in

როგორ უნდა გახდეს სასტუმრო ეკომეგობრული და რას უნდა მიაქციოს ყურადღება სტუმარმა

გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა დედამიწაზე მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და სად მუშაობს. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით სასტუმროების როლსაც, რადგან სტუმარმასპინძლობის ბიზნესს ხელის შეწყობაც შეუძლია გარემოსთვის და შეშლაც. ორიენტირი ეკომეგობრულობაზე კი არა მხოლოდ პლანეტას გადაარჩენს, არამედ თავად ამ სასტუმროებსაც გაუმყარებს იმიჯს და გაუზრდის ლოიალურ დამოკიდებულებას.

რა შეიძლება გააკეთონ მათ ამისთვის? ერთად ვნახოთ, რა რეკომენდაციებს აძლევენ სასტუმროებს გარემოს დამცველები და როგორი პრაქტიკა არსებობს ამ კუთხით.

ენერგოეფექტურობა

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რისი გაკეთებაც ნებისმიერ სასტუმროს შეუძლია, არის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ამის მიღწევა შესაძლებელია LED განათების დაყენებით, მოძრაობის სენსორების გამოყენებით საერთო ადგილებში და ენერგოეფექტურ მოწყობილობებში ინვესტიციით. 

ბევრი ეკოლოგიურად ცნობიერი სასტუმრო ასევე ინვესტიციას ახორციელებს ჭკვიან თერმოსტატებში, რომლებიც ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურას, როდესაც ოთახები არ არის დაკავებული, რაც მინიმუმამდე ამცირებს დახარჯულ ენერგიას.

წყლის კონსერვაცია

სასტუმროები მოიხმარენ დიდი რაოდენობით წყალს ნომრებისთვის, სამრეცხაოების, გამწვანებისა და სასადილო სერვისებისთვის. ეკოლოგიურად სუფთა სასტუმროები სულ უფრო ხშირად იყენებენ წყლის დაზოგვის ტექნოლოგიებს, როგორიცაა დაბალი დინების საშხაპეები, ონკანები და ტუალეტები. ზოგიერთი სტუმრებს პირსახოცებისა და თეთრეულის ხელახლა გამოყენების შესაძლებლობასაც კი სთავაზობს, რაც ამცირებს ხშირი რეცხვის საჭიროებას. გარდა ამისა, წყალგაუმტარი სარწყავი სისტემები ეხმარება სასტუმროებს წყლის ეკონომიურად მოხმარებაში, გარდა ამისა, ისინი ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება.

მდგრადი სამშენებლო მასალები და დიზაინი

ეკოლოგიურად სუფთა სასტუმროდ ჩამოყალიბების ნაწილია სწორი სამშენებლო მასალებისა და პრაქტიკის დანერგვაც. მწვანე სახურავები, მზის პანელები და ენერგოეფექტური იზოლაცია დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია, ხოლო დიზაინში გამოიყენება გადამუშავებული მასალები, რაც გთავაზობთ უნიკალურ და მდგრად ესთეტიკას.

ნარჩენების შემცირება და გადამუშავება

ნარჩენების მართვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასტუმროებს შეუძლიათ, შეამცირონ ნარჩენები ერთჯერადი პლასტმასის მინიმუმამდე დაყვანითდა უფრო მდგრადი ალტერნატივების არჩევით, როგორიცაა ბამბუკი, მინა ან კომპოსტირებადი მასალები. გარდა ამისა, სასტუმროებმა ხელი უნდა შეუწყონ სტუმრის სოციალურ პასუხისმგებლობასაც, კერძოდ, სათანადოდ აღჭურვონ ყველა ნომერი ურნებით, რომლებზეც იქნება სპეციალური ეტიკეტები. ამასთან, ბევრი ეკოლოგიურად სუფთა სასტუმრო ასევე აგროვებს ორგანულ ნარჩენებს თავისივე რესტორნებიდან, რაც ამცირებს ნაგავსაყრელის მოხვედრას.

ადგილობრივი პროდუქტები

მდგრადობა ვრცელდება სასტუმროებში მოწოდებულ საკვებსა და სასმელებზეც. სასტუმროებს შეუძლიათ შეამცირონ გარემოსდაცვითი კვალი ადგილობრივი ინგრედიენტების მოპოვებით, ორგანული მეურნეობის მხარდაჭერით და საკუთარი წარმოებით. ეს გზები ამცირებს ნახშირბადის გამონაბოლქვს, რომელიც დაკავშირებულია ტრანსპორტირებასთან, მეორე მხრივ კი, მხარს უჭერს ადგილობრივ ეკონომიკას.

ეკოსერტიფიკატები

იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი მდგრადობის პრაქტიკა შეესაბამება სტანდარტებს, ბევრი სასტუმრო იღებს ეკოსერტიფიკატებს, რომლებიც ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ სასტუმრო აკმაყოფილებს სპეციფიკურ გარემოსდაცვით კრიტერიუმებს.

რას უნდა მიაქციონ სტუმრებმა ყურადღება

რამდენადაც მოგზაურები უფრო ეკოლოგიურად ცნობიერნი ხდებიან, აუცილებელია, მათ იცოდნენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება სასტუმროში. 

მდგრადობაზე ორიენტირებული სასტუმროები ხშირად იძლევიან ინფორმაციას ნარჩენების გადამუშავებისა და სხვა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ თავიანთ ვებსაიტზე ან სასტუმროს ნომერში დატოვებულ ბროშურებზე. მიაქციეთ ყურადღება ოთახისა და აბაზანის კეთილმოწყობას. ეკოლოგიურად კეთილგანწყობილი სასტუმროები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ტუალეტის საშუალებების ხელახლა შემავსებელ დისპენსერებს ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების ნაცვლად. აბაზანაში მოძებნეთ წყლის დამზოგავი მოწყობილობები, როგორიცაა დაბალი დინების საშხაპეები და ონკანები. თუ ამ ყველაფერს იპოვით, ესე იგი, სწორ სასტუმროში ხართ.

შეჯამებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმარს ზოგადად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სასტუმროს ეკომეგობრულობაზე. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ რომელიმე სასტუმროში, სადაც გაჩერდებით, არ იცავენ მდგრად პრინციპებს და ხელს არ უწყობენ გარემოს განვითარებას, თამამად შეგიძლიათ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება ან აღნიშნოთ ეს უკუკავშირში. ამით წვლილს შეიტანთ უკეთესი სამყაროს შექმნაში, სადაც ყველას გააზრებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა პლანეტის წინაშე.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები – „მეტროპოლის“ პროექტები ბათუმში

Sotheby’s – იშვიათი წიგნების გაყიდვიდან ყველაზე პრესტიჟულ აუქციონამდე