ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ უფრო აშკარად და მკაფიოდ დაიწყო ეკომეგობრულობაზე საუბარი, თუმცა ჩვენ, როგორც ინდივიდები, მაინც ვერ ვგრძნობთ ჩვენს გავლენას გარემოზე. ჩვენ მიერ გამოყენებული თითოეული ნივთი შეიძლება იყოს ზიანის მომტანი, ამიტომ მეტი ცნობიერებით, ნამდვილად შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა.
შეიძლება არ იცოდით, რომ ყოველდღიური გამოყენების ნივთებს შესაძლოა თავისი ალტერნატივა ჰქონდეს. მოდი, ამ სტატიაში განვიხილოთ ისინი.
მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლები ერთჯერადი წინააღმდეგ
პლასტმასით დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარჩენია წყლის ერთჯერადი ბოთლები. კვლევების მიხედვით, მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 50 მილიარდზე მეტი პლასტმასის ბოთლი გამოიყენება, რომელთა უმეტესი ნაწილი არ გადამუშავდება. უჟანგავი ფოლადისგან ან მინისგან დამზადებულ მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლზე გადასვლა ერთ-ერთი აუცილებელი გამოსავალია პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ალტერნატივა არა მხოლოდ ბუნებისთვისაა სასარგებლო, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც.
ნაჭრის ჩანთები პლასტიკის წინააღმდეგ
პლასტიკისგან დამზადებული პარკები და ჩანთები ნაგავსაყრელებისა და ოკეანეების დაბინძურების მთავარი წყაროა. თუკი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთაზე გადავალთ, შევამცირებთ მათ მოხმარებას და ეფექტურ სარგებელს მოვუტანთ გარემოს. ისინი ბევრად კომფორტული და გამძლეც არის და ამით ხელს შეუწყობთ მდგრად მომავალს.
კომპოსტირებადი ტუალეტის ქაღალდები ჩვეულებრივი საშუალებების წინააღმდეგ
ჩვეულებრივი ჰიგიენის საშუალებები ხშირად მზადდება მასალებისგან, რომლებიც ხელს უწყობს ტყეების განადგურებასა და პლასტმასის დაბინძურებას. ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები, როგორიცაა ბამბუკის ტუალეტის ქაღალდი, ბიოდეგრადირებადია. ამ პროდუქტებზე გადასვლა ამცირებს პლასტმასის ნარჩენებს და ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას.
ბუნებრივი დასუფთავების პროდუქტები ქიმიურ საწმენდი საშუალებების წინააღმდეგ
ტრადიციული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ხშირად შეიცავს უხეშ ქიმიკატებს რომლებსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს როგორც გარემოს, ასევე ჩვენს ჯანმრთელობას. ეკოლოგიურად სუფთა საწმენდ ხსნარებზე გადასვლა, როგორიცაა ძმარი, საცხობი სოდა და ეთერზეთები, შეიძლება იყოს ბევრად ეფექტურიც და უსაფრთხოც გარემოსთვის. ასევე, არსებობს მრავალი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი ბრენდი, რომელიც იყენებს ბიოდეგრადირებად ინგრედიენტებს და არატოქსიკურ შეფუთვას. შეგიძლიათ, მოიძიოთ ისინი ინტერნეტში.
მდგრადი მოდა სწრაფი მოდის წინააღმდეგ
სწრაფი მოდა ცნობილია დაბალხარისხიანი და ზოგჯერ ზიანის მომტანი წარმოების პრაქტიკით. მაშინ, როცა მდგრადი მოდა პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურ მასალებს, ეთიკურ წარმოებას და ხანგრძლივი მოხმარების პერსპექტივას.
შესაბამისად, როცა ჩვენ ვირჩევთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან დამზადებულ ტანსაცმელს, თავისთავად ვეხმარებით ჯანსაღი გარემოს შექმნას.
ასევე, რეკომენდაციების სიაშია მეორადი ტანსაცმლის გამოყენებაც, რომელიც ამცირებს ნარჩენებს და მხარს უჭერს წრიულ მოდას.
ელექტროსაპარსები ერთჯერადის წინააღმდეგ
ერთჯერადი საპარსები არის კიდევ ერთი ყოველდღიური ნივთი, რომელიც ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენების გამრავლებას. მათ ნაცვლად იფიქრეთ ელექტრო ან ისეთ საპარსზე, რომელსაც ლითონის პირები ეცვლება. ზოგიერთი ბრენდი უკვე თავად იღებს ამ პასუხისმგებლობას გვთავაზობს საპარსებს, რომლებიც დამზადებულია მდგრადი მასალებით და აქვს მრავალჯერადი გამოყენების პირები.
ეკომეგობრული ოფისები
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თითოეულმა კომპანიამ, ოფისმა იზრუნოს ალტერნატივების მოფიქრებაზე. ქაღალდის, წყლის დისპენსერებისა და ერთჯერადი ჭურჭლის მომხმარების ნაცვლად ოფისებს შეუძლია ციფრული ფაილების გამოყენება, მრავალჯერადი ჭურჭლის მოხმარება, რომელსაც ჩვეულებრივ გარეცხავენ და მეორე დღეს ისევ მოიხმარენ, აგრეთვე, უკვე არსებობს ეკომეგობრული დისპენსერები წყლისთვის, რომელიც აღარ იყენებს პლასტმასას.
საყოფაცხოვრებო ნივთები
სახლის პირობებში უამრავ პროდუქტს მოვიხმართ, რომლებიც შემდეგ ნაგავსაყრელებზე ხვდება და აბინძურებს გარემოს, რადგან მათ გადამუშავებას წლები სჭირდება. მაგალითად:
- შეგვიძლია, შევცვალოთ ქაღალდის ხელსახოცები ქსოვილით;
- პლასტმასის ჯაგრისები ხისგან დამზადებულით; გაზეთების მაგივრად გადავიდეთ ონლაინმედიაზე;
- მისალოცი ბარათების ნაცვლად ელექტრონული ბარათების უამრავი ალტერნატივა არსებობს ლამაზი დიზაინით;
- ბავშვებისთვის შევარჩიოთ ხარისხიანი სათამაშოები, რომლებიც დამზადებულია მდგრადი ხისგან, ბამბისგან, მატყლისგან და ლითონისგან…
მწვანე ცხოვრების წესისკენ სწრაფვა არა სასურველი, არამედ აუცილებელია. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევქმნათ უკეთესი პლანეტა ერთი მარტივი ცვლილებით საკუთარ ქცევაში.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.