11
Feb
2019

ეგო – კარგი ხელმძღვანელის მტერი!

11 Feb 2019

როდესაც ლუდსახარში კომპანია Carlsberg Group-ის ახლად დაწინაურებულ აღმასრულებელ დირექტორს, ჰარტს, ასისტენტმა გასაღები ბარათი მისცა, რასაც მისთვის, რასაკვირველია, ახალი პოზიციის ბენეფიტებიც მოჰყვა, მან ლიფტის ყველა სხვა სართული ჩაკეტა და ისე მოახერხა, რომ ლიფტი მხოლოდ მე-20 სართულზე ჩერდებოდა, ოფისში კი კოპენჰაგენის არაჩვეულებრივი ხედის ფონზე მუშაობდა. ეს იყო, გულწრფელად რომ ვთქვათ, კომპანიაში საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის დემონსტრირება. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჰარტს, დაახლოებით, 2 თვე დასჭირდა, ახალ პასუხისმგებლობებს რომ შეგუებოდა და ამ დროში შეამჩნია, რომ დღის განმავლობაში, ძალიან ცოტა ადამიანს ხედავდა. იმის გამო, რომ ლიფტი სხვა სართულებზე არ ჩერდებოდა, მას იშვიათად უწევდა „კარლსბერგის“ თანამშრომლებთან კომუნიკაცია. ამიტომ, საკუთარი კაბინეტიდან უფრო ქვემოთ, დაბლა სართულზე, ღია სამუშაო სივრცეში გადაბარგდა და როცა მის ამ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, ასე ახსნა: „თუ თანამშრომლებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მაქვს, ვერასდროს გავიგებ, ისინი რას ფიქრობენ. ორგანიზაციის პულსზე თუ არ მიდევს ხელი, მას ეფექტურად ვერ ვუხელმძღვანელებ“.

ეს ისტორია ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ მოახერხა ხელმძღვანელმა თანამშრომლებისგან დისტანცირების პროცესი დროულად შეეჩერებინა. ეს პრობლემა ძალიან ნაცნობია მაღალ სამსახურებრივ პოზიციებზე დანიშნული ადამიანებისთვის. ადამიანები რაც უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს აღწევენ, მით მეტად ეზრდებათ ეგო და მათი იზოლირებულ წრეში მოქცევის შანსიც იზრდება. ასეთ შემთხვევებში, მათ კოლეგებთან ურთიერთობა აღარ აქვთ, შორდებიან კომპანიის კულტურასა და საბოლოო ჯამში, კლიენტებსაც. გავაანალიზოთ ნაბიჯ-ნაბიჯ:

როგორც კი თანამდებობრივად ვიზრდებით, მეტ ძალაუფლებას ვიხვეჭთ. ჩვენ გარშემო ადამიანებს კი უნდათ, რომ გვასიამოვნონ: ყურადღებით, გულითადი მოსმენით, ჩვენს ხუმრობებზე სიცილითა და ჩვენი ნებისმიერი აზრის მიმღებლობით. ეს ყველაფერი ეგოს სიამოვნებს და როცა ეგო ბედნიერია, ის კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.

ბრიტანელი ნეიროლოგი, დევიდ ოუენი და ფსიქიატრიისა და ბიჰევიორისტული მეცნიერებების პროფესორი, ჯონათან დევიდსონი, ასეთ მდგომარეობას „ჰუბრისის სინდრომს“ უწოდებენ. „ჰუბრისი“, თავის მხრივ, ზომიერების დაკარგვას ნიშნავს, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასებას, ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელ წყურვილს… თუმცა, ასევე, მთიულურად, „ჰუბრისი“ ჟღერს, როგორც გაბუდაყება – გამდიდრებული კაცის საყმოსგან გამოცალკევების მცდელობა.

The Lane Crawford Joyce Group-ის, საცალო ვაჭრობის უმსხვილესი აზიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის, ჯენიფერ ვუს სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: „ნებისმიერი ლიდერის ძირითადი პასუხისმგებლობა საკუთარი ეგოს სურვილების მართვაა – წარმატებისთვის, ცნობადობისა და გავლენის მოპოვებისთვის“. როცა ძალაუფლების მარწუხების ქვეშ ვექცევით, კონტროლს ვკარგავთ. ის თვალსაწიერს ავიწროებს, ჩვენს ქცევას ამახინჯებს – ხშირად, ჩვენი ღირებულებების შეუსაბამო ქმედებებისკენ გვიბიძგებს.

