3
May
2017

ეკატერინე ჟვანია – #პირველისამსახური

3 May 2017

ჩემი 17 წლიანი სამუშაო გამოცდილება 18 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მეორე კურსის სტუდენტმა საქმიანი შემოთავაზება მივიღე. ეს იყო კომპიუტერული კომპანიების ბუმის პერიოდი, მეც არ ჩამოვრჩი ამ ტენდენციას და იმ დროისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიაში „აკრონი“ გაყიდვების მენეჯერად დავიწყე მუშაობა, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით. 2000 წლის სექტემბერში, პირველივე სამუშაო დღეს ვეზიარე უამრავ ტექნიკურ დეტალსა და სიახლეს. ამ სფერომ ძალიან მომხიბლა, მოკლე დროში ავუღე ალღო ყველაფერს. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე მგონია, რომ სწორედ მონდომება და ინტერესია მთავარი მოტივატორი იმისათვის, რომ აბსოლუტურად უცნობი სფეროც კი შენთვის ყველაზე ახლო და საინტერესო გახდეს. მუშაობის პროცესში კონტაქტი მქონდა უამრავ ადამიანთან, კონსულტაციას ვუწევდი და ჩემს „ექსპერტულ“ აზრს ვუზიარებდი, რის შემდეგაც ჩვენი აწყობილი კომპიუტერები დიდი წარმატებით იყიდებოდა. ამ ენთუზიაზმით სამი წელი ვიმუშავე. ჩემი სამსახური ჩემი მეგობრების თავშეყრის ადგილიც გახდა და ყველა, მენეჯმენტის ჩათვლით, ერთ დიდ სამეგობროდ ჩამოვყალიბდით.

პირველი სამსახური იყო კარგი ტრამპლინი, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება და საუკეთესო მოგონება როგორც ჩემთვის, ისე ჩემი მეგობრებისთვის. 18 წლის ასაკში მომეცა საშუალება, მიმეღო დიდი გამოცდილება, გამევითარებინა ყველა საჭირო უნარი და გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ. ხოლო ყოველი მომდევნო სამსახური ჩემს „დააფდეითებულ“ ვერსიას “უშვებდა”.

ეკატერინე ჟვანია – პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  საკონსულტაციო ჯგუფ  ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი.

განხილვა