გლობალური დათბობის პირობებში მდგრადობა არჩევანი კი არა, საჭიროება გახდა. შედეგად, ტრენდებშიც პრიორიტეტი ეკომეგობრულ პროდუქტებს ენიჭება, აქცენტი კი რესურსების სწორ მოხმარებაზე, ნარჩენების შემცირებასა და მდგრადობაზე კეთდება. დროა, იმ მასალებზეც ვთქვათ უარი, რომელთა დამზადება საწვავს საჭიროებს, რათა ასე დედამიწის ბუნებრივი ციკლი არ ავრიოთ… უპირატესობა ბუნებრივ, ბიომასალებს უნდა მივანიჭოთ. ქვემოთ კი დიზაინის იმ 5 ტრენდს გაგაცნობთ, რომლებიც სწორედ ამ რეალობას ასახავს, უბიძგებს ინდუსტრიას, დაიცვას გარემო პროდუქტების შექმნისას და შემოუნახოს რესურსები მომავალ თაობებს…
1. მდგრად შეფუთვაზე გადასვლა
2025 წლის მთავარი ტრენდი სწორედ მდგრადი შეფუთვა იქნება ფოკუსით ეკომეგობრულ მასალებზე, რათა ნახშირბადის რაოდენობა შევამციროთ და არც ნარჩენები შევმატოთ ისედაც გადავსებულ ნაგავსაყრელებს. ამგვარად, ერთჯერადიდან მრავალჯერადი გამოყენების ნივთებისკენ გადასვლას გვირჩევენ. უფრო ზუსტად კი მდგრადი შეფუთვის ტრენდი მოიცავს გადამუშავებად, კომპოსტირებად, ბიოდეგრადირებად ან მცენარეებზე დაფუძნებულ მასალებს, მინიმალისტური დიზაინით, რათა ნარჩენები მაქსიმალურად შევამციროთ.
შეფუთვა რომ უფრო გამძლე იყოს, შეგიძლიათ ორგანული ბამბაც გამოიყენოთ. საკვებისთვის კი ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მიმართოთ, რომლებიც კარტოფილის სახამებელს, ზღვის მცენარეებსა და ბრინჯს მოიცავს. შეგიძლიათ, პლასტმასის სხვა ინოვაციური ალტერნატივებიც მოიძიოთ, მათ შორისაა Notpla — ზღვის მცენარეებისგან შექმნილი ბიოდეგრადირებადი მასალა:
2. პროტოტიპის ვირტუალურად შექმნა
ასე მასალების დანაკარგსა და ენერგიის გამოყენებას აირიდებთ თავიდან, თანაც, ვირტუალურად პროტოტიპის შექმნას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითისთვის, შეგიძლიათ, განსხვავებული კონცეფციები თავისუფლად გამოცადოთ, ხარვეზები ამოიცნოთ და გამოასწოროთ. მეტიც, ეს სრულად იმერსიულ ვირტუალური რეალობის გარემოშიც შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის რეალურ შესაძლებლობებს გაეცნობით და აღარც ფიზიკური ტესტირება იქნება საჭირო.
3. წრიული ეკონომიკის შექმნა
მიზანიც ამ შემთხვევაში გამოყენებული მასალების შემცირება და გადამუშავებაა, რათა ახლის საჭიროება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამასთან, აქცენტი წელს მოდულარულ თუ მოქნილ დიზაინზე გაკეთდება და არც ხელნაკეთი ნივთები დარჩება ყურადღების მიღმა. ამგვარად, წელს თქვენი ამოცანა ნარჩენების ფუნქციურ პროდუქტად გარდაქმნა იქნება.
4. ჭკვიანი ტექნოლოგიის ინტეგრირება
პროდუქტების საწარმოო პროცესში ჭკვიანი ტექნოლოგიების ინტეგრირება ენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. იმგვარ მოწყობილობებს გთავაზობთ, რომლებიც სწორედ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, შესაბამისად, ნახშირბადის ემისიებსაც ამცირებს. აქ კი ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკაც შეგვიძლია, მოვიაზროთ.
5. ბიომასალების გამოყენება
ნარჩენების მართვის მოტივით, წელს ბიომასალების გამოყენება მეტად პოპულარული ხდება — ისინი ნაწილობრივ ან სრულად ბუნებრივი რესურსებით მზადდება, არც წიაღისეულ საწვავს იყენებს და, შესაბამისად, არც გარემოს აზიანებს. ამ მასალის მიღების წყარო ხშირად ცხოველები, ხმელეთისა თუ ზღვის მცენარეებია. ამასთან, ბიომასალები ნაკლებ აქროლად ორგანულ ნაერთებს გამოყოფს, რაც ჰაერის ხარისხზე დადებითად აისახება. მისი გამოყენებისას არც პლასტმასის და არც მიკროპლასტმასის წარმოქმნის საშიშროება გვაქვს, თანაც, უკვე ბევრგან გვხვდება, იქნება ეს სამშენებლო მასალები, ტექსტილი თუ შეფუთვა.
ამგვარად, 2025 წლის დიზაინის მდგრადი ტრენდები მხოლოდ მწვანე პრაქტიკისკენ კი არ გვიბიძგებს, არამედ ჩვენი აზროვნების შეცვლაც აქვს მიზნად დასახული ისე, რომ პლანეტაზე მომავალი თაობებისთვის ვიზრუნოთ…