ასტრონომები ახლახან დააკვირდნენ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ეგზოპლანეტის ატმოსფეროს. მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად დაუსახლებელია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გაგებით), WASP-189b ეგზოპლანეტა პირველია, რომელშიც მეცნიერებმა ატმოსფეროს ცალკეული ფენების შესწავლა შეძლეს — თითოეულის ქიმიური შემადგენლობითა და მახასიათებლით.
“წარსულში ასტრონომები ხშირად თვლიდნენ, რომ ეგზოპლანეტების ატმოსფერო ერთგვაროვანი ფენა იყო და ცდილობდნენ, სწორედ ამ მიდგომით შეესწავლათ ის. თუმცა ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ გაზის უაღრესად დასხივებული გიგანტური პლანეტების ატმოსფეროსაც კი აქვს რთული სამგანზომილებიანი სტრუქტურა”, — ამბობს შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასტრონომი იენს ჰოიმაკერსი.
WASP-189b ეგზოპლანეტების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეჯგუფის წევრია: ცხელი იუპიტერები. ეს ექსტრემალური სამყაროები იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტებია, მაგრამ მათი ვარსკვლავები ორბიტაზე საოცრად ახლოს იმყოფება… პლანეტების წარმოქმნის ჩვენი ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, გაზის გიგანტი თავის ვარსკვლავთან ასე ახლოს ვერ ჩამოყალიბდება. თუმცა, დღემდე დადასტურებული თითქმის 5000 ეგზოპლანეტიდან, 300-ზე მეტი შეიძლება, ცხელი იუპიტერი იყოს. ამრიგად, ამ ჯოჯოხეთური სამყაროების შესწავლამ მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს პლანეტარული სისტემების დინამიკის შესახებ.
აღნიშნული ეგზოპლანეტა ჩვენგან დაახლოებით 322 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ზომით, თითქმის, 1.6-ჯერ აღემატება იუპიტერს. WASP-189b-ის ზედაპირის ტემპერატურა დღის განმავლობაში 3200 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც პლანეტას ზოგიერთ ვარსკვლავზე უფრო ცხელი ხდის. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ცნობილი სატრანზინტო ეგზოპლანეტაა — ანუ, ჩვენსა და მის ვარსკვლავს შორის გადის.
“მის ატმოსფეროში არსებული აირები ვარსკვლავების ნაწილს შთანთქავს, ისევე, როგორც ამას ოზონი აკეთებს, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში მზის შუქის ნაწილს შთანთქავს”, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი და ასტრონომი ბიბიანა პრინოტი, ლუნდის უნივერსიტეტიდან. თანაც, WASP-189b-ის ატმოსფეროში აღმოჩენილი ტიტანის ოქსიდი, შესაძლოა, ატმოსფეროში არსებულ ფენაზე მიუთითებდეს, რომელიც ვარსკვლავურ გამოსხივებასთან ისევე ურთიერთქმედებს, როგორც ოზონის შრე დედამიწასთან.
რა თქმა უნდა, ზუსტი შედეგების მიღება დამატებით კვლევებს საჭიროებს, თუმცა ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია “სიცოცხლის ძიებაში”. ეს არის ახალი ეტაპი ეგზოპლანეტარული ატმოსფეროების შესწავლაში, სადაც, დიდი ალბათობით, უცხო ცხოვრების ნიშნებს აღმოვაჩენთ.