in

ეკა ყიფიანი – ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოს მფლობელი, გამოცდილი კრეატორი და გუნდის საყვარელი წევრი

კანის ლომები 2023-ის შედეგები ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია. გამარჯვებულთა სახელებთან ერთად წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის ვინაობაც გავიგეთ, ეს ეკა ყიფიანი გახდა. მან ეს საპატიო ჯილდო კრეატიულ ინდუსტრიაში შეტანილი ცვლილებებისთვის მიიღო. 

ეკა ყიფიანი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე „სტაჟიანი” ფიგურაა. ჯერ კიდევ 19 წლის იყო, როდესაც ამ სფეროში პირველად მოვიდა და ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში არ არსებობდა იმდენი სააგენტო, როგორც ახლა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კრეატიული დირექტორის ცნებაც არ იყო ცნობილი და ქართული ორიგინალური შემოქმედებითი პროდუქტებიც მცირე რაოდენობით მზადდებოდა. იმ დღიდან მოყოლებული, ეკა ყიფიანმა დიდი და საინტერესო გზა გაიარა, რომელიც გამოცდილებების დაგროვებით, სფეროს შესწავლითა და დაკვირვებებით იყო სავსე. 

ახლა, უკვე 10 წელზე მეტია, რაც მისი რეგალია JWT Metro-ს კრეატივის დირექტორია, რაც უამრავ პროექტს ითვლის. ეკასთვის ეს ინდუსტრია ძალიან ძვირფასია და ის ერთგულება თუ სიყვარული, რომელსაც მის მიმართ იჩენს, მის მიერ განხორციელებულ საქმეებშიც აისახება.

ჩემი ცხოვრების ნახევარი ამ სფეროში გავატარე და თავიდან ის სულ სხვანაირი იყო. ინდუსტრიამ ბევრი ეტაპი და ევოლუცია განიცადა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. მომავალში ერთადერთი გეგმაა, რომ ქართული სარეკლამო ინდუსტრია რაც შეიძლება წინ წავიდეს და რაც შეიძლება მაღლა აიჭრას. სულ ის ვაკეთოთ, რაც აქამდე არ გაკეთებულა და მუდამ ვცადოთ გარემო უკეთესი გავხადოთ. ამ საქმეში ჩემთვის ძვირფასია, პირველ რიგში, ადამიანები, შემდგომ პროექტები, პროცესები, მიგნებები, აღმოჩენები, ამოსახსნელი ამოცანები, სულ სხვადასხვა თემები, სათქმელები და ბოლოს ისევ ადამიანები.

რაც შეეხება ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ მომავალი თაობებისთვის სულ სასარგებლო და საჭირო იყო”, – ეკა ყიფიანი.

ეკასთან მუშაობის გამოცდილება ამ სფეროში ბევრ ადამიანს ჰქონია. გადავწყვიტეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით და გვეთხოვა, ეს გამოცდილება Marketer-ის მკითხველისთვისაც გაეზიარებინათ.

მაია გურაბანიძე, „მეტროფროდაქშენის” თანადამფუძნებელი, ფროდაქშენის ხელმძღვანელი:

კრეატიულ ინდუსტრიაში ჩემი საქმიანობა ეკასთან ერთად დაიწყო. ერთმანეთს 2009 წელს შევხვდით და ამ სფეროს განვითარების ეტაპებსაც ერთად გავდიოდით. სარეკლამო რგოლების წარმოების პროცესში მუდმივი თანამშრომლობა გვიწევს – ის მართავს კრეატიულ პროცესებს, მე ფროდაქშენის პროცესებს და ჩვენს გუნდებთან ერთად შედეგამდე მივდივართ. ეკა სამუშაო სივრცეში ძალიან საინტერესოა, სულ სიახლეებით გამოირჩევა, შესრულების ნაწილში საკმაოდ მომთხოვნია. მას ძალიან უყვარს თავისი საქმე და ბევრ ახალგაზრდას აძლევს მოტივაციას. ძალიან ხშირად, სტრესულ სიტუაციებში, ეკა არის ჩემთვის მაგალითი, როგორ უნდა გჯეროდეს მიზნამდე მისვლისა და განვითარების”.

ნინა ჩიჯავაძე, JWT Metro-ს ქოფირაითერი:

ეკა ჩემი ლექტორი იყო. პირველივე ლექციიდან მივხვდი, ვისთან მინდოდა მუშაობა, ყიფომაც დაიჯერა, რომ რაღაც შემიძლია და უკვე 3 წელია მეტროში ვმუშაობ. ძალიან ცოტა რამ  ვიცოდი ამ სფეროზე მეტრომდე – თითქმის არაფერი. დღეს რა ცოდნა და გამოცდილებაც გამაჩნია, მეტწილად ეკას დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ყიფო ჩემი სენსეია, რეკლამის დედა და გზამკვლევიც.  ყიფოსთან მუშაობისას ხვდები რომ, არ არსებობს ამ საქმეში ამოუხსნელი ამოცანა, მთავარია – სწორი გასაღები იპოვო. ასეთი დამოკიდებულების დანერგვა მერე რეკლამასაც ცდება და ცხოვრებისეულ კრედოდაც შეიძლება გექცეს”.

შეგახსენებთ, რომ კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

2023 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, aPeople, თეგეტა.

„ავერსი“ Spotlight Tech-ის ოქროს სპონსორია!

როგორ უნდა განაახლოთ კონტენტი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში