდომი:
- პერსონალური: თქვენი პირადი ამბების გაზიარებისთვის
- პროფესიონალური: თქვენი ბიზნესის პრომოუშენისთვის
- კრეატორი: ბოლო დროს დამატებული პროფილის ტიპი სპეციალურად ინფლუენსერებისთვის და კონტენტის შემქმნელებისთვის
ინსტაგრამზე ფოტო/ვიდეო კონტენტის განთავსება შეგიძლიათ როგორც ფიდზე, ასევე სთორიში და IGTV-ში (ამ უკანასკნელის ცალკე აპლიკაციაც არსებობს). გადასაღებად ინსტაგამის აპლიკაცია და კამერის სხვადასხვა რეჟიმები შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა უკვე გადაღებულის ატვირთვაც არ არის პრობლემა. თუ არჩევანის წინაშე დადგებით – ფოტო თუ ვიდეო, ჩვენი რეკომენდაცია ცალსახად ვიდეოა. ეს ფორმატი ბევრად უფრო მეტის ჩვენების და თქმის საშუალებას იძლევა და თუ ინსტაგრამზე ახალი ხართ, მომხმარებელი სწრაფად და უკეთ გაგიცნობთ.
ინსტაგრამი ინფლუენსერების სამოთხეა. თუ ეს ტერმინი თქვენთვის უცნობია, მცირე განმარტებაც აქვე – ინფლუენსერი ის ადამიანია, რომელიც სხვის აზრზე ან ყიდვის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. თუ თქვენი მოსაზრებების გაზიარება და შეფასებების გაკეთება გიყვართ და ამავდროულად, გადაღებაც გეხერხებათ, ინფლუენსერობა შეიძლება თქვენთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდეს.
ინფლუენსერების მთავარი სამოქმედო სივრცე სწორედ ინსტაგრამია და მათ ბრენდები ძალიან აქტიურად იყენებენ საკუთარი პროდუქტების პრომოუშენისთვის.
Hubspot-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა მინიმუმ 72%-ის ყიდვის გადაწყვეტილებაზე ინსტაგრამზე ნანახმა კონტენტმა მოახდინა გავლენა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ბრენდების მიერ ამ პლატფორმაში ინვესტირებული მარკეტინგული ხარჯებიც სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ თქვენ ჯერ ამაზე არ გიფიქრიათ, გირჩევთ, 2020 წლის ბიუჯეტში ინსტაგრამი აუცილებლად გაითვალისწინოთ.
ინსტაგრამი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი სოც ქსელია. რამდენად სწრაფადაც მისი მომხმარებლის რაოდენობა იზრდება, ანალოგიურად იცვლება მათი ქცევაც და უპირატესობები. ჩვენს სააგენტოს, როგორც ფეისბუქის ოფიციალურ პარტნიორს, ექაუნთ მენეჯერი გვყავს, რომელიც ყოველთვის გვიზიარებს რჩევებს, საუკეთესო გამოცდილებებს, ტრენდებს და წარმატებულ ქეისებს, ასევე მოსალოდნელ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს ინსტაგრამის მომხმარებლების პულსზე ხელი გვეჭიროს და მუდმივად ინფორმირებულები ვიყოთ.
სპეციალურად მარკეტერის მკითხველებს რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რაც ინსტაგრამზე წარმატებული მარკეტინგისთვის დაგეხმარებათ:
გამოიყენეთ სთორი – სთორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი ინტერაქტიულობაა. მათი გამოყენებით საშუალება გაქვთ მომხმარებლები გაააქტიუროთ და ბრენდთან კავშირი დაამყარებინოთ.
ყურადღება მიაქციეთ ფიდის ესთეტურობას – ინსტაგრამი ვიზუალური პლატფორმაა და ფიდზე დახვეწილი სტილის შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გამოიყენეთ რელევანტური ჰეშთეგები – ჰეშთეგების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თემატური და შესაფერისი იყოს. ინსტაგრამზე კონკრეტული ჰეშთეგის გარშემო მომხმარებლების გაერთიანება ძალიან კარგი საშუალებაა ბრენდ ადვოკატების შესაძენად.
იპოვეთ თქვენი უნიკალური ხმა – ინსტაგრამზე მიკრობლოგები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი სათქმელი კარგად გადმოსცეთ და ამავდროულად, მომხმარებლის აქტიურობა შეინარჩუნოთ. რაც უფრო მეტი ავთენტურობა ექნება თქვენს ქეფშენებს, მით უფრო მალე დაგიმახსოვრებთ მომხმარებელი.
თუ წაკითხულმა თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა და შეიძლება უკვე გონებაში წარმოიდგინეთ კიდეც რა კონტენტს დადებთ თქვენს ინსტაგრამზე, აქვე მათი ეფექტიანობის უნივერსალურ საზომს გაგაცნობთ: Engagement, ჩვენებურად – ჩართულობა, სადაც ნებისმიერი სახის ინტერაქცია იგულისხმება.
აუცილებელია ლაიქების (რომელსაც მალე მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ) და კომენტარების გარდა ყურადღება მივაქციოთ პოსტების შენახვის და პირადში გაგზავნის მაჩვენებლებსაც, რათა მივხვდეთ, რამდენად ფასეულია ჩვენი კონტენტი მომხმარებლისთვის.
ფოლოუერების რაოდენობა კი იმაზე მეტყველებს, რამდენად საინტერესო ინსტაგრამი გვაქვს. თუ ინფლუენსერობას აპირებთ, ეს მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდების დასაინტერესებლად.
აქვე 2020-ის რამდენიმე ტრენდსაც გაგაცნობთ:
- ინსტაგრამ შოპინგი დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოშიც მალე შევძლებთ ამ ფუნქციით სარგებლობას.
- AR ფილტრები და მათი შესაქმნელი Spark AR Studio (ფეისბუქის უფასო სტუდია AR ფილტრებისთვის) სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მათ ბრენდები აქტიურად იყენებენ.
ავტორები: ნათია ზარნაძე, თამუნა გოგორიშვილი