წარმოიდგინეთ, ჩვენი ეგო არის სამიზნე, რომელსაც სულ თან დავატარებთ… რაც უფრო დიდია სამიზნე, მით მარტივია მიზანში მორტყმაც. ასე, სხვებს საშუალებას ვაძლევთ, რომ ჩვენზე უპირატესობა მოიპოვონ. ჩვენი ეგო პროგნოზირებადს გვხდის, შესაბამისად, ჩვენით მანიპულირებაც მარტივი ხდება.

როგორც უკვე ვახსენეთ, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენს ქცევას ამახინჯებს. სხვების წვლილს არ ვაღიარებთ და გვჯერა, რომ კონკრეტული წარმატება ერთადერთი ადამიანის დამსახურებაა და ეს თავადვე ვართ. ასე უფრო უხეშები ვხდებით, უფრო ეგოისტურები… ვერ ვიღებთ შენიშვნებს, კრიტიკას, არ ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს და არ ვაღიარებთ შეცდომებს, როგორც კარგ გამოცდილებას და მისგან სწავლის შესაძლებლობას.

ჩვენი ეგო ყოველთვის იმ ინფორმაციას ეძებს, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მოსაზრებებს ადასტურებს. ასეთ დროს, ძლიერი მოთხვონილება გვაქვს იმისა, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები მუდმივად გვეთანხმებოდნენ. თუმცა, ამით, სიტუაციის სხვა პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობას ვკარგავთ და ჩვენს გამოგონილ რეალობაში გვიწევს ყოფნა – ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ იმას ვხედავთ და მხოლოდ ის გვესმის, რაც ჩვენს ეგოს სურს. საბოლოოდ კი, ვშორდებით ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ, იმ კულტურას, რომლის ნაწილიც ვართ, კლიენტებსა და სტეიქჰოლდერებს.

რამდენიმე რჩევა, რომელიც, ვფიქრობთ, გასაზიარებლად ღირს:

  • ვიფიქროთ სამსახურებრივი პოზიციით მონიჭებულ პრივილეგიებზე. ზოგიერთი მათგანი უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას გვაძლევს, ზოგი კი მხოლოდ ჩვენი ეგოს ახირებების – ჩვენი სტატუსისა და ძალაუფლებისთვის ხაზგასმის შესაძლებლობაა. ვცადოთ, გადავაფასოთ, რომელი პრივილეგიის დათმობა გვიღირს. იქნებ, ეს დარეზერვებული საპარკინგე ადგილი ან სპეციალური ლიფტი იყოს, როგორც ჰარტის შემთხვევაში მოხდა?!
  • სამსახურში ჭკვიანი ადამიანები ავიყვანოთ. ისეთები, რომლებიც თავდაჯერებულად შეძლებენ ჩვენთან საუბარსა თუ კამათს. მხარი დავუჭიროთ მათ, განვითარების საშუალება მივცეთ და ჩვენმა ეგომ ასეთი სასარგებლო საქმეებით იგრძნოს კმაყოფილება…
  • ადამიანობა და მადლიერების გრძნობა არის წარმატების ქვაკუთხედი… გამოვიყენოთ მომენტი იმისთვის, რომ ორგანიზაციის წარმატებაში სხვა ადამიანების წვლილზეც ვიფიქროთ, აღვნიშნოთ, სხვებს გავუზიაროთ და მადლიერება გამოვხატოთ.

მეტისმეტი ეგოცენტრულობა მოდის წარმატებით – მაღალი ანაზღაურებით, ლამაზი ოფისით, მუდამ მოცინარი გარშემომყოფებით, რაც ხშირად გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ ლიდერობის გასაღები ვიპოვნეთ. თუ ჩვენ ამას დავიჯერებთ, მას მაშინვე დავკარგავთ.

ნუ მივცემთ ჩვენს ეგოს საშუალებას, რომ რეალობის აღქმა დაგვაკარგვინოს… ვეღარ დავინახოთ, ვეღარ გავიგონოთ ის, რისიც გვჯეროდა. პატივმოყვარეობით, ნუ მივაყენებთ ჩვენს მომავალ წარმატებას ზიანს.

წყარო: HBR



განხილვა