in

“კვერცხზე გრავირება პეპელას ჰგავს, ხელს თუ ძალიან მოუჭერ, მოკვდება, თუ ნელა – გაგიფრინდება” – გიორგი შოვნაძე

ხელოვნება იქაც კი შეიძლება აღმოვაჩინოთ, სადაც არ ველით – თუნდაც კვერცხის ნაჭუჭზე. ამ სტატიაში სწორედ რომ ხელოვნების უცხო, ორიგინალურ მიმართულებაზე – კვერცხის ნაჭუჭის გრავირებაზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში არც თუ ისე გავრცელებულია. გიორგი შოვნაძე ხელოვანია თბილისიდან, რომელიც წლებია ამ სფეროში გამოცდილებას აგროვებს. ბევრი სირთულის, ათასობით დამსხვრეული კვერცხისა და დახარჯული ენერგიის ფასად დღეს უკვე ის შემდგარ ხელოვანად შეგვიძლია, მოვიხსენიოთ. ამ ორიგინალურ ხელოვნებაზე გიორგის დეტალურად გავესაუბრეთ:

BOG
BOG

M: პირველ რიგში გაგვაცანით თქვენი თავი..

მე ვარ გიორგი შოვნაძე, როგორც ამბობენ, ხელოვანი. ვქმნი საქართველოში და ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ ხელოვნების უცნობი მიმართულების ნამუშევრებს. მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარ ქვეყანაში, იყო პირველი, ვინც აცნობს საზოგადოებას ხელოვნების ამ უნიკალურ მიმართულებას.

M: როდის დაინტერესდით პირველად ამ ხელოვნებით და რა გახდა ინსპირაცია, გაჰყოლოდით ამ მიმართულებას?

ჩემს ბავშვობაში იყო პოპულარული ახალგაზრდული ჟურნალი, რომელიც სხვადასხვა სფეროს მიღწევებს აქვეყნებდა.ზუსტად ამ ჟურნალში წავიკითხე სტატია ჩინელი მოხუცის შესახებ, რომელიც ნამდვილი კვერცხის ნაჭუჭზე ტვიფრავდა სხვადასხვა ორნამენტს. სწორედ მას შემდეგ, დღემდე ვცდილობ დავხვეწო და განვავითარო მუშაობის ტექნიკა და ტექნოლოგია, რომელიც საკუთარი ცდებისა და შეცდომების ხარჯზე შევქმენი. რეალურად, ამ მიმართულების შესწავლა საქართველოში წარმოუდგენელი იყო და ახლაც ვფიქრობ, რომ შეუძლებელია.

M: გვიამბეთ ხელოვნების ამ მიმართულების ისტორიაზე – საიდან მოდის ის და თქვენ საიდან შეიტყვეთ მის შესახებ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელოვნების ამ სფეროს შესახებ პირველად ახალგაზრდულ ჟურნალში წავიკითხე  და გამიჩნდა სურვილი, მეცადა. მას შემდეგ კი უკვე დავიწყე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, თუმცა უშედეგოდ. ახლა უკვე შეგვიძლია, ისტორიულ წყაროებს დავეყრდნოთ და მოგიყვეთ, რომ  კვერცხზე გრავირების ისტორია საუკუნეებს ითვლის და ძველი ჩინეთიდან იღებს სათავეს. გრავირებულ კვერცხებს ერთმანეთს ჩუქნიდნენ ქორწილებში, დაბადების დღეებსა და სხვა საკულტო დღესასწაულებზე. გრავირებული კვერცხი ითვლებოდა ძვირფას და განსაკუთრებულ საჩუქრად.

M: როგორი იყო მასზე დაუფლების პროცესი? რა სირთულეებს აწყდებოდით?

პირველ სრულყოფილ ნამუშევრამდე იყო ძალიან ბევრი წარუმატებელი მცდელობა და ათასამდე დამსხვრეული კვერცხი. უმთავრესი პრობლემა იყო სამუშაო ხელსაწყოები, მათი მოძიება და ჩემს სამუშაო ტექნიკასთან და ტექნოლოგიასთან  შეთავსება.

M: როგორ ფიქრობთ, რითაა გამორჩეული ეს ხელოვნება და რამდენადაა გავრცელებული ის საქართველოში?

საქართველოში ხელოვნების ეს მიმართულება არ არის ცნობილი და შესაბამისად – არც განვითარებული. პირადად ჩემთვის, ეს ხელოვნება არის იდეებისა და ემოციების ექსპრესიის განსაკუთრებული ფორმა, საშუალება.

საშუალო სირთულის ნამუშევრის შექმნას სჭირდება მინიმუმ  24 საათი, ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე სპეციფიკურ ეტაპს. როდესაც მეკითხებიან, თუ რას ნიშნავს კვერცხზე გრავირება და როგორ უნდა გადაიტანო იდეები, ემოციები ნამდვილ ნაჭუჭზე, მე ერთი პასუხი მაქვს – კვერცხზე გრავირება პეპელას ჰგავს, ხელს თუ ძალიან მოუჭერ, მოკვდება, თუ ნელა – გაგიფრინდება.

M: ნამუშევრების შექმნისას რა ხდება ხოლმე თქვენი ინსპირაცია?

თითოეული ნამუშევრის შექმნისას ინსპირაციის წყარო ხდება იმ მომენტში ჩემი ემოციები, როგორც სხვა ხელოვანებისთვის -მუზა.

M: რას საქმიანობთ დღესდღეობით ამ კუთხით?

სახელოსნო-სტუდია მაქვს, სადაც დიდ დროს ვატარებ და ახალ-ახალ, განსხვავებულ კომპოზიციებზე ვმუშაობ, რომელთა ანალოგი ჯერ არ მინახავს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში, დავასრულო აღნიშნული ორი პროექტი, რომელიც სრულიად განსხვავებულია აქამდე ჩემ მიერ შექმნილი სხვა ნამუშევრებისგან. შემდეგ უკვე ვგეგმავ მოვაწყო გამოფენა, რათა უფრო მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია ამ ხელოვნების შესახებ.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

საქართველოში iPhone 12-ის და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება

“სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” საქართველოს სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია