ბევრი კრეატორისთვის ნაცნობია განცდა, როცა საკუთარ იდეის რეალობად ქცევისთვის ღამეებს ათენებ, გულშემატკივრობ, მერე კი სამყაროს წინაშე აშიშვლებ და ელოდები – როგორ გაიგებენ? მაგრამ სულ სხვაა, როცა ამ ყველაფრის მეორე მხარეს ინაცვლებ და თავად ხდები ის, ვინც გლობალურ შემოქმედებით ტალღას მიმართულებას აძლევს. კრეატიულ ინდუსტრიაში ფესტივალები და ჟიურის როლი ეკა ყიფიანისთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა Cannes Lions-ის გამოცდილება და მასშტაბი გამორჩეულია ყველა ფესტივალს შორის. წელს, სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელმა მსოფლიოს უმთავრესი შემოქმედებითი ფესტივალის ნამუშევრები შორტლისტის ჟიურის პოზიციიდან შეაფასა, ახლა კი, Marketer.ge-ის მკითხველს უზიარებს გამოცდილებას.
M: ეკა, არაერთხელ ყოფილხარ ფესტივალების როგორც კონკურსანტი, ისე ჟიურის წევრი. როგორი განცდაა, როდესაც Cannes Lions-ის ჟიურიში გიწვევენ?
ნებისმიერი ფესტივალისა თუ მნიშვნელოვანი მოვლენის ჟიურობა თავისებურად სასიხარულოა, თუმცა კანის ლომების შემთხვევაში ეს განცდა განსაკუთრებულ სიამაყესთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან საპატიოა, პროცესი უაღრესად საინტერესო და მომნუსხველია.
M: როგორი გამოცდილება იყო უშუალოდ სამუშაო პროცესი და როგორ არის ის ორგანიზებული?
Cannes Lions-ის ჟიურის მუშაობა ორ ძირითად ეტაპად იყოფა: შორტლისტის ჟიური, სადაც მე მხვდა პატივი მოვხვედრილიყავი, და უშუალოდ ჯილდოების ჟიური. შორტლისტების შერჩევა მთლიანად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაპირველად იმართება საინფორმაციო, გაცნობითი შეხვედრა, სადაც დეტალურად ვეცნობით კატეგორიის სპეციფიკას, ზოგად წესებსა და ძირითად პრინციპებს, ამის შემდეგ კი სისტემაში შევდივართ და უშუალოდ ნამუშევრების შეფასებას ვიწყებთ.
M: რა იცვლება კრეატორის ხედვაში, როდესაც ნამუშევრებს უკვე არა ავტორის, არამედ საერთაშორისო ჟიურის წევრის პოზიციიდან აფასებ?
ამ დროს აცნობიერებ, რომ ობიექტური, გარეშე თვალი სრულიად სხვა დეტალებს ამჩნევს. ნათლად ხედავ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი, რა გამახსოვრდება ყველაზე მეტად და რატომ გიყვარდება კონკრეტული იდეა. ამავდროულად ხვდები, რა გიჩენს ეჭვს ან, პირიქით, რა ახდენს წარუშლელ შთაბეჭდილებას.
M: საერთაშორისო კამპანიების შეფასებისას თუ შენიშნე ისეთი რამ, რაც ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას დღეს განსაკუთრებით სჭირდება?
ეს არის რელევანტურობა, გავლენა და ხელშესახები შედეგები. ბიზნესში შემოქმედებითობის მთავარი მიზანი ხომ ცვლილებებისა და გავლენის მოხდენაა – თუ შედეგი არ დადგა, იდეა აზრს კარგავს. ნამუშევრებს, რომლებმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს, გულწრფელი და ამბიციური ბიზნესმიზნები ჰქონდათ, რასაც შესაბამისი მასშტაბური შედეგიც მოჰყვებოდა. ეს კამპანიები უმაღლეს დონეზე იყო აღსრულებული, შიშებისა და ორჭოფობის გამო მათი „მოთვინიერება“ არავის უცდია. გარდა ამისა, ყველაზე დასამახსოვრებელი იდეები ყოველთვის დროსთან რელევანტური, ადამიანებისთვის საინტერესო და, რაც მთავარია, ბრენდის საჭიროებებთან მჭიდროდ დაკავშირებული აღმოჩნდა.
M: რა პროფესიული ინსაითები წამოიღე ფესტივალიდან, რომლებიც ღირებულია იდეებთან, გუნდთან და ბრენდებთან მუშაობის პროცესში?
სამ ძირითად მიგნებას გამოვყოფდი:
პირველი – საუკეთესო ნამუშევრების უმრავლესობა იბადება იმ კლიენტებთან პარტნიორობით, რომლებთანაც ერთჯერადი პროექტების ნაცვლად, მუდმივი და რეგულარული ურთიერთობა გაკავშირებს.
მეორე – საუკეთესო ნამუშევრების სრულყოფილ აღსრულებას საუკეთესო ადამიანები სჭირდება, როგორც სააგენტოს, ისე კლიენტისა და პროდაქშენის მხარეს.
მესამე – იდეებს დაცვა და გატანა სჭირდება. რაც უფრო ძლიერია იდეა, მით მეტი წინაღობა ხვდება გზად, ეს კი, სინამდვილეში, მისი ხარისხის საუკეთესო ნიშანია.
M: ამ უნიკალური გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გაუზიარებდი ქართულ კრეატიულ სფეროს ახალი ხედვის სახით?
შიში და თავშეკავება ეფექტური შემოქმედების ყველაზე დიდი მტერია. სამწუხაროდ, დღეს ეს შიში როგორც კლიენტების, ისე სააგენტოების მხარეს უმაღლეს ნიშნულზეა. „მოთვინიერებული“, ან როგორც ჩვენ ვეძახით, „მობლაგვებული“ იდეები – რომლებსაც თითქოს ყველა წვეტი მოუქლიბეს – არც არავის აწუხებს და არც არავის უყვარს. სწორედ ასეთი პროექტები კლავს ინდუსტრიას. ბიზნესს უნდა სჯეროდეს შემოქმედებითი ძალის, რათა მასთან ერთად განსაკუთრებული ისტორიები შექმნას.
ამიტომ, კრეატიულმა სფერომ მუდმივად უნდა დაამტკიცოს, რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია მის იდეებს ბიზნესისთვის. რეალური შედეგების გარეშე ამის გაკეთება ძალიან გაჭირდება, გადარჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მით უმეტეს დღეს, როდესაც ირგვლივ აქტიურად ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, თითქოს ხელოვნური ინტელექტი ან დამოუკიდებელი კრეატორები სრულიად საკმარისია სააგენტოს როლის ჩასანაცვლებლად. თუმცა, როდესაც წლის საუკეთესო პროექტებს უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ძლიერი კრეატიული სააგენტოსა და ძლიერი კლიენტის კოლაბორაციით შობილი იდეები კვლავინდებურად ყველაზე ეფექტური, გრძელვადიანი და პროგრესის მომტანი ძალაა.













