in

ნინჩო ეგაძე : „მარკეტინგი არ არის ცხოვრებისგან განყენებული სფერო. ესაა ურთიერთობა, გამოცდილება და პროფესიონალიზი“

დღეს მარკეტერის სტუმარია ნინჩო ეგაძე, „რედ ბულის“ მარკეტინგის მენეჯერი კავკასიაში. იგი 10 წელზე მეტია, რაც მარკეტინგის სფეროში აქტიურად საქმიანობს.

ნინჩო გვესაუბრა თავის ბავშვობაზე, რა გავლენა ჰქონდა თეატრალურ გარემოს მისი, როგორც პიროვნების ფორმირებაზე. მან გაგვიზიარა, თუ როგორ გახდა მარკეტინგი, მისი საყვარელი და ძირითადი საქმიანობა. ასევე, გვესაუბრა საკუთარ მსოფლმხედველობაზე, გამოცდილებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. გეგმებსა და ოცნებებზე. „მარეკეტერი“ გთავაზობთ ინეტერვიუს, რომელიც ბევრ დამწყებ პროფესიონალსა და არა მხოლოდ, ძალიან გამოადგება.

nincho egadzeM: წარმოიდგინე, რომ შენ – შენ არ ხარ. ხარ სხვა ადამიანი, რომელიც ნინჩო ეგაძეზე უყვება მეგობრებს. როგორ დაახასიათებდი მას? ვინ არის ნინჩო ეგაძე ?

როგორ? ძალიან მიჭირს საკუთარი თავის დახასიათება. ნინჩოს ორი სახე აქვს. ხანდახან მეტიც და ცოტა მაშინებს ეს მდგომარეობა. ორს, ვცდილობ არ გადავცდე. ზოგისთვის მკაცრი ვარ, ზოგისთვის – რბილი, ვიღაცისთვის – ჩუმი, ვიღაცისთვის – ხმაურიანი. კონკრეტული სახე არ მაქვს. არ ვიცი, რითია გამოწვეული. ზოდიაქო მაქვს ასეთი, თუ რისი ბრალია, ვერ ვიტყვი. ჰოროსკოპით ტყუპები ვარ. ვცდილობ, არ გამოვავლინო გაორება. მაგრამ ჩემს ხასიათში რაღაც დივერსიფიკაცია ყოველთვის ხდება. მუდმივი დიალოგი მაქვს საკუთარ თავთან. უცხო ადამიანებისთვის ძნელი გასაგებია ჩემი პერსონა. განსხვავებულ აზრებს ვისმენ ხოლმე. ან ძალიან დადებითს, ან თავიდან უარყოფითს, რომ ზედმეტად მკაცრი, ან ჩუმი ვარ. ვიღაცისთვის ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ თავში. სამსახურში და გარეთ სხვადასხვანაირი ვარ. სხვათა შორის, ამით ძალიან კარგად ვერთობი.

M: შენ გაიზარდე თეატრის, კინოსა და ხელოვნების ფერადოვან სამყაროში (დედა- მსახიობი ხათუნა მჭედლიძე, მამა – რეჟისორი ოთარ ეგაძე). შეგიძლია მოგვიყვე, რა როლი ითამაშა ამ გარემომ შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში?

ძალიან გამიმართლა. მართლა ძალიან გამიმართლა. იმ დროს, როდესაც ბნელოდა, ყველასთვის ბნელოდა, მე და ჩემ დას- ირინკას ის სიბნელე არ გვინახავს. პირველივე დღიდან გადაწყვეტილი იყო, რომ ჩვენ ვიყავით პრინცესები. ერთი – ერთი ქვეყნის, მეორე -მეორე ქვეყნის. ჩვენმა მშობლებმა ეს ბნელი პერიოდი თეატრით გააფერადეს. ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული რუსთაველის თეატრის კულისებში. პირველი ხელფასიც თეატრში ავიღე.

ერთხელ დედაჩემმა წამიყვანა კინოსტუდიაში. ფილმში იღებდნენ. დედას ძალიან გრძელი და ლამაზი ქერა თმა ჰქონდა. უცებ ვხედავ, რომ გრიმიორმა თმა შეჭრა. არადა, სინამდვილეში პარიკი გაუკეთეს. ისეთი ამბავი მოვაწყვე, ვერაფრით გამაჩერეს. ბოლოს გამოიყვანეს ცხოველები კინოსტუდიის ზოოპარკიდან, ოღონდ დავწყნარებულიყავი. ვიჯექი და დათვი მართობდა.

