in

ქართველი მოსწავლეების გზა გლობალური ტექ-ოლიმპიადისკენ

ტექნოლოგიური სამყარო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ხშირად რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა ერთი რამ ცხადია – მომავალს ის ახალგაზრდები ქმნიან, რომლებიც დღეს რთულ ალგორითმებს ხსნიან, კოდის თითოეულ სტრიქონში ლოგიკას ეძებენ და საკუთარ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე ცდიან.

საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ტრადიცია სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველმა მოსწავლეებმა გლობალურ შეჯიბრებებზე ასპარეზობით არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნიჭსა და შრომისმოყვარეობას საზღვრები არ აქვს. ამის დასტურია ის 98 საერთაშორისო მედალიც – 11 ოქრო, 21 ვერცხლი და 66 ბრინჯაო – რომელიც ჩვენმა ნაკრებებმა წლების განმავლობაში მოიპოვეს.

თუმცა, ცალკეული წარმატებებიდან მყარი, განვითარებადი სისტემის შექმნამდე დიდი გზაა. სწორედ ამ პროცესის დასაჩქარებლად და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გასახსნელად, BTU-სა და თიბისის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ამ პარტნიორობამ სრულიად შეცვალა საოლიმპიადო მოძრაობის მასშტაბი – შერჩევის, მომზადებისა და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის პროცესი გაცილებით ორგანიზებული და სისტემური გახდა.

დღეს ქართველი მოსწავლეები მორიგი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებიან. ყველა ეტაპზე მათ მენტორობას ნაკრების ლიდერი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ. წინ ევროპის ინფორმატიკის ჯუნიორთა ოლიმპიადაა EJOI, რომელსაც ლიტვის ქალაქი კაუნასი 24-30 ივლისს უმასპინძლებს.

როგორია ემოციები და ის სამზადისი, რაც რთული ამოცანების ამოხსნას ახლავს? გაიცანით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

ნატალია პაპაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“: „პროგრამირების სწავლა მეხუთე კლასიდან დავიწყე. თავიდან, უბრალოდ ინტერესი იყო, თუმცა ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რაც ამ დროისთვის, ყველაზე კარგად გამომდის და რისი კეთებაც მართლა ძალიან მიყვარს. რაც შეეხება სირთულეებს – ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ოლიმპიადების წინ ნერვიულობა იყო. თავდაპირველად საშინლად ვღელავდი, თუმცა რაც უფრო მეტ ტურნირზე გავედი, გამოცდილებასთან ერთად ეს შიშიც გაქრა. ახლა, როცა ვზივარ და კოდის წერას ვიწყებ, ღელვა მთლიანად ქრება – სრულად გადართული ვარ ამოცანებზე და მხოლოდ მათ ამოხსნაზე ვფიქრობ.

იმ გოგოებს კი, ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ, მინდა ვუთხრა: საერთოდ არ იფიქროთ იმაზე, თითქოს ეს „მხოლოდ ბიჭების საქმეა“. ეს უბრალოდ მცდარი სტერეოტიპია. მთავარია მონდომება და ინტერესი. უბრალოდ სცადეთ, ნუ შეგეშინდებათ, თუ რაღაც პირველივე მცდელობაზე არ გამოვა – მთავარია, გადადგათ ეს ნაბიჯი და არასდროს დანებდეთ.“

რიჩარდ ბარბაქაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“: „ალგორითმების წერას უბრალო თამაშს ვერ შევადარებ, რადგან ის გაცილებით მეტ შრომას, კონცენტრაციას, ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს. თუმცა, კომპლექსური ამოცანების ამოხსნის პროცესი იმდენად ჩამთრევია, რომ ძალიან საინტერესო და აზარტული ხდება.

ხშირად სწორ გზას ეგრევე ვერ მიაგნებ – ცდი სხვადასხვა მეთოდს, უშვებ შეცდომებს… ზოგჯერ შეიძლება იფიქრო, რომ ამოცანა საერთოდ უხსნადია, მაგრამ სწორედ ამ დროს არ უნდა დანებდე. თითოეულ შეცდომას გამოცდილებამდე მიჰყავხარ, ხოლო როცა უამრავი მცდელობისა და სირთულის გადალახვის შემდეგ საბოლოო, სწორ შედეგს აღწევ, თავს ნამდვილ გამარჯვებულად გრძნობ. სწორედ ეს განცდა – რთული გამოწვევის დაძლევა – ხდის ამ პროცესს ასეთ მოტივაციურს.“

დიმიტრი შენგელია, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“: „როდესაც პროგრამირების სწავლა დავიწყე, ჩემი ერთადერთი მიზანი ამოცანების ამოხსნა იყო – საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას ნამდვილად არ ველოდი. თუმცა, ეროვნულ ოლიმპიადებზე მიღწეულმა წარმატებამ დამარწმუნა, რომ გლობალურ დონეზე ასპარეზობაც შემეძლო.

ნაკრებში მოხვედრას ჩემი ყოველდღიური რუტინა მკვეთრად არ შეუცვლია, უბრალოდ ახლა მეცადინეობისას კონკრეტულ თემატიკაზე ვამახვილებ ყურადღებას. სხვა მხრივ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ ამოცანების გარჩევასა და კოდის წერას.

EJOI-ს რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს ასეთი მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობა. ვფიქრობ, საერთაშორისო შეჯიბრის ფორმატის გაცნობა და წლევანდელ ამოცანებზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.“

გიორგი ციბაძე, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ქუთაისის დაპროგრამების სკოლა AiaSoft: „საკუთარ შესაძლებლობებში ყველაზე მეტად იმ პროგრესმა დამარწმუნა, რომელსაც ყოველდღიური, სისტემატური შრომისა და პრაქტიკის ფონზე ვხედავ. რთული ამოცანის დამოუკიდებლად დაძლევა, შეცდომების გაანალიზება და უკეთესი შედეგის მიღწევა მიჩენს განცდას, რომ განვითარება უწყვეტად შემიძლია. ცალკე მინდა აღვნიშნო ჩემი პედაგოგების – მალხაზ ჯინჯიხაძისა და დიმიტრი ჯანგველაძის როლი და უდიდესი მონდომება, რამაც ეს სფერო ჩემთვის ძალიან მშობლიური გახადა.

საერთაშორისო კონკურსისთვის ინტენსიურად ვემზადები, ვხსნი სხვადასხვა სირთულის ალგორითმულ ამოცანებს, ვეცნობი გასული წლების მასალებს და ვვარჯიშობ შეზღუდულ დროში მუშაობაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სწორი პასუხის მიღება, არამედ ოპტიმალური და გამართული გზის პოვნა. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს თანაგუნდელებთან გამოცდილების გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა.

კაუნასში ჩემი პირველი დიდი საოლიმპიადო გამოცდილებისგან უამრავ ახალ ემოციას, ცოდნასა და საინტერესო გამოწვევას ველოდები. მსურს, ღირსეულად წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა და გუნდი, მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და შინ კიდევ უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული დავბრუნდე.“

EJOI-ზე ასპარეზობის შემდეგ, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი ნაკრების მომზადებას უკვე მომდევნო საერთაშორისო ტურნირებისთვის გააგრძელებს, რაც ქართველ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გლობალურ ასპარეზზე გამოცდილება სისტემატურად დააგროვონ.

[R]

განვითარება ცხოვრების წესია და არა მხოლოდ კარიერული მიზანი

თუ მოისვრი, მობრუნდება! – საშინელებათა ჟანრი Wissol-ის გარემოსდაცვით კამპანიაში