ახლა რომ გთხოვოთ, წარმოიდგინეთ, როგორ და სად იღვიძებთ ხვალ დილას, რას გრძნობთ და აკეთებთ, ამას მარტივად მოახერხებთ… არც იმის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, როგორი იქნება ეს დღე ზუსტად ერთი წლის შემდეგ. თუმცა ყველაფერი უფრო გართულდება, თუ დროის ინტერვალს 10 წლამდე გავზრდით — თქვენ ხომ არასდროს ყოფილხართ იმაზე 10 წლით უფროსი, ვიდრე ახლა ხართ.
ამიტომაც, ამ დავალების შესასრულებლად, იმდენი დრო გამოყავით, რამდენიც შედარებით რეალური სურათის წარმოსადგენად დაგჭირდებათ. იფიქრეთ საკუთარი თავისა და სივრცის შესახებ, რომელშიც იმყოფებით… ვინ არის თქვენ გვერდით, რას ხედავთ, რა გესმით და როგორია ზოგადი ემოციური ფონი. ამ ახალი მეხსიერების შექმნით ტვინს იმისთვის ამზადებთ, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. თავის მხრივ, ეს წარმოსახვა დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ: უნდა შეცვალოთ თუ არა დღევანდელი ქმედებები? რამდენად სწორად მიდიხართ სასურველი მიზნებისკენ?
მეცნიერები წარმოსახვის ამ ფორმას „მომავლის ეპიზოდურ აზროვნებას“ (EFT) უწოდებენ. ამ უკანასკნელს ხშირად დროში მენტალურ მოგზაურობასაც უწოდებენ, რადგან ტვინი მომავლის ნათლად წარმოდგენაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, EFT რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებაა — რისკებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა, რომლებზეც აქამდე არ გიფიქრიათ. მთლიანობაში, რადგანაც EFT მომავლის განსაზღვრის ეფექტური საშუალებაა, ის გადაწყვეტილებების მიღებას, დაგეგმვასა და მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, fMRI კვლევების მიხედვით, EFT მოიცავს გაზრდილ აქტივობას და კავშირს ტვინის 11 სხვადასხვა რეგიონს შორის. ამის საფუძველზე, განსაზღვრა 3 ძირითადი ეფექტი, რომლებიც ამ მენტალური მოგზაურობის დროს წარმოიქმნება.
პირველ რიგში, თქვენმა ტვინმა „სცენის მშენებლობა“ უნდა დაიწყოს — ანუ, მომავლის სამყაროს შენება. ასეთ დროს გონება რეალისტურ დეტალებსა და სარწმუნო იდეებზეა ორიენტირებული, რაც მეხსიერების გააქტიურებას იწვევს. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც წარმოიდგენს, ყოველთვის წარსულის დამუშავებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ხოლო იდეალურ შემთხვევაში, თუ ამ მიკერძოებას დააღწევთ თავს, ინოვაციურ იდეებამდე მიხვალთ.
მას შემდეგ, რაც სცენას „ააშენებთ“, ე. წ. „შესაძლებლობების გამოვლენა“ იწყება. ამ დროს ნებისმიერი გზის მოძიებას დაიწყებთ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. მაგალითად, თუ 10 წლის შემდეგ თავს კომპანიის ხელმძღვანელად წარმოიდგენთ, ყველა ქმედება ამისკენ იქნება მიმართული.
დაბოლოს, როდესაც ტვინი მომავლამდე მიგიყვანთ, გრძნობების წარმოქმნა დაიწყება. ტვინის ემოციური ცენტრები აქტიურდება, რაც ზუსტ წარმოდგენას მოგცემთ იმის შესახებ, როგორ იგრძნობთ თავს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ — აღელვებულად, იმედგაცრუებულად, იმედიანად, შეშინებულად, მარტოსულად, წარმატებულად, კმაყოფილად და ა. შ. ეს ემოციები მნიშვნელოვან ინფორმაციას გაწვდით და გეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, რამდენად გსურთ ასეთ მომავალში გაღვიძება.