ალბათ ეს მართლა ზღაპარი და გამართლებაა. ხშირად მშობლები სახლს კინოს ხალხს უთმობდნენ. თითქმის ყოველ საღამოს ჩვენთან კონცერტის ან სპექტაკლის რეპეტიცია იმართებოდა.

ჩვენთან ხშირად იყვნენ ადამიანები, მშობლების მეგობრები, ვისაც სხვები ვარსკვლავებად თვლიდნენ. მაგალითად, ძილის წინ ხშირად გვიმღეროდა თამრიკო ჭოხონელიძე. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ალბათ ამიტომაა , რომ დღემდე არაფერი მაკვირვებს. კინოს და თეატრის მისტიკა იყო სულ. ეს იყო ცხოვრების ნაწილი, რეალობა, რომელიც სხვებისთვის ზღაპარია. ზუსტად ამის გამო, დღემდე მჯერა დაუჯერებელი ამბების. ჩემზე ალბათ ამან იმით იმოქმედა, რომ დღემდე ალტრუისტი ვარ. ეს იყო რეალური ბედნიერება.

M: გვიამბე, როგორ გაიარე გზა გრაფიკული დიზაინიდან მარკეტინგამდე?

ჩემს ოჯახში შეუძლებელი იყო აგერჩია პროფესია, რომელიც ხელოვნებასთან კავშირში არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი მხარე მქონდა და ბევრს ეგონა, იურიდიულ ან ბიზნეს ფაკულტეტს ავირჩევდი, გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. კონკრეტულად არ ვიცოდი, რა მინდოდა.

ოთარ ეგეაძე

ხატვაც ჩემი ერთ-ერთი გატაცება იყო. ძალიან მინდოდა არქეოლოგობა. კარგად რომ გავარკვიე, მითხრეს, რომ ამას სჭირდება ძალიან ბევრი დრო, ოჯახისგან მოწყვეტა და რაღაცნაირად ჩამიკლეს ეს იდეა. არა ოჯახმა, გარეშე პირებმა.

დადგა საკითხი, სად უნდა ჩამებარებინა. მამაჩემთან და დედაჩემთან მივედი, როგორც მენტორებთან. ვუთხარი, რომ მინდოდა კონკრეტული და მიწაზე მდგომი პროფესია, თან, კრეატიული და საინტერესო. რაც მთავარია, არ მინდა საშინაო დავალება მქონდეს-მეთქი. დაახლოებით ერთ კვირაში,  მშობლებმა რამდენიმე ვარიანტი შემომათავაზეს.

ერთ-ერთი იყო გრაფიკული დიზაინისა და კომპიუტერული გრაფიკის ფაკულტეტი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცოდა. ჩავაბარე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. პირველივე კურსზე მივიღე შეკვეთები. კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამ საქმეში დამკვეთთან ურთიერთობა არ იყო ჩემი მიზანი. იმდენად დიდ ენერგიასა და შრომას ვდებდი, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ფერის შეცვლაზე ლაპარაკი, ან იმ დიზაინის დათმობა, რაც მომწონდა.

პირველ კურსზე მოვხვდი „მაგი სტილში“. ვიყავი გრაფიკულ დიზაინერზე მიმაგრებული პრაქტიკანტი. მალე გათავისუფლდა პროექტის მენეჯერის პოზიცია, რომელიც მე, როგორც თანამშრომელს შემომთავაზეს. დაახლოებით 10 ადამიანი მექვემდებარებოდა, რომლებიც ჩემზე, ძირითადად, 20-30 წლით უფროსები იყვნენ. მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა დიზაინი არ იყო.

დიზაინის ცოდნა მეხმარებოდა ერთ ენაზე მეურთიერთა არტ დირექტორებთან და დიზაინერებთან. ამის გამო, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და მარტივი იყო ჩემთვის.

ჩემს ხელში მოხვდა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. პარალელურად ვსწავლობდი აკადემიაში. თან ვითვისებდი საქმეს, რადგან მარკეტინგი ჩემთვის სრულიად უცხო სფერო იყო. არაფერზე უკან არ ვიხევდი და ვიღებდი ყოველ ახალ დავალებას.

უკვე 4 წელი იყო გასული, როდესაც მივიღე შემოთავაზება „ფილიპ მორისიდან“. ძალიან კომფორტულად გადავედი დამკვეთის მხარეს. ისეთ რაღაცაზე მივდიოდი, რაც არ ვიცოდი და უნდა მესწავლა. დაიწყო საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობა.

ეს იყო დიდი 6-წლიანი გამოცდა. ბიუროკრატია, განსხვავებული სტრუქტურა , კორპორატიული კულტურა, ინგლისურენოვანი კომუნიკაცია, ძალიან ბევრი მოგზაურობა და საერთაშორისო გამოცდილება. ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მე თვითონ, მაგრამ არ ვიცოდი, თუ რა იყო სწორი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ზუსტად ამ ყველაფრის სწავლა იყო 6 წლიანი შრომის მიზანი.

ამის შემდეგ მივიღე შემოთავაზება „რედ ბულიდან“ და დგება ბედნიერი ხანა.

M:   ნინჩოს “რედ ბული“ …

ნინჩო ეგაძე 1ეს ჩემი საყვარელი ეპოქაა. მივიღე შემოთავაზება. სამსახურის შეცვლას არ ვაპირებდი, მაგრამ იმ ადამიანებმაც კი, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე იყო და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

სამსახურის პირველი დღე უდაბნოში მქონდა. ეს იყო „საფარი ტური“ და კრეატიული სესიების ტრენინგი, თუ როგორ უნდა იყო კრეატიული, მოდერატორი და რა გზებია კრეატიული იდეების განსახორციელებლად. ერთი კვირა სამყაროს მოწყვეტილი აღმოვჩნდი. გავიცანი თანამშრომლები მთელი მსოფლიოდან. შემდეგი 1 კვირა გავატარე ტრენინგზე უკრაინაში . შემდეგ ორი კვირა- ავსტრიაში. სადაც თვითმფრინავების ანგარში აღმოვჩნდი. როდესაც თანამშრომლად გიყვანენ, ტრადიციაა World of Red Bull – „რედ ბულის“ სამყაროს ჩვენება. მფლობელი შემოგარენის დასათვალიერებლად, საკოლექციო თვითმფრინავს გითმობს. თვითმფინავში მივხვდი, რომ ჩემს ადგილას ვარ. იქ, სადაც მინდა, რომ ვიყო. ჩემთან ერთად დაახლოებით 80 კაცი იყო. გავიხედ-გამოვიხედე და ბევრი ნინჩო დავინახე. ყველა ძალიან მომღიმარი, ბედნიერი, კარგი განწყობით. დაახლოებით თვენახევარში სამსახურში მივედი, სადაც მუშაობა უნდა გამეგრძელებინა. დაიწყო ძალიან დიდი და ჩემი საყვარელი პროექტის რეალიზება. რომელიც ახლა აჩვენებს რეალურ და კარგ შედეგებს.

M: ვიცი, რომ „რედ ბული“ ერთი დიდი ოჯახია. შენი როლი ამ ოჯახში?

მე დედა ვარ. ლანჩზე მე ვაჭმევ ყველას. ეს არის ინდივიდების ძალიან მხიარული და საინტერესო შეკრება, რომლებიც ამავე დროს პროფესიონალები არიან, რომლებისგანაც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ და იღებ. როდესაც შვილები გყავს, უნდა იცოდე, რომ რასაც აკეთებ სწორად აკეთებ და დრო, რომელსაც საქმეს უთმობ, ფუჭად არ იკარგება. ძალიან გამიმართლა. არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანებთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. არასდროს ვფიქრობ პარასკევია თუ არა. ყოველთვის მენატრებიან, სანამ ორშაბათი მოვა. ეს ძალიან დიდი ბენდიერებაა. ვცდილობ, ყველას მსგავსი შეგრძნება ჰქონდეს სამსახურში მოსვლისას და წასვლისას. თუმცა, ხანდახან გვაქვს სტრესული და რთული პერიოდები, რასაც ვარეგულირებთ. ჩემი, როგორც დედის როლი შუამავალის, დამბალანსებლის როლში გადადის.

M: თუ შეიძლება, გაიხსენე საქმიანი გამოცდილების შემთხვევა, რომელიც ყველაზე საინტერესო იყო შენთვის ?

შარშანდელ წელთან ჩემი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაა დაკავშირებული. პირველად გავაკეთეთ სოციალური პროექტი. ყველასთვის პირველი იყო, მაგრამ იმდენად დიდ და რეალურ პრობლემას შევეჩეხეთ, რომ ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა. შემიძლია თამამად ვთქვა – ჩემთვის ეს გახდა გარდამტეხი მომენტი.

ნინჩო ეგაძე 3მივხვდი რამხელა ძალა აქვს იგივე მარკეტინგს სოციალური პრობლემის მოგვარების შემთხევევაშიც კი. რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მენეჯმენტი ასეთ შემთხევევებში. მივხვდი, რომ ჩემი ოცნებაა მქონდეს ფუფუნება, სოციალურ პროექტებში, თუნდაც, მოხალისედ ვიმუშაო.

M: ქართველი პროფესიონალი – რომლითაც სულ აღფრთოვანებული ხარ?

ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა. შარშანწინ, „სფოთლაითის“ ღონისძიების დროს გავიცანი „მარკეტერის“ დამაარსებელი აკო ახალაია. მეილის უკან, ვისაც ვეკონტაქტებოდი, რატომღაც მეგონა, დიდი და სერიოზული ადამიანი უნდა ყოფილიყო. ჩემზე ბევრად პატარა ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს უდგას სათავეში. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს გარშემო კიდევ ძალიან ბევრი და საინტერესო პროფესიონალია.

 M: დაასახელე ის სამი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარა.

ნეტავ ყველას ჰქონდეს საშუალება, ამდენი ტესტი და ტრენინგი გაიაროს, რაც მე გავიარე. ტესტირების შედეგად ვიცი, რომელია ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთ-ერთი მთავარი ძლიერი თვისებაა სტაბილურობა. ასევე, პოზიტიურობა, რომელიც მომავალზე ორიენტაციასა და პრობლემის გადაჭრის გზებს მოიცავს. მესამე – კრეატიულობა.

M: სფერო/მდგომარეობა, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ხარ.

სანდო ადამიანების გარემოცვაში. მჭირდება სუფთა ჰაერი.

ნინჩო ეგაძე 2

M: მარკეტინგი საქართველოში – დღევანდელი მდგომარეობა – მისი განვითარების გზები.

მე პრაქტიკოსი მარკეტერი ვარ. არ მინდა პრეტენზია გამოვთქვა, რომ შემიძლია კონკრეტული ბაზრის განვითარების გაანალიზება. ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წელია საინტერესო პროცესები მიდის, რომლებსაც სუბიექტური კუთხით ვაკვირდები. ვამჩნევ, რომ არის ძვრა. მოვიდა ახალი თაობა, რომელიც ბევრად თამამია განსხვავებული პროექტების გასაკეთებლად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება – არის განათლება, პროფესიონალიზმი და მცდელობა.

M: რა რჩევას მისცემ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას შენს პროფესიაში?

ერთი და ყველაზე მთავარი, არ შეიძლება შემოიფარგლო მხოლოდ პროფესიული ლიტერატურით. მსოფლმხედველობა მაქსიმალურად ფართო უნდა გქონდეს. რაც უფრო მეტ სფეროში გაქვს გამოცდილება, მრავალფეროვნებას მისდევ, არ იკეტები ერთ სივრცეში, მეტ ინფორმაციას იღებ. ფართოვდება მსოფლმხედველობის არეალი. ბევრად მარტივია ახალი იდეების მოძიება, ახალი პროექტების დაწყება.

ჩემთვის ყოველი ახალი კომუნა, რომელსაც ვეცნობი, აღმოჩენაა. შეიძლება ეს იყოს სნოუბორდერების, ან თუნდაც, მკლავჭიდის გაერთიანება საქართველოში. მარკეტინგი არ არის ცხოვრებისგან განყენებული სფერო. ესაა ურთიერთობა, გამოცდილება და პროფესიონალიზი.

M: ნინჩო- 10 წლის შემდეგ…

სურვილი მაქვს, ბევრ სხვადასხვა სფეროში კონსულტაციის გაწევის საშუალება მქონდეს. მინდა მოვიდეს დრო , როდესაც საქართველოს, როგორც ქვეყანას თავისი მარკეტინგი ექნება. მინდა, რომ ვემსახურო ჩემ ქვეყანას. ყველაზე მეტად ეს მინდა.

ავტორი: ირინა საყვარელიძე

Homeis.ge- ავეჯისა და სახლის დეკორატიული ნივთების ონლაინ მაღაზია ქართულ ბაზარზე

805 მილიონი სახელი – ზლატან იბრაჰიმოვიჩის შთამბეჭდავი საქციელი!