12
Dec
2019

ეკა ქადაგიშვილის ცხოვრება, როგორც “აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა”

12 Dec 2019

მახსოვს, მულტიმედია განათლების ცენტრში მის ლექციაზე ვიჯექი და მისსავე მომზადებულ სიუჟეტს ვუყურებდი.. სიუჟეტი  ჩრდილოეთ კორეის საზღვართან იყო გადაღებული – სწორედ იქ, სადაც ნებისმიერი გადამღები მოწყობილობის გამოყენება ნებადართული არ არის. ვუყურებდი და ვფიქრობდი – მგონი რომ ესაა პროფესიონალიზმი, მოამზადო სიუჟეტი იქ, სადაც ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია და შენი აუდიტორიისთვის აქამდე უცნობ თემას ნათელი მოჰფინო. თუმცა, ეკა ქადაგიშვილმა ეს შეძლო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია, რუსთავი 2 დატოვა, საზოგადოების ცნობიერებაში დღესაც ამ ტელევიიზის ჟურნალისტად რჩება. თუმცა, ნელ-ნელა “Movement-ის ეკაც” ხდება. ტელევიზიის ჟურნალისტიდან ამბის მთხრობელ ჟურნალისტად იქცა და ახლა საინტერესო თემებს საინტერესო გზით აშუქებს.

ეკატერინე ქადაგიშვილი Spotlight 2019-ის სპიკერია და ერთიანობაზე თავისი გადმოსახედიდან ისაუბრებს. თუმცა, მანამდე ეკა საკუთარი ცხოვრების შესახებ ჩვენ გაგვესაუბრა:

ეკა ქადაგიშვილი დღეს

დღეს ეკა ქადაგიშვილი არის ამბების მთხრობელი, თუმცა, 3 წლის წინ რომ დაგესვათ ეს კითხვა, გეტყოდით, რომ ვარ ჟურნალისტი და პროდიუსერი. ეს პროფესიები არ შემიცვლია, თუმცა, Movement-მა ბოლო დროს ამბების მთხრობელად უფრო მაქცია. დღესდღეობით ასევე ვხელმძღვანელობ მულტიმედია განათლების ცენტრს, რომელიც არის ჟურნალისტების განათლების ცენტრი.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, მთელი ჩემი ბექგრაუნდი ჟურნალისტიკას უკავშირდება, ალბათ იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს, სულ ეს პროფესია მინდოდა და მიყვარდა.

ბავშვობა

და-ძმა არ მყავს, თუმცა, ბავშვობაში ჩემს მეგობართან ერთად ვიზრდებოდი – დებივით ვიყავით. არც მახსოვს, როდის გავიცანი – ღრმა ბავშვობიდან ჩვენი სამყარო გვქონდა და ამ სამყაროში მყოფებს გარესამყარო გვეუცხოებოდა. რაღაცნაირად, არ გვიყვარდა, როცა ჩვენი სამყარო ირღვეოდა ხოლმე. ერთნაირი ინტერესები გვქონდა – სულ რაღაც ახალს ვეძებდით და სათამაშოებით თამაში არასდროს გვაკმაყოფილებდა. მაგალითად, მახსოვს, რომ მუსიკის ფონზე სპექტაკლებს ვდგამდით, ვცეკვავდით ბალეტს, ვირგებდით მსახიობების, მომღერლების როლებს. სამყაროს ჩვენებური აღქმა გვქონდა – სულ რაღაც ახალს ვეძებდით და პრინციპში, სწორედ ეს იქცა მომავალში ჩემს პროფესიად.

განათლება და პროფესია

ჟურნალისტობა – როგორც პროფესია, არ მახსოვს, რატომ და როგორ ავირჩიე, მგონი რომ, სულ ყოველთვის, თავისთავად მინდოდა ის. ჟურნალისტად მუშაობა 13-14 წლიდან დავიწყე გაზეთში “7 დღე”, პატარ-პატარა სტატიებს ვწერდი. ასევე, მახსოვს, 90-იანების დასაწყისში რუსთავი 2-ს ვუყურებდი, მომწონდა იქაური ტემპი, მისთვის დამახასიათებელი ჟურნალისტიკის ფორმა და ერთგვარად სწორედ ამ არხმა გამიმძაფრა სურვილი, ჟურნალისტი გავმხდარიყავი.

თუმცა, ბაკალავრზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ-ბერძნული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე  ჩავაბარე. ამის შემდეგ უკეთ მივხვდი, რომ არ მსურდა ფილოლოგობა და მასწავლებლობა და რომ აუცილებლად ჟურნალისტიკაზე უნდა გამეგრძელებინა სწავლა.

დავიწყე მუშაობა ინგლისურენოვან Georgian Times-ში და აქ გატარებული ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გავიზარდე პროფესიულად. შემდეგ უკვე მაგისტრატურაზე ჯიპაში, მედიამენეჯმენტის სკოლაში ჩავაბარე. სწავლის პერიოდში დავდიოდი მაესტროსა და მეორე არხში იმისთვის, რომ მენახა და გამეგო, რა არის ტელევიზია. სწორედ ჯიპა გახდა ჩემი ჟურნალისტური მომავლის ერთგვარი პლატფორმა, რადგანაც აქედან დავიწყე რუსთავი 2-ში მუშაობა.

ჯიპადან რუსთავი 2-ში

ჯიპას დამთავრების შემდეგ მალევე წავედი რუსთავი 2-ში, ჩვენმა დეკანმა, მაია მიქაშავიძემ რამდენიმე სტუდენტს გვითხრა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურს კადრები სჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, ამ იდეით თავიდან ვერ მოვიხიბლე, რადგანაც ჯიპაში სწავლის დროს ნანახი მქონდა მათი სამუშაო გარემო და თანამშრომლები. ყველაფერი ეს იმდენად საშიში მეჩვენა, რომ ვიფიქრე, აქ ვერასდროს დავიწყებდი მუშაობას.

თუმცა, გამოცდილების მისაღებად მაინც დავთანხმდი დეკანის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას – ვფიქრობდი, რომ ჩემი აქ “მოღვაწეობა” რამდენიმე თვე გაგრძელდებოდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ რუსთავი 2-ს 10 წელი შევრჩი.

ჩავერთე საქმეში და სწორედ ის ხალხი დამეხმარა ყველაზე ძალიან, რომელიც თავდაპირველად საშიში მომეჩვენა. ზღვაში გადაგდებას ჰგავდა ეს ყველაფერი, მაშინ, როცა ცურვა საერთოდ არ ვიცოდი – თუმცა, მაინც გავცურე..

საბოლოო ჯამში, ძალიან შემიყვარდა რუსთავი 2 და თუ მე დღეს რამეს წარმოვადგენ, სწორედ აქ მიღებული გამოცდილების დამსახურებაა.

ვამაყობ?

დღემდე, ალბათ, ყველაზე მეტად რითიც ვამაყობ, ისაა, რომ რასაც ვაკეთებ, კეთილსინდისიერად ვაკეთებ, ყველანაირი ეთიკისა და ნორმის დაცვით. ვამაყობ იმითაც, საკმაოდ სენსიტიური თემების გაშუქების შედეგად პროფესიულად ძალიან გავიზარდე. ჩემი აზრით, არასდროს დამირღვევია ადამიანის უფლებები ჟურნალისტური საქმიანობის დროს, რადგანაც ამაზე თითქმის ყოველთვის ვფიქრობდი და ვზრუნავდი. უბრალოდ მინდოდა, ინფორმაცია მიმეწოდებინა ხალხისთვის და მათ ეს ინფორმაცია რაღაცნაირად დახმარებოდათ.. მაგალითისთვის, უამრავი გაჭირვებული ყოფილა, ვისი ცხოვრებაც ტელევიზიით გაშუქების შემდეგ შეიცვალა..

