პირველი სამსახური 13 წლის ასაკში დავიწყე. ეს გახლდათ 1993 წელი. იმ პერიოდში, ჩემს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ხშირად ვამბობდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. ჩემი სურვილის შესახებ გაიგო დედაჩემის ბიძაშვილმა მაია გოგოლაძემ, რომელიც პირველი ქართული დამოუკიდებელი გაზეთის „7 დღე“ თანადამფუძნებელი იყო. მითხრა – ჩვენთან ცადე, იარე რედაქციაში, ნახე, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და თუ სურვილი გექნება, დაწერე კიდეცო. საკმაოდ რთული პერიოდი გახლდათ, პირობები არც სახლში ჰქონდა ხალხს და არც სამსახურში, ტრანსპორტიც დიდი პრობლემა იყო. რაკი პატარა ვიყავი, არაყიშვილიდან მარჯანიშვილამდე ხან მამას მივყავდი, ხან დედას, ხან – ფეხითაც წავსულვარ. მშობლებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი – არასოდეს ჰქონიათ უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს ასეთ პროფესიულ მისწრაფებასთან, პირიქით, შემაგულიანეს.
ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რედაქციაში ყველა ძალიან დიდად მეჩვენებოდა. ჟურნალისტები ძალიან ექსტრემალურ პირობებში მუშაობდნენ. ისეთი დრო იყო, მხედრიონიც კი მოსულა რედაქციაში.
თავდაპირველად, დაკვირვებით დავიწყე – ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ თანამშრომლები თავიანთ საქმეს. შემდეგ, პირველი დავალებაც მივიღე – უნდა წავსულიყავი მერიაში და დამეწერა, თუ რა ხდებოდა ქალაქში მთელი კვირის განმავლობაში.
მახსოვს მინისტრ გაზდელიანთან, სადაც მამა მიმყვა, როგორ მივედი მერიაში, სადაც დედაჩემმა მიმაცილა… იმდენად პატარა ვიყავი, რესპონდენტს ჩემს დანახვაზე გაეღიმა. მე ძალიან სერიოზულად ვუსვამდი კითხვებს და სტატიის ფორმა მივეცი. ცალკე დიდი გამოცდილება იყო სტატიის რედაქტირება. შემდეგ, ინტერვიუებზე გამიშვეს. მაშინ, ინფორმაციის მოძიების საშუალება არ იყო, ამბის მოსათხრობად, რესპონდენტისთვის უნდა მიგემართათ.
ამავდროულად, სკოლაში ვსწავლობდი და ძალიან მეამაყებოდა ეს ამბავი. ჩემი დაბეჭდილი სტატია სკოლაში მიმქონდა ხოლმე და პრეს-ბარათზე მიწერილი „7 დღე. კორესპონდენტიც“ საამაყო იყო ჩემთვის. მახსოვს, „7 დღის“ თანადამფუძნებელთან, ხათუნა მაისაშვილთან ერთად რომ დავწერე სტატია, შემდეგ – დიმიტრი სანაიასთან ერთად. ტექსტებს რედაქტორი ზვიად ქორიძე მისწორებდა. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ პერიოდში. კარგად მასწავლიდნენ, როგორ უნდა დამესვა კითხვა, როგორ დამეწერა ტექსტი. რეალურად, მაშინ გავიგე, რას ნიშნავდა ჟურნალისტიკა, რამხელა დაკვირვება, სწორი აქცენტების დასმა…
ამ საქმეში ყველაზე რთული ინტერვიუზე წასვლა იყო. ვემზადებოდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი არაფერი გამომრჩენოდა გამოცდილ რესპონდენტთან.
სწორედ ამ სამსახურში მივიღე ჩემი პირველი ჰონორარი. ვალუტა კუპონებში იყო. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, უფრო იშვიათად მივდიოდი რედაქციაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1 წლის მანძილზე ვიმუშავე Georgian Times-ის რედაქციაში, ასევე, სტუდია მაესტროში, სადაც პირველი სატელევიზიო გამოცდილება მივიღე. დღეს, ჟურნალისტიკა საკმაოდ სხვაა, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იმ დროს რედაქციაში მუშაობდნენ, იყვნენ დიდი პროფესიონალები და ბევრი რამ მასწავლეს.
ეკატერინე ქადაგიშვილი – ჟურნალისტი და Movement-ის თანადამფუძნებელი