in

ემოციური ალიაქოთის წამალი Eko & Vinda Folio-სგან


დიდხანს გელოდით.

სულ მალე ქართველ მსმენელსაც ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს და მოისმინოს ქართული პოსტ-პანკ დუეტის, Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომი „თერაპია“, რომელიც ფრანგულ ლეიბლზე Talitres-ზე გამოვიდა.

ბენდმა 3 წლის წინ, ამავე ლეიბლზე უკვე გამოუშვა მინიალბომი „შენ ანათებ“. საბედნიეროდ, საკმაოდ წარმატებულ ლეიბლთან თანამშრომლობა ამით არ დამთავრებულა და სექტემბერში დუეტი ოფიციალურად გამოუშვებს თავისი შემოქმედების შემაჯამებელ ნამუშევარს. ქართველი მსმენელი დუეტის შემოქმედებას აგერ უკვე 7 წელია ადევნებს თვალს, თავდაპირველად ექსპერიმენტის დონეზე აგებულმა თანამშრომლობამ წლებს გაუძლო და მეტიც, ქვეყნისთვის შესაშური მუსიკალური პროექტიც შექმნა. მაშინ, როდესაც აკუსტიკური მუსიკის როლი თითქოს მეორეხარისხოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოში და იგივე გავლენით საქართველოშიც, ერთგვარი რისკია ამ ველში შემოსვლა, რისკი რომელიც ამ შემთხვევაში გამართლებული აღმოჩნდა.

 

ყველა ერას თავისი დამახასიათებელი მუსიკალური ჟღერადობა გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-პანკ ჟღერადობის აღმასვლამ მცირე ხანს გასტანა 80-იან წლებში, რამდენიმე ბენდი კვლავ აგრძელებს ამ ტრადიციას, თან საკმაოდ წარმატებულადაც. მათ რიგებში უნდა ვიმედოვნოთ, რომ ქართული დუეტიც მალე ჩაიწერება.

ქართულად სიმღერა შესაძლებელია და მეტიც, უკეთესიც გამოდის – სხვა მრავალ სათქმელთან ერთად, ამ ალბომის ერთ-ერთი გზავნილი ესეცაა, ნაწილობრივ ალბათ კოლეგების მიმართაც.

ალბომის ტრეკები თავდაპირველად სულაც არ ყოფილა ერთმანეთის შესავსებად განსაზღვრული. თითოეული სხვადასხვა პერიოდში, განსხვავებულ ემოციურ ტალღაზე შეიქმნა, მაგრამ ყველა მათგანს Vinda-ს  საგიტარო პარტიები და ეკოს ყოველთვის შესამჩნევი, ღრმა ხმის ტემბრი აერთიანებს.

ალბომის თემატიკა თავიდანვე შესამჩნევია – სიყვარული და სოციალური პროტესტი  ორივე მათგანის ცხოვრებაში ყოველთვის აქტუალური იყო, რისი გადმოტანაც მუსიკაში და შემდეგ მსმენელისთვის მიწოდება, არცერთისთვის რთული არ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ორი ადამიანის განცდებს უყრის თავს, პერსონაჟი მაინც ერთია, რომლის ცხოვრებაშიც არსებული კრიზისები და მნიშვნელოვანი მოვლენები, მთელ თაობას გასდევს ასოციაციურად და 40 წუთის განმავლობაში იხატება.

ალბომი იგივე სახელიწოდების კომპოზიციით იწყება. „ნუ მალავ შიშებს, შიშველს რომ გიშვებს, ეს გზა ვისთან მიგიყვანს, არ ვიცი როდის მივალ, სხვა გზებით დავდივარ…“ – ნათლად მიუთითებს იმ გაუგებარ მდგომარეობაზე, რაც სიმღერის სუბიექტსა და ადრესატს შორის არსებობს, ემოციური ალიაქოთის ერთადერთი წამალი – თერაპიაა, მისი ბუნება და ხასიათი კი  სიმღერის მისამღერშია აღნიშნული.

 

ვნებიანი „უსასრულოდ“ მსმენელს უსასრულოდ ითრევს გრძნობათა ზღვის მორევში. „აღარ თვლემს სიყვარული, მე მოვედი შენთან…“ – განახლებული გრძნობები პერსონაჟისთვის ახალი სასიცოცხლო ენერგიის, მსმენელისთვის კი იმედის მომცემია, რომ სუბიექტი გადალახავს სირთულეებს, ზღვის წინაღობებს და მიაღწევს საწადელს.

ალბომში, ჩემთვის ფავორიტი და ყველაზე კაშკაშა კომპოზიცია, მაინც „მშვიდ სიარულსაა“. „უსასრულოდ შორს, სადაც მზეც კი არ ათბობს, მე შენ გინახავ ამ  საიდუმლოს…“ – რთულია დაშორების შემდეგ მიღებული ემოციური დანაკლისის მიღება, გაუგებარია რატომ ვერ ხერხდება არსებული კავშირის შენარჩუნება, მიუხედავად არსებული და აშკარა კავშირისა, ურთიერთობა რთულდება, გამოსავალი კი არ ჩანს. ჩიხურ მდგომარეობას ვინდა, თავისი ხავერდოვანი და რბილი ხმით აღწერს.

„ვეღარ ვიპოვეთ ჩვენ ის სიმღერა ერთი, ვეღარ ვიპოვეთ ის სახლი ერთი, ვეღარ ვიპოვეთ ჩვენ ის სამყარო ერთი…“ –  შემდეგ ტრეკში ურთიერთობის ტრაგიზმი გრძელდება. ორივე აცნობიერებს, რომ სიმშვიდე მხოლოდ ერთად ყოფნის შემთხვევაში დაისადგურებს, თუმცა ესეც შორეული პერსპექტივა ჩანს.

„ნისლიანში“ ურთიერთობის მომავალი უფრო უფერული ჩანს.  „უხილავი სამყაროს ბინადარია, როცა შენი სიტყვა მზის სადარია…“.  „ემოციური ტყვეობით“ ალბომში სრულიად განსხვავებული ატმოსფერო იკავებს დომინაციას. ცივი და პირქუშ ინსტრუმენტალს, ეკოს ვოკალური პარტია უფრო ამძაფრებს

„მე როგორც ბგერა“-ში მოლოდინი შემდგომი შეერთების მიმართ უფრო თვალსაჩინო ხდება: „თითქოს ხარ და არახარ, მე ყველაფრისთვის მზადავარ, სადახარ…“. მიუხედავად სირთულეებისა, ცალკე დგომა გამოსავალი არ არის, ძვირფასი კავშირის შენარჩუნება შესაძლებელია, ამისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს.

ალბომის ბოლო ორი კომპოზიცია სრულიად განსხვავებული თემატიკისაა, ერთი მათგანი გარე სამყაროსკენაა მიმართული, ბოლო კი ინტროსპექტულია და საკუთარი თავის შეცნობის გზით რ_ევოლუციურ ცვლილებებისკენ მოგვიწოდებს. ესეც გაივლის და სიმშვიდე ისევ თავის ადგილს დაიკავებს.

საერთო ჯამში, ალბომის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ვინდა ფოლიოს ვოკალური ტალანტის სანახევროდ, თუმცა აშკარა წარმოჩენას აღვნიშნავდი. მისი სოლო და დართული ვოკალური პარტიები კიდევ უფრო ამდიდრებს დუეტის ლირიკულ თუ მუსიკალურ მხარეებს. ასევე შესამჩნევია, რომ აღნიშნული ალბომით ორივემ თავი მოუყარა და დაასრულა ბენდის პირველი და საკმაოდ პროდუქტიული ეტაპი. იმედი ვიქონიოთ, რომ მათიურთიერთობების და მუსიკის მომავალი, განსხვავებული და დადებითი იქნება იქნება.

 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი


ჯუზეპე ვერდის ფესტივალი დასრულდა – დასკვნით კონცერტებს „ბლექ სი არენამ” უმასპინძლა

სისხლის ანალიზით, შესაძლოა, თქვენი გარდაცვალების დრო გაიგოთ