მეამაყება, ალბათ, ისიც, რომ არ დავრჩი ლოკალურ დონეზე და 2006-2007 წლიდან უკვე ვაშუქებდი საერთაშორისო ამბებსაც. ბევრი უცხოური ამბის გაშუქებიდან უფრო მეტად გამოვარჩევდი 2014-2015 წლებში გაკეთებულ გადაცემას “ევროტური”. რუსთავი 2-ში მუშაობისას, მე და ჩემმა მეუღლემ ევროკავშირის 27-ივე ქვეყანა მოვიარეთ და ისინი ქართველ მაყურებელს გავაცანით. ვაშუქებდით არა იმ კუთხით, რომ ეს ძალიან კარგი ქვეყნებია და ევროკავშირში ძალიან კარგია, არამედ ვსაუბრობდით იქ არსებულ პრობლემებზე, ამ პრობლემების მათ მიერ შემუშავებულ დაძლევის ხერხებზე, რაც მთავარია, ვაშუქებდით რეალობას და ვცდილობდით, მოგვერღვია სტერეოტიპი, რომ ევროპა ქართველობას გვართმევს – პირიქით, შევეცადეთ, მათი ტრადიციები და კულტურა გვეჩვენებინა აუდიტორიისთვის.

სწორედ ამ პროექტის შემდეგ ვიგრძენი ხალხის დიდი სიყვარული. მივხვდი, რომ არამხოლოდ მცნობდნენ სახეზე, როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, არამედ იცოდნენ, რასაც ვაკეთებდი და მოსწონდათ ეს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ზუსტად ესაა მთავარი, როცა ჟურნალისტი ხარ – ხალხს ახსოვდეს არა მარტო შენი სახე, არამედ შენი საქმიანობა და მათში ემოციას იწვევდე.

ახლა რომ ვუკვირდები, საკმაოდ ბევრი ბრძოლა გადავიტანე და ვერ ვიტყვი, რომ ყველა მოვიგე – ხშირად ვმარცხდებოდი, მაგრამ ხშირად ვიგებდი კიდეც. რუსთავი 2-ში ყოფნისას ბევრი ისეთი თემა გავაშუქე, რომლებზეც ალბათ ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ გავაშუქებდი. ერთგვარად შევძელი, დამერღვია მშვიდი ცხოვრება და არამშვიდ საქმიანობას შევუდექი..

ვერ იქნები კარგი ჟურნალისტი, თუ..

თუ არ გაქვს უნარი, ოდნავ უფრო განსხვავებული თვალით დაინახო ადამიანები, დაინახო ფაქტები, ვიდრე მათ ზოგადად ხედავენ, არ გაქვს უნარი, შეაფასო კადრი, იმუშაო სხვასთან ერთად (თუნდაც ოპერატორთან, პროდუსერთან ერთად..), ასევე, თუ არ გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა თითოეული მოქალაქის მიერ, რომ რასაც იტყვი, სიმართლე იქნება, ალბათ ჟურნალისტი ვერ იქნები.

ძალიან სწორი გადაწყვეტილება

ალბათ დღესდღეობით ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად 2017 წელს რუსთავი 2-დან წამოსვლას აღვიქვამ. ბოლოს უკვე მივხვდი, რომ იქაურობა ჩემთვის კომფორტის ზონა გახდა და პროფესიულად ვეღარ ვიზრდებოდი. ჩემთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ახალს ვაკეთებდე. ხელმძღვანელად მუშაობაც სწორედ ამიტომ დავიწყე მულტიმედია განათლების ცენტრში და, ასევე, ჩემს მეგობართან, ანანო ბაკურაძესთან ერთად შევქმენი Storytelling პლატფორმა Movement. ყველაფერი ეს ერთგვარი რისკი იყო, რადგანაც დავთმე სტაბილური სამსახური და შევუდექი არც თუ ისე “მუდმივ” სამსახურში მუშაობას. თუმცა, მაინც შევძელი, ეს ნაბიჯი გადამედგა და 2017 წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყე.

Movement

სულ ძიებაში ვართ.. ვფიქრობთ ვიზუალიზაციისა და თხრობის ახალ ფორმებზე. ვცდილობთ, სხვადასხვა მედიის მიერ გაშუქებული ადამიანები საზოგადოებას სხვა კუთხით გავაცნოთ. გვინდა, რომ ეს “სხვა კუთხე” უფრო და უფრო განვავითაროთ და გავზარდოთ.

