in

ეკატერინე ბერიძის ემოციებით გაცოცხლებული ხელნაკეთი თოჯინები

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებას გადავაწყდი, რომელიც ორიგინალურ თოჯინებს ამზადებს. დახვეწილი ნაკვთები, საოცარი თმები და ამ თოჯინების ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. თუმცა, ვფიქრობ, ცალკე უნდა აღვნიშნოთ მათი ჩაცმულობაც, რომელიც ბევრი თოჯინის შემთხვევაში, ძველ დროში გვაბრუნებს და გვამოგზაურებს. თოჯინების ავტორი 8 შვილის დედა, ეკატერინე ბერიძეა, რომელიც უკვე 2 წელია, გატაცებულია ამ საქმიანობით.

M: მოგვიყევით თქვენ შესახებ – ვინ არის ეკატერინე ბერიძე, თუნდაც პროფესიით, ინტერესებით, ჰობით და ა.შ

მე ვარ ეკატერინე ბერიძე, 43 წლის. მყავს 8 შვილი და ყოველთვის მაინტერესებდა ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით კი, ხელნაკეთი თოჯინები. საერთოდ, ძალიან მიყვარს ინტერიერის დიზაინი, ჭურჭლის მოხატვა და ფერების ერთმანეთში შეხამება. ასევე, ჩემი სუსტი წერტილია ყვავილები, ძალიან მიყვარს მათი მოვლა და, ვფიქრობ, რომ სიმწვანე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეკორაციაა, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად ამდენი ინტერესისა და ჰობისა, მე მაინც ყველაზე მეტად თოჯინების კეთებამ გამიტაცა.

M: როდიდან დაიწყეთ თოჯინების კეთება და რა გახდა ინსპირაციის წყარო? რამ გიბიძგათ ამისკენ?

თოჯინების კეთება 2 წლის წინ დავიწყე, როდესაც მივხვდი რომ კარგ თოჯინას კარგ ფასად ვერ ვიშოვიდი. სწორედ ამან შთამაგონა, მეც მეცადა მსგავსად თოჯინის გაკეთება ზუსტად ისეთი ჩაცმულობით და ხარისხით, როგორიც მე მინდოდა. ვიფიქრე, რომ თუკი კარგ მასწავლებელს ვიპოვიდი, აუცილებლად გამომივიდოდა. ასე ვიპოვე იულია სოროკინა. მან მხოლოდ ერთი თოჯინა გაგვაკეთებინა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე დამოუკიდებლად გვემუშავა. ამის შემდეგ თოჯინების კეთებას შევუდექი და დღემდე ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ამჟამად თოჯინების კეთებით ვარ დაკავებული.

M: როგორ ფიქრობთ, რას ამბობენ თქვენი თოჯინები?

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაგრამ როცა ვუყურებ, თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ხასიათით ძალიან განსხვავდებიან, სხვადასხვა გამოხედვა აქვთ მიუხედავად მათი მსგავსებისა.

M: როგორი პროცესია თოჯინის დამზადება – სიტყვიერად რომ მოგვიყვეთ როგორც ტექნიკური მხარე – ისე ემოციურიც..

როცა თოჯინის დამზადებას ვიწყებ, ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, იმაზე ვფიქრობ, რას ჩავაცმევ, რა პოზაში დავაყენებ, თმებს როგორ გავუკეთებ და ა.შ. ხოლო როდესაც ჩონჩხს გავაკეთებ და სახესაც გამოვძერწავ, თოჯინა თვითონ ამბობს, რა უნდა ჩავაცვა, შემდეგ ჩონჩხს სინწიპონით შევფუთავ და ვიწყებ ჩემს საყვარელ პროცესს – ჩაცმას. ეს ფერების შეხამება, მორთვა, შეკერვა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ხანდახან ვერც კი ვხვდები, როდის გავჩერდე. ხოლო როდესაც უკვე დამთავრებულ სრულყოფილ თოჯინას ვხედავ, ემოციებით ვივსები და მტკიცედ ვამბობ, რომ არ გავყიდი, რადგან მინდა, სულ ვუყურო.  როცა ჩემს თოჯინებს ვყიდი, მათ ჩემი გულიც თან მიჰყვებათ.

M: ამ კუთხით რაიმე პროექტში თუ ყოფილხართ ოდესმე ჩართული/ რაიმე წარმატებაც ხომ არ ყოფილა, თუ უბრალოდ ვიწრო წრემ იცის ამის შესახებ?

დიახ, როდესაც თოჯინების გამოფენა იყო, ყოველთვის ვმონაწილეობდი და როდესაც ხალხის კომპლიმენტებს ვისმენდი, ეს კიდევ უფრო მანდომებდა, მაშინვე ახალი თოჯინის კეთება დამეწყო. ასევე, შარშან ვიყავი საერთაშორისო გამოფენაზე პრაღაში. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი და ცნობილი მეთოჯინე ვნახე.. ვნახე მათი ნამუშევრები და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. უკვე გაყიდული მაქვს 17 თოჯინა და ახლებზეც ვმუშაობ.

M: როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თითოეულ თოჯინას ერთმანეთისგან?

ჩაცმულობა, თმა, გამოხედვა, ზომა, მაგრამ, რაც მთავარია, ხასიათი. თოჯინას როცა ვამთავრებ, ვხვდები, რომ ხასიათით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

როდესაც თოჯინები მომიგროვდება (20 ცალი მაინც) ვაპირებ, ჩემი მეუღლის ხელშეწყობით, ჩემი პირადი გამოფენა მოვაწყო. თუმცა, როდესაც თოჯინას ვამთავრებ, მაშინვე იყიდება, ასე რომ, ჯერ არ ვიცი, მაგას როგორ მოვახერხებ.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

საკონსულტაციო კომპანია „ანოვამ“ ლოგო და ვიზუალური სტილი განაახლა

Galaxy A51 – საუკეთესო ბიუჯეტური „სმარტფონი“ Samsung-ისგან