ამ საქმეში კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ არ ხარ სხვებისნაირი მედია, არ ხარ ჩარჩოებში მოქცეული და ეს შენ პირადადაც გზრდის. საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას – 2017 წლის შემდეგ პროფესიული და პიროვნული კუთხით ძალიან გავიზარდე.

Movement-ში მომწონს ისიც, რომ ვართ ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი – მე და ანანო, და რაღაცნაირად ვახერხებთ, ერთმანეთი შევავსოთ, სხვადასხვაგვარი ხედვები გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთად მივიდეთ შედეგამდე. მე რომ მარტო ვიყო, მგონია რომ, არ გამომივიდოდა ისეთი საინტერესო სიუჟეტები, როგორებიც ახლა გამოგვდის.

ჰობი

ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და ხშირად ვიღებ კიდეც ფოტოებს მოგზაურობისას – მოგზაურობაც ჩემი ერთგვარი ჰობია. საკმაოდ მიყვარს მოდაც, იმდენადაც კი, რომ ჩემმა დიზაინერმა მეგობარმა მირჩია, მოდის ბლოგები მეწერა, თუმცა, მგონი რომ, ამ საქმიანობას სერიოზულად მაინც ვერ მივუდგებოდი..

კითხვა, რომელზეც პასუხს ვისურვებდი

რაღაცნაირად სულ ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ წლიდან წლამდე ძვირფასი ადამიანები მიდიან იმქვეყნად. და ლოგიკურად ბევრი ასეთი ადამიანის მიმართ მიჩნდება კითხვა: “კი მაგრამ, სად ხარ?”, ანუ სად მიდიან ის ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ მიდიან ჩვენგან? სულ მაინტერესებს ეს და ლოგიკურია, რომ ალბათ ოდესმე პასუხს გავიგებ.

საით?

დიდი სურვილი მაქვს, საზღვარგარეთ ვისწავლო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა შვილი მყავს და ჩემი მეუღლეც აქ მუშაობს, ჯერჯერობით, ცოტა რთულია ამის განხორციელება. ყველაზე მეტად, რაც ახლა მინდა, ისაა, რომ Movement-ი საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდეს და არ იყოს მხოლოდ ლოკალური. სწორედ ამიტომ, ხშირად ვაკვირდები სხვა, უცხოური, მსგავსი პლატფორმების გამოცდილებებს, რომ ისინი Movement-ს მოვახმარო.

რაღაცნაირად შვილივით გვყავს Movement-ი – სულ ვზრდით..

ბიოგრაფია, როგორც

ჩემი ბიოგრაფია ერთი დიდი აღმოჩენაა, რადგანაც მართლა სულ აღმოჩენებში ვიყავი, სულ რაღაც ახალს ვაკეთებდი.. წლები ვიმუშავე ტელევიზიაში, მაგრამ იქაც ბოლომდე ახალ-ახალ თემებზე ვმუშაობდი. ვფიქრობ, რომ რაც აქამდე გამოვიარე აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა იყო და, ალბათ, სწორედ ამან ჩამომაყალიბა იმად, ვინც დღეს ვარ.

ერთიანობა

როცა გავიგე, რომ Spotlight-ის თემა ერთიანობა იქნებოდა, პირველი, რაც თავში აზრად მომივიდა, იყო ის, რომ ყველაფერს, რასაც ზოგადად ცხოვრებაში ვაკეთებდი, ვაკეთებდი სხვებთან ერთად.

მგონია, რომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი – შეიძლება, დამოუკიდებლად ძალიან ძლიერი პიროვნებები ვიყოთ, ძალიან მაგარი პროფესიონალები ვიყოთ, მაგრამ მარტო მაინც ვერაფერს გავაკეთებთ. ერთიანობა არის ცხოვრება, ერთიანობა არის კარიერა, ერთიანობა არის პროფესია, ერთგულება და კიდევ ძალიან ბევრი რამ. და მე მგონია, რომ თუ ვინმე შეიძლება, რომ წარუმატებელი იყოს, ისაა ვინც სხვებთან ერთად, ერთიანად ვერ აკეთებს რაიმეს.

და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ერთად, ერთიანობაში იბადება ყველაზე მაგარი იდეები. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა